ავტორი:

რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?

რა წერია "ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში და რა არ მოსწონს ოპოზიციას?

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი გააცნო, რომელიც მმართველმა პარტიამ მოამზადა.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს არის რეზოლუციის ის ტექსტი, რომელიც დღის ბოლომდე დაინიცირდება.

"პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში“,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

მისივე თქმით სჯობს, რეზოლუცია მრავალპარტიული იყოს.

"მგონია, რომ ოპოზიციამ საბოლოო ჯამში მხარი უნდა დაუჭიროს ამ ვარიანტს, რადგან თითოეული სიტყვა გაზომილია", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ოპოზიციის 5-6 შენიშვნიდან 2 შენიშვნა გაითვალისწინეს.

"დღენახევრის განმავლობაში 4-ჯერ შეიცვალა ტექსტი, ოპოზიციას თუ აწყობს, რომ თქვას ერთხელ შეიცვალაო, ასე იტყვიან, გასაგებია, მაგრამ იყო სხვადასხვა ვერსია, რომლებიც გამომდინარეობდა მაგიდასთან მსხდომ ადამიანებთან კონსულტაციების შედეგად როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.

შეთანხმებულები ვიყავით, რომ წინა ვერსიებზე არ გვესაუბრა, შევჯერდით ტექსტზე, რომელიც იყო საბოლოო ჯამში რაციონალური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 5-6 შენიშვნიდან 2 იყო გათვალისწინებული და 4 არა, სხვა ვერსია თუ ჰქვია ამას, კი ბატონო. ყოველთვის სჯობს, იყოს მრავალპარტიული და მგონია, საბოლოო ჯამში მათ მხარი უნდა დაუჭირონ ამას, რადგან აქ თითოეული სიტყვა არის გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რომ იყოს სადაო", - განაცხადა მდინარაძემ.

წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ კი ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე მსჯელობდნენ.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, დილით წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, თუმცა, მოგვიანებით, ტექსტი შეიცვალა.

"იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს "ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.

გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული "ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო "ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით, როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში.

პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს "ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას, რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, - განაცხადა დეკანოიძემ.