ავტორი:

"პოლიციის თანამშრომელმა მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა" - პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული მოძალადე პოლიციელი დააკავა

"პოლიციის თანამშრომელმა მეგობარ ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა" - პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ასახული მოძალადე პოლიციელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა.

ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

შეგახსებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, პოლიციელის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე სამსახურეობრივი შემოწმება მას მერე დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც მისი მტკიცებით, ზუგდიდშია გადაღებული

"დღეს არის გადაღებული, დაახლოებით 16:00 საათზე, ზუგდიდში მდინარე ჩხოუშიას სანაპიროზე. ზუსტად ვიცი, რომ არის პოლიციის თანამშრომელი. სხვა დეტალები არ ვიცი, იმიტომ რომ ვინც ეს ვიდეო მომაწოდა, არის ძალიან შეშინებული. როცა დაწყნარდება, ვაპირებ, რომ გავესაუბრო და ერთად მივიდეთ პოლიციის სამმართველოში", - განაცხადა გუშინ მარიამ სიჭინავამ.