ავტორი:

"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

"ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც კოვიდით გარდაცვლილი ახლობელი არ ჰყავდეს" - პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

სავსე კლინიკები, უძილო ღამეები, გადაღლილი ექიმები... პანდემიის ორი წელი და მედიცინის მუშაკები, ვინც კორონავირუსის გამოჩენის პირველივე დღიდან ერკინებიან ამ ვერაგ ვირუსს, ისინი ბრძოლის წინა ხაზზე თავდადებით იბრძვიან. არაერთი მათგანის სიცოცხლეც შეეწირა ამ ბრძოლას.

მიუხედავად ამისა, ბევრია მათ მიმართ უმადური რეპლიკა, ეჭვი, ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა... საბედნიეროდ, უფრო ბევრნი არიან ისინი, ვინც მათ შრომასა და თავგანწირვას აფასებენ.

ოთარ ჩოკოშვილი, ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი:

"ექიმის პროფესია ბავშვობიდან მიზიდავდა. რაიონში ვცხოვრობდით (საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურადან ვარ), არც ისეთი შეძლებული ოჯახი გვქონდა, მაგრამ რომ ხედავდნენ, რომ მონდომებული და წარმატებული ბავშვი ვიყავი, ყველანაირად ხელი შემიწყვეს და სწავლა სამედიცინო სასწავლებელში გავაგრძელე. თავიდან ვფიქრობდი, რომ სამკურნალო მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ რადგან ბუნებით მიყვარდა ექსპერიმენტები, კვლევა-ძიება, საბოლოოდ ეპიდემიოლოგია ავირჩიე. სტუდენტობის დროს ინფექციურში ვმორიგეობდი. როგორც კი სტუდენტობა დამთავრდა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან იყო 1 ვაკანსია, მივედით მე და ჩემი კოლეგა-მეგობარი და ბატონმა თენგიზმა ორივე დაგვიტოვა. დღემდე მადლიერი ვარ, რომ ბევრი შესაძლებლობა მოგვცა, როგორც სპეციალისტმა, პიროვნებამ, ხელმძღვანელმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან რამდენიმე დღეშივე ჩავერთე კოვიდთან ბრძოლაში. პირველი პერიოდი იყო დატვირთული, მოლოდინით აღსავსე, საინტერესო, დაძაბული იყო... ოჯახი, რათა მათთვის საფრთხე არ შემექმნა, გავუშვი კახეთში და თვითონ ვმუშაობდი. ხანდახან დღეები ისე გადიოდა დარეკვასაც ვერ ვახერხებდი ხოლმე... იყო დრო, შვილი 3 თვის უნახავი მყავდა. ვცდილობ, ჩემი პროფესიული უნარები მაქსიმალურად გამოვიყენო პანდემიის მართვაში და კომუნიკაციის კუთხითაც ვიყო ჩართული პროცესში, ბევრჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ როცა დროს გამოვძებნი, ვთანამშრომლობ ხოლმე პრესასთან და ტელევიზიასთან. პირველი პერიოდის შემდგომ დაიწყო რეგულაციები, რამდენიმე აცრის კაბინეტის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა და ვკურირებ მათ დღემდე, ასევე ტექნიკურ დახმარებას ვუწევ სხვადასხვა კლინიკებში, ვეხმარები კოვიდის კვლევაში, კონტაქტების მოძებნაში და საგანმანათლებლო - საინფორმაციო სამუშაოებშიც ვარ ჩართული.

ეპიდემიოლოგის მუშაობის შედეგი, მკურნალი ექიმის მუშაობის შედეგისგან განსხვავდება. მკურნალმა ექიმმა პაციენტი რომ განკურნა, იმ პაციენტმა იცის ვინ განკურნა და მადლიერია. ეპიდემიოლოგი კიდევ სულ მოუწოდებს საზოგადოებას - ატარე ნიღაბი, 5-6 თანამშრომელს ცალ-ცალკე უშვებს იზოლაციაში, იმიტომ, რომ კონტაქტშია, აცრის რეკომენდაციებს იძლევა დაჟინებით, მოკლედ, არავინაა კმაყოფილი ამით (იცინის). არჩევანი არასდროს მინანია. ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობს და ეძიებს. მოკლედ ეპიდემიოლოგია და ჯანდაცვა საჩემო საქმეა".

ეკა ჭოლაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი:

- რაც დაიწყო კოვიდპანდემია, ჩვენი ყოველდღიურობა შეიცვალა. ადვილი არ იყო, თავიდან განსაკუთრებით, იმიტომ რომ არ ვიცოდით რამდენად გადამდები იყო, რამდენად მაღალი იყო სიკვდილიანობა, არ ვიცნობდით ამ ვირუსს, შესაბამისად, უფრო მეტად გვეშინოდა, შესაბამისად, რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რაოდენობრივად პაციენტი არ იყო იმდენი, რამდენიც ახლა. ფსიქოლოგიურად იყო მძიმე მოცემულობა. თვითონ კოვიდში მუშაობა იყო სტრესული, ფაქტობრივად, არავინ გველაპარაკებოდა, ახლოს არ მოდიოდა ჩვენთან, ყველა საოცრად გვერიდებოდა. ახლა გაცილებით მარტივია, იმას ვგულისხმობ, რომ ვიცით, როგორია გადადება, ვიცით, რა სიმძიმისაა, მაგრამ ბევრი მძიმე პაციენტი მოდის, პაციენტის დაკარგვა კი რთულია... ძნელი გადასატანია ადამიანის დაღუპვა... ამ ბრძოლაში ყველამ ვიღაც დავკარგეთ. არ არსებობს ექიმი, რომელსაც ძალიან ახლობელი ადამიანი არ ჰყავს გარდაცვლილი კოვიდით. ზოგმა მშობელი დაკარგა, ზოგმა ბებია-ბაბუა, მეგობარი, ნათესავი... მარტივი ოვიდთან ბრძოლის არცერთი ეტაპი ყოფილა.

