ავტორი:

"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?

"ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო" - რას ჰყვება ანა ტყებუჩავა მეუღლეზე?

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ გადაცემა "სთორიში“ გულახდილად ისაუბრა. მისი თქმით, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა. ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია...

ანა ტყებუჩავა:

"ლევანი ძალიან ნათელი და მშვიდი ღრუბელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რთული პერიოდი მქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე და ავირიეთ მეც და ჩემი სამეგობრო წრეც. ძალიან მინდოდა იმ რეალობიდან გაქცევა. ამ დროს სერიალი უკვე დაწყებული იყო. ლევანი როგორც რეჟისორი, მეგობარმა გამაცნო. ჩვენ ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ... მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო, ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას.

არ მომწონს, ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება მაშინ მქონდეს დისკომფორტი, როცა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. მე არ ვარ ჰოლივუდის ვარკვლავი, სინათლე და წყალი როგორც სხვებთან, ისე ჩემთანაც მიდის და ამის გამო შეიძლება მოუწესრიგებელი ჩავიდე მაღაზიაში. მაკიაჟს არ ვხმარობ ყოველდღიურად, მეუღლემდეც ასე იყო და შემდეგაც.

კარგად მახსოვს ლევანთან შეხვედრის პირველი ემოციები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ დროს, აკა მორჩილაძის წიგნი მათხოვა და სახლამდე შორი გზით მივედით. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ეს თუ ასე ექცევა ქალებს, როგორც მე, საოცარი მამაკაცი ყოფილა-მეთქი,. სიყვარული რომ ამიხსნა, მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ კიდევ ერთი ვინმე მიყვარს და ეს ჩემი პროფესიააო. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, საინტერესო მამაკაცი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ყვარებოდა ფეხბურთი. იმედები გამიცრუა ქართულმა ფეხბურთმა. ბიძა ფეხბურთელია, ახლა უკვე მწვრთნელი. ბაბუაც გიჟდებოდა ფეხბურთზე და მთელი ცხოვრება სულ ფეხბურთი მესმოდა.

ზუსტად ვიცი, არ არსებობს პრობლემა ან საკითხი, რომელსაც ლევანი ვერ მოერევა. ჩემი პარტნიორია ყველაფერში. არავის ეგონოს, რომ ჩვენ არ ვკამათობთ, მაგრამ ორივე ერთად ვთმობთ. მე ბავშვებთან ძალიან ხმაურიანი ვარ. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ დროს სახლში მუშაობს და ითმენს ჩემს ხმაურს.

ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო, ავარიით დაიღუპნენ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ იცით, როგორი წამები მქონდა, როგორც კი თვალს ვახელდი, მახსოვდა, რომ ისინი აღარ იყვნენ და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს ჩემი მშობლებისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო..."