ავტორი:

"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა

"სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება" - ქართველი "ზოროს" სიყვარული და წარმატების ფორმულა

მას მეგობრებმა ხუმრობით "ზორო" შეარქვეს, რაზეც ხალისობს და ეტაპობრივად საკუთარ ლეგენდას წერს... 14 - წლიანი დიდი შრომის შედეგად ბევრს მიაღწია, მაგრამ ამბობს, რომ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. რამდენიმე დღის წინ, პირველად საქართველოს ფარიკაობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრების 28 წლის ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, ოქროს მედალი მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. დღევანდელ დღემდე, მსოფლიო თასის ეგიდით სანდრო ბაზაძეს ბრინჯაოს და ვერცხლის მედლები ჰქონდა მოგებული. ისიც აღსანიშნავია, რომ სანდრომ ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც მაქსიმუმი გააკეთა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მანამდე, ქართველმა მოფარიკავემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი დაიკავა. მას ერთი ნაბიჯი დააკლდა, როგორც ფინალამდე, ისე ოლიმპიურ მედლამდე.

ეს შეხვედრა სკანდალური გამოდგა და აშკარა იყო, რომ ეგვიპტელმა მსაჯმა სანდრო დაჩაგრა და რამდენიმე ძალზე საეჭვო ეპიზოდში გადაწყვეტილება მისი მეტოქის სასარგებლოდ მიიღო - ყველასთვის მოულოდნელად, სანდროს მოპოვებული ქულა უნგრელ სილაგის მიანიჭა. როგორც სანდრო ამბობს, ამ უსამართლო შედეგმა ის კი არ გატეხა, პირიქით, ბრძოლის ჟინი გაუათმაგა და გვპირდება, რომ პარიზის მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე თავის სიტყვას მაინც იტყვის. "ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია, რომელიც გაზაფხულზე პარიზში ჩატარდება. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიური თამაშებია“, - გვეუბნება სპორტის ინტელექტუალურ სახეობად მიჩნეული ფარიკაობის ქართველი ვარსკვლავი სანდრო ბაზაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

  • "ძმამ და მამამ მიბიძგეს ამ გზას დავდგომოდი"

1993 წლის 29 ივლისს დავიბადე თბილისში. სწავლა დავიწყე 54-ე სკოლაში, შემდეგ 3-4 სკოლის გამოცვლა მომიწია, ბოლოს 35-ე სპორტული სკოლა დავამთავრე. ორჯერ შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი და ამიტომ მიწევდა სკოლიდან სკოლაში გადასვლა. როგორც ახლა მასწავლებლები მიხსენებენ და მწერენ, ცუდი მოსწავლე არ ვიყავი, მსიამოვნებს, ჩემით რომ ამაყობენ. ერთი ძმა მყავს, ბექა და ისიც მოფარიკავეა. ჩემამდე დაიწყო ფარიკაობა და სტიმულიც მან მომცა. ბექა 4 წლით უფროსია ჩემზე, როგორც წესი, ძმა ძმისთვის სამაგალითოა ხოლმე, და მეც ეს სპორტი ავირჩიე. მამა - მერაბ ბაზაძეც მოფარიკავე იყო. ერთი სიტყვით, მათ მიბიძგეს, ამ გზას დავდგომოდი, ოჯახურ ტრადიციას ვაგრძელებ...

სხვათა შორის, ფარიკაობაზე გვიან შევედი - 14 წლის. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი, კარგადაც ვთამაშობდი, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, აღარ გავაგრძელე ვარჯიში და კარიერა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი პირველი მწვრთნელი და ის ადამიანი, ვინც აქამდე მომიყვანა, არის მერაბ ბაზაძე - მამაჩემი, რომელმაც მთელი თავისი ძალა, ენერგია, გული და სული ჩადო იმაში, რომ მე ამ დონემდე მიმეღწია და აქამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ, მამას იმედებს ვუმართლებ, თან ჯერ ყველაფერი წინ არის. ბექა ჩვენი გუნდის კაპიტანია და ძალიან კარგი სპორტსმენი, მას ყველა პატივს სცემს. ოთხკაციანია ჩვენი ჯგუფი და ბექა ერთ-ერთი ლიდერია მასში. დედაც ძალიან მეხმარება და ყველანაირად ცდილობს ხელი შემიწყოს, ჩემს წარმატებაში მისი დამსახურებაც უდაოა.