- უკმაყოფილო, უმადური პაციენტებიც ხომ არიან, როგორ ხვდებით მათ საყვედურებს?

- ეს ჩეულებრივი ამბავია. როდესაც ხარ ექიმი და საავადმყოფოში მუშაობ, ამისთვის მზად უნდა იყო...

- გული არ გწყდებათ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, არის ეგეთი შემთხვევებიც... ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მადლიერი პაციენტია, გადარჩენილ, კარგად მყოფს სახლში რომ გაუშვებ, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს.

ილია ქებურია, 48 წლის, კოვიდგადატანილი:

"მეორე აცრიდან რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ ხველება დამეწყო, სიცხეც მქონდა 38,5-39 მაგრამ წამალს დავლევდი თუ არა, მალევე მივარდებოდა. მეუღლემ სასწრაფოში დარეკა. რომ გაიგეს ინსულტგადატანილი ვიყავი, თან ორჯერ აცრილი, თან დიაბეტიანი, ეგრევე მოვიდნენ. გამსინჯეს, მომისმინეს, მითხრეს, - ტესტს აგიღებთ, თუ დაგიდასტურდა კოვიდი, კლინიკაში დაგაწვენთ, თუ არა, 3 დღით მაინც დაგტოვებთ, დაკვირვების ქვეშ გვეყოლებითო. რადგან ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ინფექციურ საავადმყოფოში გამაქანეს. დამეხვივნენ ექიმები, ექთნები... თან მყვებოდნენ. მეორე დღიდან სიცხე აღარ მქონია. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ექიმების, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა სკაფანდრებში იყვნენ გამოწყობილი და სახეზეც ვერ ვცნობ... ფილტვების 11-ქულიანი დაზიანება მქონდა, საშუალოზე რთულიაო, თუმცა მეცხრე დღეს გამომიშვეს, ყველაფერი ნორმაში მქონდა. ექიმები მეუბნებოდნენ, - აცრამ გადაგარჩინაო. მე საკუთარი თვალით ვნახე მედპერსონალის მუხლჩაუხრელი შრომა, მადლობა მათ!"

ნათელა რუხაძე, 70 წლის:

"8 დეკემბერს გავიკეთე მეორე აცრა და 11 დეკემბერს, შემამცივნა. მეორე დღეს უხასიათოდ ვიყავი და სიცხე აღმომაჩნდა 37,5. კოვიდი არ მეგონა. ორშაბათს წავედი სწრაფი ტესტის გასაკეთებლად და ყურს არ დავუჯერე, რომ მითხრეს, კოვიდდადებითი ხართო. შინ რომ მოვედი, ოჯახის ექიმი დამიკავშირდა, გამომკითხა ყველაფერი, დამარიგა, დამამშვიდა. 1 კვირის თავზე ჩემმა ექიმმა დაგეგმა და წამიყვანეს ანალიზებზე, მეორე დღეს დამირეკეს დედიმერი გაქვთ მაღალი, არის თრომბის საშიშროება და გჭირდებათ ჰოსპიტალიზაციაო. საავადმყოფოში მოხვედრისა ძალიან მეშინოდა, ამიტომ სასტიკ უარზე ვიყავი. ძალს მე ვიყავი და ძალს - ექიმები... ასე აღმოვჩნდი ჩაფიძის კლინიკაში. ყურადღება მომაქციეს, მომხედეს, მომიარეს, არაჩვეულებრივი პერსონალი დამტრიალებდა თავს: ლელა კოპალეიშვილი, ნესტან ლაშხი, შორენა ნოზაძე... რამდენიმე დღეში ჩემი გოგონაც ცუდად გახდა, როგორც ჩემ კონტაქტს, მასაც კოვიდი დაუდასტურდა და კლინიკაშიც შემომიერთდა. იმასაც გადაჰყვნენ ზედ. საბედნიეროდ, მხოლოდ ჩვენ არა, ყველას ასე გულისხმიერებით ემსახურებოდნენ, უვლიდნენ. მოკლედ, ამ ადამიანებმა დაამსხვრიეს ჩემში ჩაბუდებული სტერეოტიპი. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან მეშინოდა საერთოდ საავადმყოფოში მოხვედრა. იმდენი ცუდი მქონდა მოსმენილი, სოციალურ ქსელში მინახავს, როგორ ჰყვებოდნენ, - საერთოდ არ აქცევენ ავადმყოფებს ყურადღებასო. შეშინებული ვიყავი, მაგრამ ჩემ მაგალითზე გეუბნებით, არ დაიჯეროთ... როგორც ვიცი, ბევრი ადამიანის გარდაცვალება დაგვიანებული მკურნალობის ბრალია, ამიტომ აუცილებლად დროულად მიმართეთ მედიცინის მუშაკებს. ერთგულად, თავდაუზოგავად, გულიანად და პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი ექიმები. ეს ხალხი ნამდვილად ღირსია შექების და მადლობის თქმის".

ავტორი: ეკა სალაღაია