ავტორი:

"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები

"ხალხი ბრიყვი კი არ არის" - NDI-ს მორიგი კვლევა და პოლიტიკური სპექტრისთვის სავალალო შედეგები

27 იანვარს, NDI-მ საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რის თანახმადაც, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნება“ დგას, 9% "ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არცერთ პარტიას.

"8%-ზე დასული ყველა დანარჩენი პარტიის მხარდაჭერა არის სრული კატასტროფა. ფაქტობრივად, ოპოზიცია მხარდაჭერის მხრივ ფსკერზეა და ამის მერე, ან ტოტალური გამოფხიზლება უნდა დაიწყოს, ან პარტიების დიდი ნაწილის პოლიტიკური ველიდან გაქრობა", - განაცხადა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ის, რომ გამოკითხულთა 53% ოპოზიციის პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობით უკმაყოფილოა, აღნიშნული კვლევის შედეგების განმაპირობებელი მიზეზია. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის საქმიანობა "ტელევიზიის ეკრანით“ შემოიფარგლება და საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების წარმოჩენასა და დაცვას არ ემსახურება.

"პოლიტიკურმა პარტიამ, ერთი მხრივ, უნდა მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების პოლიტიკურ ველზე წარმოჩენა და მეორე მხრივ, ამ ინტერესების დაცვა და რომელ ერთს აკეთებს დღევანდელი ოპოზიციის უმეტესი ნაწილი? ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ ეს არის ოპოზიციის უმეტესი ნაწილის შეფასება და დიაგნოზი. სოციალური, ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის პრობლემები, უმეტეს შემთხვევაში, ამ პოლიტიკოსების ინტერესის მიღმა რჩება და დაცვაზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია. იმის თქმა, რომ ოპოზიციაა და ვერაფერს შეცვლის, ასე არ არის. ლოკალურად, სურვილისა და მობილიზაციის შემთხვევაში, პატარ-პატარა გამარჯვებების მიღწევა და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა ოპოზიციასაც შეუძლია.

ხალხი ბრიყვი კი არ არის, გადასარევად ხედავს, რომ მათი საქმიანობა უმეტეს წილად, ტელევიზიის ეკრანით შემოიფარგლება. ტელევიზიის ეკრანის იქით მათი საქმიანობა არ ჩანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ აისახება საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე”, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, წინა კვლევებიდან გამომდინარე, გამოკითხულთა 24%-ის მხარდაჭერა "ქართული ოცნების“ მიმართ დაბალი შეფასება არ არის და კვლევაში ის ხელისუფლების კი არა, ოპოზიციის პრობლემას ხედავს. ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი და "ქართული ოცნება“ მორალურად გაცვდა, ანუ მათ "ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ“, თუმცა მისივე შეფასებით, "ქართულI ოცნება“ სტაბილური ამომრჩევლის იმ რაოდენობას ინარჩუნებს, რაც მას ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიისთვის სჭირდება.

"ამ კვლევის შედეგებში მე ხელისუფლების პრობლემას კი ვერ ვხედავ, ოპოზიციის პრობლემას ვხედავ. სრულიად ახალი აქტივობის ფორმებია დასაწყები. ჯერ ერთი, მორალურად გაცვდა ოპოზიცია, მე ამ შემთხვევაში ვინმეს მორალზე კი არ ვსაუბრობ, მაგალითად, ქარხნებზეც კი ამბობენ მორალურად დაძველდაო, როცა ექსპლუატაციის ვადა გაუვა და ამ ოპოზიციურ სპექტრშიც ნაწილს გაუვიდა ეს ექსპლუატაციის ვადა.

ექსპლუატაციის ვადა "ქართულ ოცნებასაც“, რა თქმა უნდა, გაუვიდა, მაგრამ ის ინარჩუნებს იმ სტაბილურ ამომრჩეველს, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიაა. აი, ეს 24% რომელზეც ვსაუბრობთ, არის ის სტაბილური ამომრჩეველი ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არის "ქართულ ოცნების“ სიმშვიდის გარანტია".