ავტორი:

28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს

28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს Georgian Airways-ი შეასრულებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ, ერთჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიამ თავდაპირველად "ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა, მოგვიანებით წაშალა.

როგორც "ინტერპრესნუსთან“ Georgian Airways-ის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა განმარტა, ერთჯერადი ჩარტერული რეისები ყოველთვის სრულდებოდა და ახლაც ასეთი რეისი სრულდება.

"ეს რეგულარული რეისი არ არის, ერთჯერადი ჩარტერული რეისია. მოვითხოვეთ და რუსეთის მხარემ დაგვიკმაყოფილა“,-განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

მან განმარტა ისიც, თუ რატომ წაიშალა ავიაკომპანია Georgian Airways-ის "ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

"ერთჯერადი ჩარტერული რეისია და შეიძლება პოსტი იდოს მაშინ, როდესაც რეგულარული რეისები სრულდება. საინფორმაციოდ გამოქვეყნდა და მოიხსნა. ეს არის ერთჯერადი ჩარტერული რეისი, რომელიც ბიზნესმენების დაკვეთით სრულდება, მათ შორის არიან როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები. ასეთი ჩარტერული რეისი რუსეთის მიმართულებით მილიარდი ხორციელდება, ზოგი მადაგასკარზე მიფრინავს, ზოგი ინგლისში, ზოგი ავსტრიაში და ა.შ. ჩარტერული რეისი სხვადასხვა მიმართულებით ძალიან ბევრი სრულდება“,-განაცხადა გაიაშვილმა.

მან აღნიშნა ისიც, რომ "თუ იქნება შეკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები კიდევ შესრულდეს“.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.