ავტორი:

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმების თაობაზე - რას წერს იურიდიული ფირმა BLB?

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის გაუქმების თაობაზე - რას წერს იურიდიული ფირმა BLB?

ლეგენდარულ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილსა და Netflix-ს შორის სასამართლო დავა გრძელდება. იურიდიული კომპანია BLB-ის ინფორმაციით, კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსამართლემ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვის შესახებ.

"იურდიული ფირმა BLB-ი საქართველოს ულოცავს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. გილოცავთ ამ გამარჯვებას!" - წერია კომპანიის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა სტრიმინგ კომპანია Netflix-ს გასულ წელს უჩივლა.

დავა ეხება "ნეტფლიქსის" პოპულარულ სერიალს "ლაზიერის გამბიტს", რომლის მილიონობით მაყურებელსაც, როგორც გაფრინდაშვილის საჩივარში წერია, მის შესახებ ყალბი ინფორმაცია მიაწოდეს და მისი რეალური მიღწევები გააუფასურეს.