ავტორი:

მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს - როგორია NDI-ის კვლევის შედეგები

"ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა - მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს" - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ, ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

"მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს“, - აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი და დასძენს, რომ "მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს“.

"პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ“, - აღნიშნავს გილამი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს.

"80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა.

"ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია. და ბოლოს, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 27%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 21%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43 % კი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე: თქვენი აზრით საქართველოში არის ამჟამად დემოკრატია? - NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ამბობს, რომ არის, 50% ამბობს, რომ არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 49% მიიჩნევს, რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია, 43%-სთვის - მნიშვნელოვანი, 4%-სთვის - უმნიშვნელოა, 1%-სთვის სრულიად უმნიშვნელო.

პასუხი არ იცის 3%-მა. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისთვის საქართველოში დემოკრატიაა, თუმცა, დანარჩენი მოსახლეობა ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 70% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 22%-სთვის - არა. ოპოზიციის მხარდამჭერების 74% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, ხოლო 21%-ის მოსაზრებით - არის. გამოკითხული პირების 55%, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა, ხოლო 31%-ის მოსაზრებით - არის. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი არ არის.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საქართველო მეზობლებისთვის მისაბაძი მაგალითია, 34%-ის აზრით, ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, თუმცა, ბოლო წლებში არ არის, 25%-ის აზრით - საქართველო არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი, პასუხი არ იცის 18%-მა.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, 51%-ის მოსაზრებით - არ მოქმედებს, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ, 31%-ის აზრით - მოქმედებენ, პასუხი არ იცის 15%-მა. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხალხის ინტერესების სასარგებლოდ არ მოქმედებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.