ავტორი:

"რუსებმა საყვედური უთხრეს, - ის რატომ წაიყვანე, ჩვენი ვერ გახდებოდა ევროპის ჩემპიონიო?" - მშვილდოსან ქეთევან ლოსაბერიძის პორტრეტი და რთული გზა ჩემპიონობამდე

"რუსებმა საყვედური უთხრეს, - ის რატომ წაიყვანე, ჩვენი ვერ გახდებოდა ევროპის ჩემპიონიო?" - მშვილდოსან ქეთევან ლოსაბერიძის პორტრეტი და რთული გზა ჩემპიონობამდე

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქეთევან ლოსაბერიძე გუშინ 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნიჭიერმა და წარმატებულმა ქალბატონმა საინტერესო ცხოვრება განვლო. მასზე გამოცემულ წიგნში "ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ ვკითხულობთ:

  • "მოსკოვში ბოლო ისრის გასროლამდე არც მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ოქროს შევწვდებოდი. მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მწარე გამოცდილება მაიძულებდა ფრთხილად, ყურადღებით, მობილიზებით მომეზიდა მშვილდი და გამარჯვება ნაადრევად არ მერწმუნა. მაშინ, მიუნხენში ასეთი გამოცდილება სულაც არ მქონდა, რადგან ჩემს პირველ საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე გამოვედი“.

ვიდრე მიუნხენში თავის პირველ ოლიმპიადაზე გამოვიდოდა, ქეთევანი მშვილდოსნობაში ვარჯიშის მხოლოდ ოთხწლიან სტაჟს ითვლიდა, მანამდე კი სპორტის ამ სახეობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. არც სხვა რამ სახეობაში ვარჯიშობდა, ზოგადად სპორტი კი ძალიან უყვარდა და ნიჭიერი იყო. განსაკუთრებით მათემატიკურ ფორმულებს ჩაჰკირკიტებდა, თუმცა ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა.

მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ პატარა ქეთევანისგან ოდესმე ან ერთი დადგებოდა, ან მეორე, ოლიმპიური ჩემპიონობა კი მთლად აბსტრაქტული რამ იყო, რადგან ოჯახური და სოფლის პირობები მსგავს ოცნებას ფრთებს უკვეცავდა.

ქეთევანი ტყიბულის რაიონის სოფელ კიროვში დაიბადა. მამამისი ბაგრატ ლოსაბერიძე მთელ რაიონში ცნობილი და დაფასებული კაცი იყო. ბაგრატი მაღაროში ბევრს შრომობდა, რომ ცხრაშვილიანი ოჯახი როგორმე ერჩინა და თავი გაეტანა. ასეთი მონდომებული გარჯა ლენინის ორდენით დაუფასეს, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო გახლდათ. ამიტომაც ბაგრატ ლოსაბერიძეზე, როგორც მოწინავე მუშაზე, გაზეთები ბევრს წერდნენ. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელი გაზეთების ფურცლებზე, მაგრამ ქეთევანის ოლიმპიურ ჩემპიონობას რაც მოჰყვა, მამის სტატიებთან რა მოსატანია. - (წერს წიგნის ავტორი ავთანდილ გურასაშვილი).

"მამას ჩემი გამარჯვებები ძალიან ახარებდა. მედლით დაბრუნებულს რომ დამინახავდა, უმალ სუფრას შლიდა, მეზობლებს ეპატიჟებოდა და მეუბნებოდა, მოდი, ჩემი ვაჟკაცი გოგო, გვერდზე დამიჯექი და მხარი დამიმშვენეო. დედა კი ჩემს წარმატებებს ვერ მოესწრო“...

დედა დიასახლისობდა და შვილებს იყო მიჯაჭვული. მართალია, მშივრები არ იყვნენ და სხვებსაც ეხმარებოდნენ, მაგრამ დალხენილი ცხოვრება სულაც არ ჰქონდათ. ქეთევანი მერვე შვილი იყო. და-ძმები სკოლაში ბეჯითი სწავლით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ქეთევანი მაინც ყველას აოცებდა. თავისი გაუთავებელი მიმატება-გამოკლებებით, გამრავლება-გაყოფებით და ათასნაირი ფორმულებით. მისი თანატოლი გოგონები თუ თოჯინებით ერთობოდნენ, ქეთევანის თავშესაქცევი ციფრებში კირკიტი იყო."

