ავტორი:

"30 სული საქონელი ქალაქში ექვსი დღე-ღამე მომყავს... ასე რომ არ ვიწვალოთ, ვინ რას მოგვცემს?" - ერთადერთი ოჯახი არჭილოში და ზვიადაურების რთული ცხოვრება

"30 სული საქონელი ქალაქში ექვსი დღე-ღამე მომყავს... ასე რომ არ ვიწვალოთ, ვინ რას მოგვცემს?" - ერთადერთი ოჯახი არჭილოში და ზვიადაურების რთული ცხოვრება

ხევსურეთის სოფლებში თითო ოჯახის ცხოვრება, ურთულესი პირობების გაძლება უკვე გაოცებას აღარ იწვევს, რადგან ასეთი შემთხვევები ბევრი ყოფილა, მაგრამ ამირან ზვიადაურის ოჯახის დღევანდელი ყოფა მართლაც განსაკუთრებულია...

- როგორც ვიცი ერთადერთი ოჯახი ხართ, რომელიც ხევსურეთის სოფელ არჭილოში ცხოვრობთ და იქაურობას აცოცხლებთ...

- დიახ... ერთი წელია, რაც ისევ სოფელ არჭილოში გადავედი საცხოვრებლად. არჭილოში გზა არ არის, მდინარეებზე გადასასვლელი ხიდებიც კი არ არის, პატარა ბავშვები მყავდა და მეშინოდა არაფერი დამართვნოდათ და ამიტომაც წლები წამოსული ვიყავით. ახლა ჩემი შვილები წამოიზარდნენ, უკვე დიდები არიან და ისევ ჩემს სახლში დავბრუნდი.

- არჭილოში თქვენ და თქვენი მეუღლე სრულიად მარტო ხართ?

- დიახ... ძალიან რთული პირობებია. გზა არ არის და მდინარეზე ხიდიც არ არის, წყალში უნდა გაიარო. ცხენით გავდივართ და ასე ვწვალობთ... არჭილოში მეურნეობა გვაქვს, საქონელი გვყავს, დილიდან საღამომდე უამრავი საქმეა. მე რეინჯერი გახლავართ და ზამთარში ვაზიანში ჩამოვდივართ მე და ჩემი მეუღლე, მაისში მივდივართ და იქ ვართ ოქტომბრის ბოლომდე. ზამთარში შეუძლებელია ადამიანი იქ იყოს, ჯერჯერობით არც ინტერნეტია და არც არანაირი კავშირი ამ სოფელთან.

- მთავრობას თხოვნით არ მიმართეთ, რომ არჭილოში რამე გაეკეთებინათ?

- როგორც უკვე ვთქვი, იქ მართლაც ურთულესი პირობებია. ასე სათქმელად მარტივია, მაგრამ ვინც თვითონ ნახავს, ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნდება. მე მიჭირს იქ დაბადებულს და გაზრდილს და სხვას რაღა დაემართება?! თავის დროზე არჭილოში დიდი დასახლება იყო, მაგრამ ათი წელია, ფაქტიურად სულ დაცლილია... იქ ხიდია გასაკეთებელი, ბილიკი რომ ჩამოიწევს, ახალი უნდა გაჭრა. ხანდახან მდინარე ისეა ადიდებული, ცხენითაც ვერ გაივლი... მთავრობისთვის მე პირადად არ მიმიმართავს, ჩვენმა გამგეობამ კარგად იცის, რა ვითარებაა სოფელში. ჯერჯერობით სასიკეთოდ არაფერი კეთდება. შატილში ხომ იყო გამგეობა, იმედია ისევ არის.

- შატილიდან არჭილომდე სულ მიუვალი გზაა?

- შატილიდან არჭილომდე ოც კილომეტრზე მეტია. არდოტამდე ნორმალური გზაა და შემდეგ 8 კილომეტრი სულ გაუვალია. დაახლოებით ათგან არის მდინარე გადასალახი... სოფელში მშრალი ქვით ნაშენი ნასახლარებია. ცოტა გვიან აშენებულია ეს სოფელი, ლეკიანობა და საშიშროება რომ აღარ იყო... ამდენად დიდი დასახლება დღეს სულ მიტოვებულია. ახლა ჩემი ბიძაშვილი აპირებს რაღაც თავშესაფარი გააკეთოს და თუ ასე მოვმრავლდებით, ჩვენი ძალებითაც რაღაცას გავხდებით.

როდესაც იქ ადიხარ, მხოლოდ პურის ფქვილს ხომ არ აიტან, ათასი რამეა ოჯახისთვის საჭირო და ზოგჯერ ცხენითაც ვერ მიგაქვს, იმხელა წყალში ხარ გასავლელი. ინტერნეტი ქვემო სოფლებში ყველგან არის და არჭილოში გეგმავენ, ვნახოთ რა იქნება. მე არჭილოში დავიბადე და გავიზარდე, 2002 წლამდე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, რადგან ბავშვები არჭილოდან შატილის სკოლაში ვერ ივლიდნენ... მაშინ არჭილოში ოთხი ოჯახი იყო, მოხუცები იყვნენ, გარდაიცვალენ, ჩვენ წამოსული ვიყავით და ასე დაიცალა სოფელი მთლიანად.

ზაფხულობით ანდაქში ვცხოვრობდით სხვის მიტოვებულ სახლ-კარში, რომელსაც მიხედვა ჭირდებოდა. ბავშვები ვაზიანში იყვნენ, იქ დაამთავრეს სკოლა. ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარეთ, მაგრამ იქაური კაცი სირთულეებს უფრო მეტად იტან... სამი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი. ჩემი ვაჟი 24 წლისა და დაოჯახებულია, გოგო 21 წლისაა და ისიც გათხოვილია, ერთი ბავშვი ჰყავს, უმცროსი გოგო 19 წლისაა. არჭილოში ბევრი გეგმები მაქვს, ალბათ მალე ჩემს მეურნეობას კიდევ უფრო გავაფართოვებ. 30 სული საქონელი მყავს. ზამთარში საქონელი ვაზიანში ჩამომყავს, ორი გარაჟი მაქვს ნაყიდი და იქ ვაზამთრებ...

- ხევსურეთის ბოლო სოფლიდან 30 სული საქონელი თბილისში ჩამოგყავთ?

- დიახ... ფეხით მომყავს და შემოდგომით შვიდი დღე-ღამე ჭირდება, გაზაფხულზე ჩასაყვანად ექვსი დღე-ღამე... ასე რომ არ ვიწვალოთ, ვინ რას მოგვცემს?! 30 სული საქონელიდან 15 მეწველი ძროხაა და გარკვეული შემოსავალი ამით გვაქვს.

გზაში რომ მომყავს ან მიმყავს, სადაც დაღამდება, იქ გავაჩერებ და დილით გზას ვაგრძელებთ. 250 კილომეტრის გავლა გვიწევს. კარავი არ მაქვს - "სპალნიკი" და ცელოფანი. 9 წელია ასე ვარ. ზოგჯერ შვილი მეხმარებოდა, მაგრამ ახლა მუშაობს. თუ ვინმე გამოჩნდება, ვქირაობ, რადგან ორი ცხენიც მომყავს და ცხენების ტარება ცოტა უფრო რთულია... მეუღლეს ფეხით წამოსაყოლებლად ვერ ვიმეტებ, მანდილოსანია და მაინც მოფრთხილება ჭირდება. ვფიქრობ ასე გავაგრძელო და მერე ალბათ დრო გვიჩვენებს თუ როგორ ვიცხოვროთ.