შოთა არველაძე ინგლისური კლუბის, "ჰალ სიტის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. კლუბმა ახალი მწვრთნელი ოფიციალურად გუშინ წარადგინა. მან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"მოხარული ვარ, რომ "ჰალ სიტის" შევუერთდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ აკუნ ილიჩალის მხარდაჭერისთვის და "ჰალ სიტისთან" დაკავშირებით ხედვის გაზიარებისთვის. ეს უკვე დიდი ხანია ჩემი კარიერული მიზნების სიაშია და ჩემს კარიერაში აქამდე არსებულს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჩვენი ამბიცია მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ცხრილის მაღალ საფეხურზე ასვლა და იმ გუნდის შექმნაა, რომელსაც პრემიერ ლიგაში დაბრუნება შეუძლია. კარგი მოთამაშეები გვყავს და მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას.
გვსურს ავაშენოთ გუნდი, რომლითაც გულშემატკივრები იამაყებენ", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
მას კლუბმა თბილი დახვედრა მოუწყო, ხოლო გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში არველაძის ამ პოზიციაზე დანიშვნას არაერთი დადებითი კომენტარით გამოეხმაურნენ.
არველაძის სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო, როდესაც "ალკმარში“, ლუის ვან გალის თანაშემწედ დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე მან ორი წელი იმუშავა. 2010 წელს თურქული კლუბის, "ქაისერისფორის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, კლუბი შოთამ 2012 წელს დატოვა და ამავე წელს "ქასიმფაშა“ ჩაიბარა.
2015 წლის ივლისში 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტრაბსონსფორთან."
2017 წლიდან ტაშკენტის "ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი პოსტზე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ის უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
რაც შეეხება ინგლისურ "ჰალ სითის", კლუბში ახლა რთული სიტუაციაა. ის ინგლისის რანგით მეორე ტურნირში, "ჩემპიონშიპში" ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში 24 გუნდს შორის მე-19 ადგილს იკავებს.