ავტორი:

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რისკები არის ყოველდღიური... ხელისუფლება აქედან გამომდინარე მოქმედებს" - პაპუაშვილი რეზოლუციაზე

ჩვენ ვართ ყოველდღიური და მუდმივი საფრთხის წინაშე, ვინაიდან, საქართველო არის ყოველდღიური და ყოველწამიერი ოკუპაციის რეჟიმში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სოფელ მეჯვრისხევთან ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს.

მისი თქმით, ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება და ქმედება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანას არ შეექმნას დამატებით უსაფრთხოების პრობლემები.

"ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, საოკუპაციო ძალებია განთავსებული, აქედან გამომდინარე რისკები არის ყოველდღიური და ყოველწამიერი. საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მოქმედებს, მისი ნებისმიერი ნაბიჯი განპირობებულია უსაფრთხოების განმტკიცებით ერთი მხრივ და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეები არ შეექმნას, ეს გახლდათ მათ შორის, ნატო-ში ჩემი ვიზიტის შინაარსი, რომ პარტნიორებთან გვქონოდა კომუნიკაცია და გქვონოდა ერთგვაროვანი პოზიცია რეგიონში უსაფრთხოებასთან და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

„ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს. მათ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. სასაფლაოს გარდა, ამ ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლია.