აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.
"ის, თუ მთელი ძალებით შევა, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, "დიახ, მე ამას განვიხილავ.“
ამასთანავე, მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარის შეყვანას არ გეგმავს, თუმცა რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუ ის შეიჭრება.
"ჩვენ განზრახული არ გვაქვს, უკრაინაში ამერიკული ძალების, ნატოს ძალების, განთავსება. მაგრამ, როგორც ვთქვი, თუკი ის შეიჭრება, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოჰყვება,“- აღნიშნა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინამ შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მესამე პარტია მიიღო.
ასევე ცნობილია, რომ აშშ-ის კონგრესში უკვე დარეგისტრირდა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი.
ეს 55-გვერდიანი დოკუმენტია და შეეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებსაც. მისი მიზანია, შემუშავდეს ნაბიჯები და სტრატეგია რუსეთის აგრესიის, მათ შორის - არაკონვენციური, ე.წ. პროქსიძალების შესაკავებლად. ამაში იგულისხმება ის გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებიც თითქოს ოფიციალურად რუსეთის იურისდიქციის ქვეშ არ არიან, მაგრამ, ფაქტობრივად, კრემლიდან იმართებიან. როგორც წესი, ეს დაჯგუფებები იქმნება ამა თუ იმ ქვეყანაში რუსული აგენტურის და პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზაზე, ან ამაში უშუალოდ რუსული სპეცრაზმი მონაწილეობს, ოღონდ ისე, რომ მათ მოქმედებაში რუსული კვალი მაქსიმალურად არის დაფარული.
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
- ეს საინტერესო დოკუმენტია, მასში პირდაპირ გვარ-სახელებით არიან მოხსენიებული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის წარმომადგენლები, პუტინით დაწყებული, ამ ჩინოსანთა ოჯახის წევრებით დამთავრებული. იქ ლაპარაკია, რომ უნდა გამოიკვლიონ მათი ქონება, ყველა ანგარიში და შემდგომ ეს ყველაფერი გამოქვეყნდეს. ასევე სანქციების ჩამონათვალში ხვდებიან ბანკები, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, ანუ ენერგორესურსებისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიები. ეს შეეხება "ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის პროექტთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებსაც.
ლაპარაკია ორი ტიპის სანქციაზე: აშშ-ში ქონების დაბლოკვასა და ვიზების არმიცემაზე ან მოქმედი ვიზების გაუქმებაზე. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, მაგრამ გადაწონის ეს პუტინის სურვილს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი? რა გითხრათ…- მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დოკუმენტში რუსეთის აგრესიად მიიჩნევა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დანაყოფების ჩატარებული ოპერაციები, არამედ ის პარამილიტარისტული პროქსიჯგუფებიც. რამდენიმე დღის წინ დიდი რეზონანსი გამოიწვია პრეზიდენტ ბაიდენის ფრაზამ უკრაინაში “რუსეთის მცირე და დიდი შეჭრის” თაობაზე - სანქციებს დასავლეთი მხოლოდ ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში გამოიყენებსო, თუმცა ამას შემდგომ მოჰყვა თეთრი სახლის განმარტება, რომ სანქციებს გამოიწვევს რუსეთის ნებისმიერი სახის შეჭრა უკრაინაში, ხოლო “მცირე შეჭრაში” იგულისხმებოდა ე.წ. პროქსიჯგუფების მოქმედება და კიბერთავდასხმები. ეს განმარტებაც ნიშნავდა, რომ თუ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი რუსეთის მიერ მომზადებული გასამხედროებული პროქსიჯგუფები გადავლენ შეტევაზე, ეს სანქციების საფუძველი არ გახდება, განსახილველი კანონპროექტი კი რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს დონბასსა და ლუგანსკში მოქმედ გასამხედროებულ დაჯგუფებებზეც, ანუ რუსეთს შეზღუდვები მათი მოქმედების გამოც დაუწესდება, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუკი ეს კანონპროექტი ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა. დოკუმენტში ასევე ლაპარაკია უკრაინისთვის ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უკრაინამ შეძლოს როგორც ხმელეთიდან და ზღვიდან, ასევე ჰაერიდან განხორციელებული შეტევების მოგერიება. ასევე საუბარია უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაზე კიბერშეტევებისა და საინფორმაციო დივერსიების საწინააღმდეგოდ.
ამ კანონპროექტში არანაკლებ საინტერესოა ბალტიისა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არაერთგზის ხსენება და მათი დახმარების გაზრდის აუცილებლობაც, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის აზრით, რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნატოს ის წევრი ქვეყნებიც შეიძლება გახდნენ, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა გამოფხიზლება დაიწყო. ბლინკენმაც ხომ თქვა, თუ უკრაინა დავთმეთ, ამას პანდორას ყუთის ეფექტი ექნებაო. რუსეთიც მოლოდინს "ამართლებს“: ლავროვ-ბლინკენის 21 იანვრის შეხვედრაზე რუსეთმა ბულგარეთიდან და რუმინეთიდანაც მოითხოვა ნატოს შეიარაღებისა და ჯარების გაყვანა. ასე რომ, რუსეთს მადა ნამდვილად ჭამაში მოსდის.