  • "ძალიან გამიცრუეს იმედები“

ვიტყვი, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის. გამარჯვება კარგია, მაგრამ მის უკან დიდი შრომა დევს და ძალიან მახარებს, რომ შრომა ფასდება. უკვე ბევრი წარმატებაა მიღწეული, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ მისაღწევია და გასაკეთებელი, რასაც ველოდები. ჩემი პროგრამა მაქსიმუმი ოლიმპიური ოქროს მედალია, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ახლოს ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, არაკომპეტენტური და არასამართლიანი ხალხის გამო დავიჩაგრე. ძალიან გამიცრუეს იმედები, არ ველოდი მსგავს რაღაცას. 4 წელი ველოდი ამ თამაშებს (უფრო სწორად - 5 წელი, ერთი წლით გადაიდო ოლიმპიადა)...

სამწუხარო ის არის, რომ ძალიან მომზადებული და ძლიერად მივედი იქამდე, სადაც ძალიან რთულია, ფსიქოლოგიურად მზად იყო, ოქროს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი იყო და ვიღაც ადამიანის გამო დავიჩაგრე, რომელიც არაფერ შუაშია, უბრალოდ, მსაჯია და ცუდად გექცევა, თან სპეციალურად აკეთებს ამას, რაც აშკარა იყო. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი დავძლიე, კარიერას ვაგრძელებ. სამაგიეროდ, ახლა მსოფლიო მედალი მოვიპოვე და ორმაგად მაბედნიერებს ის, რომ თავი გამოვიჩინე, მსოფლიო ფედერაციას დავუმტკიცე და ვაჩვენე, რომ მე ეს მეკუთვნოდა და გავაგებინე, რომ ჩემს სიტყვას ყოველთვის ვიტყვი.

მსოფლიო ოქროს მოპოვებაზე რა განცდა მქონდა? ეს ენით აუწერელი გრძნობა და სიხარულია, მით უმეტეს, როცა შეჯიბრება შენს ქვეყანაში ტარდება, თან აქამდე არავის მოუპოვებია ეს ჯილდო. საოცარი განცდაა, როცა ბრძოლას მეუღლე, მამა და ოჯახის წევრები, მეგობრები გიყურებენ და მათ უჩვენებ, რომ ძლიერი ხარ, შენი თავით უზომოდ კმაყოფილი ხარ... ეს მაბედნიერებს, ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე დაიწყო ჩემთვის 2022 წელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო წინ და წინ წავიდე.

  • "სალომე ჩემი მოტივაციაა"

გამიმართლა ასეთი მეუღლე რომ მყავს. სალომე ძალიან მეხმარება და დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შედეგების მიღწევაში, ის ჩემი მოტივაციაა. ჩვენ პატარა, 3 წლის დაჩი გვყავს. ხშირად დიდი ხნით მიწევს ქვეყნიდან წასვლა, მდგომარეობას სალომე მიმსუბუქებს და მეუბნება, არ ინერვიულო, საფიქრალი არაფერი გქონდესო. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. სალომე ჩემმა მეგობარმა გამაცნო, რომელიც მისი პარალელურ კლასელი იყო. იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება. სალომე ბიზნესს სწავლობს, სხვათა შორის, ის ჩვენს ფედერაციაში მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა შეჯიბრის ორგანიზებაში, ის უძღვება პიარსაც და ა.შ. ძალიან ბედნიერები ვართ... დიდი იმედი მაქვს, დაჩიც ჩემს გზას გააგრძელებს, არაფერს დავაძალებ, მაგრამ დიდი სურვილი მექნება, რომ ჩვენი ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს და იფარიკაოს. ვნახოთ, თუ მოინდომებს, მე ყველანაირად შევუწყობ ხელს.

  • მიღწევები

საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი სიხარული იყო, მაგრამ ჩემი კარიერის მესამე წელს ევროპის ჩემპიონი გავხდი 20 წლამდე ასაკში და ეს იყო ყველაზე დიდი პირველი წარმატება. მაშინ უაღრესად ბედნიერი ვიყავი და დღემდე მახსოვს ეს გრძნობა, როგორ გავახარე ჩემი მწვრთნელი მამა, მან დაინახა, რომ ამ სპორტში შემეძლო ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა. ამ შედეგის შემდეგ მოვუმატე ვარჯიშს და ჩემს თავზე მუშაობას.

