ავტორი:

აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

აშშ-ში არავაქცინირებულ მამაკაცს გულის გადანერგვაზე უარი უთხრეს

აშშ-ში, ბოსტონის კლინიკაში კაცს გულის ტრანსპლანტაციაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

31 წლის მამაკაცს, დიჯეი ფერგიუსონს გულის ტრანსპლანტაცია სჭირდება, მაგრამ ბოსტონის კლინიკა Brigham and Women-მა ის ორგანოების მომლოდინე პაციენტთა სიიდან ამოიღო. აღნიშნულის შესახებ მედიას ფერგიუსონის მამამ, დევიდმა უამბო. მისივე თქმით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მისი ვაჟის "ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება და არ სჯერა ამ ვაქცინის.“

კლინიკაში აცხადებენ, რომ ისინი იცავენ პროტოკოლსა და პოლიტიკას.

"ხელმისაწვდომი ორგანოების დეფიციტის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტს, რომელიც ახალ ორგანოს იღებს, ჰქონდეს გადარჩენის დიდი შანსი. საავადმყოფო მოითხოვს ტრანსპლანტაციისთვის შესაბამის ცხოვრების წესს და კოვიდ-19-ის ვაქცინას, რათა შეიქმნას შესაძლებლობა წარმატებული ოპერაციისთვის, ასევე გადანერგვის შემდეგ პაციენტის ოპტიმიზაციისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის შემდეგ იმუნური სისტემა მკვეთრად არის შესუსტებული“, - აცხადებს კლინიკის პრესსპიკერი.

მისივე განცხადების თანახმად, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლის გამოც ტრანსპლანტაციაზე ფერგიუსონს უარი ეთქვა, თუმცა პაციენტის კონფიდენციალობის მოტივით, ამ ფაქტორებს არ გაასაჯაროვებენ. პრესსპიკერის თქმით, ორგანოთა გადანერგვის სიაში 100 000 ადამიანია და მათი უმეტესობა მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ვერ მიიღებს ორგანოს, დეფიციტის გამო.

ფერგიუსონი საავადმყოფოში 2021 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფება. მას აწუხებს მემკვიდრეობითი გულის დაავადება, რის გამოც ფილტვები სისხლითა და სითხით ივსება. ფერგიუსონი თვლის, რომ თუ კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, შესაძლოა გულის ანთება დაემართოს, რაც ვაქცინის უიშვიათესი გვერდითი ეფექტია.

წყარო: BBC.com