ავტორი:

რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ექსპრესმა" (Daily Express) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რუსეთის მოკავშირეები: შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგება“ (ავტორი - პიპ მერისონი).

"რუსეთმა დასავლეთი შოკში ჩააგდო უკრაინის საზღვართან ასიათასიანი არმიის განლაგებით. რაც უფრო იზრდება დაძაბულობა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და ნატოსთან ომის პროვოცირება მოახდინოს. არიან ქვეყნები, რომლებიც, ალბათ, დასავლეთთან კონფლიქტში რუსეთს მხარს დაუჭერენ“, - წერს ავტორი.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო იხრება იმისკენ, რომ კიევს ქმედითი დახმარება გაუწიოს. "დღეისათვის აშშ-მა უკრაინას უკვე საკმაოდ დიდი "სასიკვდილო ტვირთი“ მიაწოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი კიევს, თავდაცვის მიზნით, ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მისცემს. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი მართლაც გადაწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას, კრემლის ზურგს უკან მტკიცე მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი უნდა იდგეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

აი, რუსეთის ის სავარუდო მოკავშირეები, რომლებიც, ალბათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარეზე დადგებიან, თუ იგი უკრაინასთან ომს დაიწყებს.

  • ОДКБ-ს წევრები: პოსტსაბჭოური სოლიდარობა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) თითქმის ნატოს ანალოგიურად მოქმედებს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ არის დაარსებული და ფაქტობრივად, უსაფრთხოების პაქტად ითვლება. ექვსი ქვეყანა, რომლებიც მასში შედის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), წესდების მიხედვით, ერთმანეთის მხარეზე უნდა დადგნენ, რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში.

მათი უმეტესობა ან ყველა ერთად, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის დახმარებას გადაწყვეტენ და მის ხელისუფლებას გვერდით დაუდგებიან. მართალია, ორგანიზაცია თავისი წევრების საშინაოპოლიტიკური სიტუაციით არ უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ამას წინათ ყაზახეთის კრიზისისას, რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, ყაზახეთში გაგზავნა, რათა ადგილობრივ მთავრობას ფასების ზრდით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ჩაქრობაში დახმარებოდა.

ამიტომაც სავარაუდოდ, ისეთი ქვეყნები, როგორიც ყაზახეთია, ანალოგიურად აღმოუჩენენ სამხედრო დახმარებას თავიანთ მოკავშირე რუსეთს, თუ კრემლი მათ ასეთი თხოვნით მიმართავს.

გარდა ამისა, გასულ კვირას რუსეთში განაცხადეს, რომ მათ ბელარუსში წვრთნებისთვის სამხედრო ნაწილები გაგზავნეს. ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, შეტევა განახორციელოს უკრაინაზე ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან.

  • კუბა: 1962 წლის კრიზისის "დეჟავიუ“?

რუსეთს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, კუბის კომუნისტურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა და მისმა კუბელმა კოლეგამ მიგელ დიას-კანელმა "სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს და ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება გამოაცხადეს. ამ ფაქტმა გააჩინა საფრთხე, რომ კუბას შეუძლია რუსეთის მხარე დაიკავოს და აშშ-ს მიმართ მუქარის მიზნით, მოსკოვს უფლება მისცეს თავის ტერიტორიაზე ჯარი განალაგოს. გავიხსენოთ, რომ კუნძული ამერიკასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და 1962 წელს მომხდარი კრიზისული სიტუაცია ("კარიბის კრიზისი“) ჰავანას უკავშირდება.

ამ ცოტა ხნის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია RTVI-ის ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ არ შეუძლია "არც დაადასტუროს და არც გამორიცხოს“ კუბაზე რუსეთის სამხედრო ტექნიკის გაგზავნის შესაძლებლობა, თუ აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები მოსკოვის მოთხოვნას ყურადღებას არ მიაქცევენ.

  • სეპარატისტები უკრაინაში: ისევე, როგორც 2014 წელს...

უკრაინა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო 1991 წლამდე, შემდეგ კი კიევმა მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო.

მართალია, უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს დემოკრატიას და ევროპისაკენ იყურება - რუსებისაგან განსხვავებით, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობაც ცხოვრობს. სწორედ ისინი დაუჭერენ მხარს რუსეთს ისევე, როგორც 2014 წელს გააკეთეს ყირიმის ანექსიის დროს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