შემდეგ კიდევ ორჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი, უკვე 23 წლამდე ასაკში, ბევრჯერ მაქვს მოგებული მსოფლიო თასი ახალგაზრდებში, საქართველოს ჩემპიონიც ბევრჯერ გავხდი. შემდეგ, უკვე დიდებში, სამჯერ მაქვს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოპოვებული,10-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი... მართალია, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-4 ადგილი მოვიპოვე, მაგრამ ესეც უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის და ალბათ იმით, რომ უფრო მეტს ვმუშაობ თავზე. ჩემი მთავარი მიზანი მაინც ოლიმპიური თამაშებია. მანამდე მსოფლიოს თასი და ევროპის ჩემპიონატი მექნება, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოტივაცია მაინც ოლიმპიადაა.

  • "ფარიკაობა გონებაგახსნილობას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს"

დიდი ხანია, რაც საქართველოში ეს სპორტია დამკვიდრებული და დიდი შედეგებიც აქვთ სპორტსმენებს. ერთი პერიოდი, ფარიკაობა ძალიან დაიკარგა, აღარ არსებობდა არც მწვრთნელები, არც - სპორტსმენები, საერთოდ აღარ ჩანდა ეს სპორტი. დღეს ფარიკაობა რომ პოპულარულია, ეს მერაბ ბაზაძის, მამაჩემის დამსახურებაა, რომელმაც დიდი შრომა, ენერგია, რაც კი გააჩნდა ამ სპორტში ჩადო. დღეს უკვე ფარიკაობა მაღალ დონეზე დგას, უამრავი ბავშვი დადის და ძალიან მახარებს, დარბაზში ტევა რომ აღარ არის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მეც რაღაცა წვლილი მიმიძღვის იმაში, რომ ჩემი შედეგების შემდეგ სხვებიც ინტერესდებიან ფარიკაობით, რაც, რა თქმა უნდა, მაბედნიერებს და მახარებს.

რა არის აუცილებელი მოფარიკავისთვის? ეს სპორტი, უპირველესად, ნიშნავს დიდ შრომას, შრომის გარეშე შანსი არ გაქვს, რამეს მიაღწიო. არიან ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებიც პირველ საფეხურს გადიან და მერე, სიზარმაცის გამო ვეღარ აღწევენ ვერაფერს. ფარიკაობას ინტელექტუალური სპორტის სახეობას უწოდებენ. იქ მნიშვნელოვანია, რომ გონებრივად გახსნილი იყო, რადგან ძალიან სწრაფ აზროვნებას პირველ რიგში, გონებაგახსნილობას და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან მოძრაობის დროს, ყველა კუნთი მუშაობს. მოფარიკავესთვის ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ იყოს მიზანდასახული და კონცენტრირებული, ვინაიდან ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ბრძოლის დროს ერთი წამითაც სხვა რაღაცაზე რომ გაგეფიქროს, შეიძლება წააგო, ამიტომ მოითხოვს ის ყურადღებას, სისხარტეს და დაკვირვებას.

  • "მიმაჩნია, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ..."

სპორტული კოლეჯი დავამთავრე და შემდეგ ჩემი მეუღლის დახმარებით და რჩევით სპორტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, მწვრთნელთა ფაკულტეტზე. სპორტსმენისთვის კი არა, განათლება ყველასთვის საჭიროა. გაუნათლებელი ადამიანი დიდ შედეგსაც ვერ აღწევს, მინიმუმ, წიგნი უნდა წაიკითხო. მიყვარს კითხვა და მარტო როცა ვრჩები, დროს აუცილებლად გამოვნახავ ხოლმე ჩემი საყვარელი ავტორების წიგნებისთვის.

სიმღერის ნიჭი მაქვს, ჩემთვის ვმღერი და სახლში მარტო რომ ვრჩები, ჩემს ჭიას ვახარებ. ჩემი მეუღლე მეუბნება, გამოგდისო, და რა ვიცი... ჩემს თავზე რა ვთქვა, კეთილი ვარ და სიცილი მიყვარს ძალიან. მეგობრები მეტსახელად "ზოროს" მეძახიან, მაგრამ ვთვლი, რომ "ზოროზე" ძლიერი ვარ (იცინის).