***

სპორტში შემთხვევით მოხვდა. სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, როგორც ჩანს, მათემატიკის სიყვარულმა თავისი გაიტანა. ერთ დღესაც, ერთ-ერთ ლექციაზე, აუდიტორიაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი შევიდა, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა. გაირკვა, რომ მშვილდოსნობის სექციის გახსნას აპირებდა. ჯგუფიდან ხუთი-ექვსი გოგონა აარჩია და სექციაში ჩაწერა.

"ვარჯიში იმ ხუთ გოგონასთან ერთად დავიწყე და 1966 წლის გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავე. ამ გამარჯვებამ სტიმული მომცა და მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე, რომ ამ სპორტისთვის მეტი ყურადღება დამეთმო... მშვილდოსნობა ოლიმპიურ თამაშებს 1972 წელს დაუბრუნდა და მხოლოდ მაშინ მოგვცეს სავარჯიშოდ იარაღები, თორემ, მანამდე ჩვენ მიერ გაკეთებული ჯოხებით და კუსტარულად დამზადებული ისრებით ვვარჯიშობდით“, - ჰყვებოდა ქეთევან ლოსაბერიძე.

  • ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იქვე ლაბორანტად დატოვეს, ვარჯიშს სულ უფრო მეტი დროს უთმობდა. დაიწყო მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, თან, ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა. ასპარეზობა კარგად დაიწყო, გამარჯვების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ერთი ქულით წააგო და მესამე ადგილი დაიკავა.

"ძალიან განვიცადე, ვტიროდი... რთულია, როდესაც მიზანთან ახლოს ხარ და ვერ შეწვდები, ძალიან მტკივნეულია. ამის შემდეგ მალე დავოჯახდი, მქონდა გარკვეული პრობლემები, ვმკურნალობდი და სპორტიდან ცოტა ხნით შესვენება ავიღე. 1980 წელს კი ოლიმპიურ თამაშებში მინდოდა მონაწილეობა და ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობა ძნელი იყო, კარგად მომზადებული უნდა ყოფილიყავი და რუსზე გაცილებით ძლიერი. ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, მწვრთნელს რუსებმა საყვედური უთხრეს, - ის რატომ წაიყვანე, ჩვენი ვერ გახდებოდა ევროპის ჩემპიონიო?! ოლიმპიურ თამაშებამდე ორი კვირით ადრეც მომიწყვეს საკონტროლო შეხვედრა და იმდენად დიდი ანგარიშით გავუსწარი რუსს, რომ გუნდში ჩამსვეს. ოლიმპიადაზე გასვლის წინ ვფიქრობდი: "აბა, ქეთევან, შენ იცი, ეს შენი ბოლო შანსია, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, უნდა გაიმარჯვო“.

გარდა იმისა, რომ კარგად ვემზადებოდი, ალბათ, იღბალმაც შემიწყო ხელი. შეჯიბრების ბოლო დღეს საშინელი წვიმა და ქარი იყო. ყველამ ცუდი შედეგი აჩვენა, მე 30-დან 28 ქულა ავიღე. იმ ცუდ ამინდში ეს იმხელა სიხარული იყო, მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს შემიძლია, შევადარო. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს ჩემპიონატზე, გუნდურად პირველ ადგილზე გავედი, პირადად მე კი – მეხუთეზე. 1982 წელს ქალთა სპარტაკიადაზე მეოთხე ადგილი დავიკავე, მაგრამ, შვილი რომ შემეძინა, თავი დავანებე სპორტს და მას შემდეგ მშვილდი ხელში აღარ ამიღია“ - ასე იხსენებდა ქალბატონი ქეთევანი სპორტულ კარიერაში განვლილ ეტაპებს.

  • ცხრა წელი შვილი არ ჰყავდა, 1982 წელს შეეძინა და სპორტს თავი დაანება, რადგანაც გადაწყვიტა, მთელი დრო შვილისა და ოჯახისთვის დაეთმო. პარალელურად უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრაზე მუშაობდა. 2002-2004 წლებში მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო.

გული სწყდებოდა, რომ ქართული დროშის ქვეშ ვერ იასპარეზა.

"ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა, რომ ჩემი გამარჯვების დროს აწეულიყო ქართული დროშა და გაჟღერებულიყო ქართული ჰიმნი. მაგრამ, რა ვქნათ, ჩვენი ბრალი ხომ არ არის, რომ იმ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ! ყოველთვის ყველგან აღვნიშნავდი, რომ ქართველი ვიყავი და მერე მიწევდა ახსნა, სად იყო საქართველო. საერთოდ, ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი არ არსებობს, თუ მიაღწევ ამხელა წარმატებას, ხარ და ხარ მთელი სიცოცხლე ოლიმპიური ჩემპიონი“ - ამბობდა ქეთევან ლოსაბერიძე.

ნინო ლეჟავა, ქეთევან ლოსაბერიძის მეზობელია, შეიძლება ითქვას, მის თვალწინ გაზრდილი ადამიანი, რომელიც Ambebi.ge-ს მისთვის საყვარელ ქეთინო დეიდაზე ასე უყვება:

- ორი თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა - დარდობდა, განიცდიდა, მთელი ცხოვრება ერთად მოდიოდნენ. თან ძალიან კარგი ადამიანი იყო იურა ბიძია. ბოლოს ლოგინად ჩავარდა და ქეთინო დეიდა უვლიდა, წუხდა მეუღლის ავადმყოფობაზე. ჩვენ ერთ სახლში ვცხოვრობდით. მას ჰყავს თითქმის ჩემი თანატოლი შვილი, თიკო, ძალიან ნიჭიერი, განათლებული, კარგი ადამიანი, რომლის დაბადებას დიდხანს ელოდა.

მე და თიკო ერთად გავიზარდეთ. ქეთინო დეიდა სულ მომღიმარი, სულ კარგ ხასიათზე მყოფი მახსოვს. მას რომ შევხედავდი, არ მეგონა, რომ ქვეყანაზე რამე პრობლემა არსებობდა, დაგამშვიდებდა და გაწყნარებდა და კარგად განგაწყობდა. ბუნებით ისეთი ადამიანი იყო, ყველას ეხმარებოდა. ძალიან კარგი კულინარი გახლდათ, იმერულ კერძებზე საოცარი გემოვნებით ამზადებდა და ქართული ტრადიციული კერძების დიდი დამფასებელი იყო. უყვარდა თავისი კუთხე და ქართული ტრადიციები.

მათი სახლის კარი ფაქტობრივად არ იკეტებოდა. მათთან ცხოვრობდა ყველა ის ახლობელი, ნათესავი, ვინც რაიონიდან თბილისში უმაღლესში სასწავლებლად ჩამოდიოდა. მათზე მშობელივით ზრუნავდა. მთელი გულით და უანგაროდ ემსახურებოდა. ამ ყველაფრის პარალელურად იყო წარმატებული სპორტსმენი და ამხელა რეგალიების პატრონი.

ეს ჩვეულებრივ ყოფაში და ურთიერთობაში არ იგრძნობოდა. ძალიან უბრალო იყო. მისი ცხოვრება ჩემთვის საუკეთესო მაგალითია. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს უკვე მასზე მოგონებები ჰქვია. იცით, როგორი მეზობლობა იცოდა? შეუძლებელია მასთან ვინმე რაიმეზე მისულიყო და უარით გამოესტუმრებინა. შეიძლება თავისი საქმე გვერდით გადაედო და სხვას წაჰყოლოდა დასახმარებლად. უნივერსიტეტში მათემატიკის ლექციებს კითხულობდა. ინტელექტუალი იყო. ამხელა რანგის სპორტსმენი თავის პროფესიაშიც პროფესიონალი გახლდათ. ქეთინო დეიდამ თავის წასვლით გული ძალიან დამწყვიტა.

გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი, გულისამაჩუყებელ პოსტს უძღვნის ქალბატონ ქეთევანს:

"სტუდენტობისას ჩემმა ძმაკაცმა მთხოვა, მათემატიკაში მაქვს სემესტრული გამოცდა, ლექტორი სახეზე არ მიცნობს და ჩემს მაგივრად იქნებ შეხვიდეო. ორივე ხუჭუჭები ვიყავით, ისედაც ვეშლებოდით ვიღაცებს ერთმანეთში და ჩათვლის წიგნაკის შავ-თეთრ ფოტოშიც ადვილად შეიძლებოდა მოტყუებულიყავი. ოღონდ, იცოდე, ხუთიანი არ მიიღო, სამიანი მიიღე, ჯგუფში მათემატიკა არავინ იცის და ხუთიანზე ეჭვები გაჩნდებაო. ორი ქალი იყო გამომცდელი. მოგვცეს საკითხები და დავიწყე ზანტად წერა.

კია უმაღლესი მათემატიკა, მაგრამ ვეკუელისთვის ადვილი საკითხებია. აქეთ-იქით ძმაკაცის ჯგუფელებსაც წავუკარი ხელი. გავიდა რაღაც დრო და აბა, ვინ გამოვაო. მეთქი, გამოვალ. აუ, არ გახვიდეო, - ჯგუფელი მეუბნება, - ჯერ მოგვეხმარეო. მეთქი, მოიცა, ძამიკო, - ამ დროს გარეთ უკვე ფული გროვდება ხოლმე - ციურის 1.5-ლარიანი ჭაჭა, ფანტა და "პალიანკაზე" დალევა მიდის. აუდიტორიაში ვიჯდე? გავედი, დავჯექი, დავიწყე რაღაცების მოყოლა. არადამაჯერებლად ვყვები, სამიანზე. ეს როგორ გააკეთეო? - მეთქი ასე. ესო? - ეს ასე. ეს არ იცოდიო?

და იყივლა მათემატიკამ, დამავიწყდა სამიანი და გავუტიე... კი ვიცოდი, ასე უნდა-მეთქი. ეს ასე, ეს ასე... ეს ჯერ არ გვისწავლიაო, მეორე სემესტრში უნდა ვისწავლოთო და საიდანო? მეთქი, რავი, ვიცი. აბა, ესო? აბა, ისო? საიდან ესენიო? ერთ ქალბატონს განსაკუთრებით უხარია, მეკითხება, - რატომ არ დადიოდი ლექციებზეო? მეთქი, აი, მან-სან-კანი, მოგზაურობები მიწევს...

დამიწერეს ხუთიანი, ჩამეხუტა ეს საყვარელი ქალბატონი, მომეფერა, ალალად უხარია... გამოვედი, ჩავხედე გვარს და წერია ქეთევან ლოსაბერიძე! ვაჰ, ქეთევან ლოსაბერიძე ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონია მშვილდოსნობაში. ფოტოები გამახსენდა მომენტალურად და აუ, ეგაა! ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში და თურმე, მათემატიკის ლექტორიც... და მე ხომ ეს სპორტსმენები ძალიან მიყვარს და შემრცხვა. შემრცხვა, რომ მოვატყუე. თან, როგორ გაუხარდა და როგორ მეფერა... და კაი ხნის მერე, რომ შევხვდი შემთხვევით, მივედი, მოვუყევი და ბოდიში მოვუხადე. იცინა და ისევ ჩამეხუტა... დღეს გარდაცვლილა... ძალიან ტკბილი და თბილი ქალბატონი, პირველი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში და მათემატიკის უსაყვარლესი ლექტორი“...

Ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული სპორტსმენის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქეთევან ლოსაბერიძის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას.