ავტორი:

"გორის ჰოსპიტლის დირექტორს ჰყოლია მრჩეველი, სუს-ის სამმართველოს ყოფილი უფროსი... ის ადასტურებს, რომ მან გადაწყვიტა მასალების წაშლა" - სააკაშვილის ადვოკატი

"გორის ჰოსპიტლის დირექტორს ჰყოლია მრჩეველი, სუს-ის სამმართველოს ყოფილი უფროსი... ის ადასტურებს, რომ მან გადაწყვიტა მასალების წაშლა" - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული კადრების წაშლის გადაწყვეტილება გორის სამხედრო ჰოსპიტლის ჩანაწერებიდან სუს-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილმა უფროსმა დავით ღონიაშვილმა მიიღო.

როგორც მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარია მაჯის საათის შეხსნის ინციდენტზე, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, ასევე 27 დეკემბერს სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებულ ინციდენტზე.

,,ჩვენთვის საინტერესო დეტალი იყო როგორ მოხდა გორის ჰოსპიტალში დამონტაჟებული კამერებიდან ჩანაწერების წაშლა. როგორც ჩანაწერებიდან აღმოჩნდა, ჰოსპიტალის დირექტორს ჰყოლია ტექნიკურ უსაფრთხოების სამსახურში მრჩეველი პირი - სუს-ის მეოთხე სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ღონიაშვილი, რომელიც არის დაკითხული და ადასტურებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება მასალების წაშლასთნ დაკავშირებით. როდესაც ასეთ მნიშვნელოვან პირს და მომხდარ არაერთ ინციდენტს ეხება საკითხი როგორ მოხდა, რომ სუს-ის ყოფილ ან მოქმედ თანამშრომელს მიუწვდებოდა ხელი ამ მასალებზე და მის მიერ მოხდა მათი გასუფთავება. იმედი გვაქვს, რომ ეს კადრები შენახული იქნება პენიტენციური სამსახურის მიერ რომელიც გამოთხოვილია სასამართლო გადაწყვეტილებით და ველოდებით მის მიღებას საქმის მასალებში.

ჩვენ ვსაუბრობთ ორ ინციდენტზე - ერთი ეს არის მაჯის საათის შეხსნის ინციდენტი როდესაც ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მეორე ინციდენტი იყო 27 რიცხვში გადაყვანასთან დაკავშირებით ძალის გამოყენების საკითხი", - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.