აფხაზეთში "ომიკრონის" შტამის მასშტაბური გავრცელება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობთ, 27 იანვრიდან სოხუმის სკოლებში თებერვლის დასაწყისამდე კარანტინი გამოცხადდა.
abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, მასწავლებლებს ორი კვირა მისცეს რომ აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ შესაბამისი ზომები განხორციელდება.
აღნიშნულ განცხადებას ხელი სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა ბესლან ეშბამ მოაწერა. მისი თქმით, მთლიანობაში, ქალაქში 90-მდე მასწავლებელია ინფიცირებული.
მძიმე მდგომარეობაა გაგრაში, სადაც სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შესაბამისად, სოხუმშიც კარანტინი უნდა გამოცხადდეს, რადგან ბოლო მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში "ომიკრონის" შტამით რაიონში 150-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა.
"ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ ექიმებთან, მათი თქმით, ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ვითარების დამძიმება გარდაუვალია. ჩვენმა მთავარმა სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა მასწავლებელი უნდა აიცრას. აუცრელი მასწავლებელი სამსახურში არ უნდა გამოვიდეს. შესაბამისად, თუ სურთ მუშაობა, უნდა გაიკეთონ ვაქცინა. დაავადება პროგრესირებადია და გამოსავალი არ არის, ვაქცინა აუცილებელია" - ნათქვამია ეშბას განცხადებაში.
ამ მიმართვას ადგილობრივ მოსახლეობაში კრიტიკული განწყობები მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, "ომიკრონი" სინამდვილეში ჩვეულებრივი ვირუსია და არაფერია საშიში, მაგრამ ხელისუფლებაც და ექიმებიც შეკრულები არიან და ფულს აკეთებენ.
"რამდენიმე დღის წინ, სოხუმის რესტორან "სან რემოს" გავლენიანი ჩვენებური კრიმინალები სტუმრობდნენ. ზოგადად ამ რესტორანს ხშირად სტუმრობენ "კანონიერი ქურდები". რა თქმა უნდა ნიღაბს ვინ შეჰკადრებდა ჩვენს არაოფიციალურ მთავრობას. ცოტა ხანში რეალური ხელმძღვანელობიდან შემოუერთდნენ, ასევე, უნიღბოდ და ერთად მოილხინეს. თემაც ვიცი, ბიზნეს საკითხებზე ისაუბრეს" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუმხუმსკი.
"ვერავინ დამაჯერებს, რომ რესტორნებში მოგრიალე ბარცბას და მის კლანს რუსული "სპუტნიკი" აქვს გაკეთებული... ვიცი, რომ არც პოლიტიკოსები იკეთებენ. ანუ რანაირი ლოგიკაა, მათ არ ერჩით "ომიკრონი" და მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერჩის? საბოლოო გამოთაყვანებისკენ მიჰყავთ ერი, განათლება რა საჭიროა... არ მეგონა, ანქვაბი-ბჟანიას გუნდსაც თუ ამოსდებდა ლაგამს ბარცბა. მას ემორჩილება ბიზნესი, შსს, პროკურატურა, სპეცრაზმი, ჯანდაცვა, განათლება..." - წერს სოციალური ქსელში ადგილობრივი ევანგელინა ტუჟბა.
"უკვე ვერ გავიგე, ეს ხალხი "სპუტნიკს" არ ენდობა თუ ვაქცინას. აბა რა უნდა ვქნათ, არ ავცრათ მასწავლებლები? კანონიერი ქურდები რომ არ იცრებიან, იმაზე ვდარდობთ, თუ რა გვჭირს? როცა გვინდა ეს ადამიანები ჩვენთვის მაგალითის მიმცემია და როცა არ გვინდა - დამნაშავეები? ჩემი შვილის კლასელია ინფიცირებული, 11 წლის ბავშვი, სულ არ მაინტერესებს "ომიკრონია" თუ "დელტა"... მესამე დღეა 40-მდე სიცხე აქვს. მშობლები იეღოველები არიან და ბავშვი საავადმყოფოში არ მიჰყავთ. მითხარით, ასე დროს, აცრა სავალდებულო არ უნდა იყოს? ციხეში გავუშვებდი ასეთ მშობლებს, იმიტომ, რომ საკუთარ და სხვების შვილებსაც უქმნიან საფრთხეს" - წერს ლუიზა ბგანბა.