ავტორი:

"ვმოგზაურობთ ზურგჩანთით და წინასწარ არასოდეს ვჯავშნით სასტუმროებს" - ქართველი გოგონა, რომელიც ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ავტოსტოპით უვლის

"ვმოგზაურობთ ზურგჩანთით და წინასწარ არასოდეს ვჯავშნით სასტუმროებს" - ქართველი გოგონა, რომელიც ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ავტოსტოპით უვლის

ლიკა დუმბაძე სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს. იგი მთელ მსოფლიოში მინიმალური ფინანსებით მოგზაურობს, გამომწერებს შთაბეჭდილებებს, საოცარ თავგადასავლებს უზიარებს და ამბობს, რომ ამას ყველა შეძლებს, მთავარია სურვილი და რწმენა.

ლიკა პროფესიით ქორწილების ორგანიზატორია, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მხარეში, ამალფის სანაპიროზე მუშაობს. წელიწადში 7 თვე მუშაობს 5 თვე კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.

ლიკა დუმბაძე ამჯერად არგენტინაშია და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ:

- ჩემი მეუღლე როცა გავიცანი, ის უკვე საკმაოდ გამოცდილი მოგზაური იყო. მეუღლე გახლავთ რაფაელე ამატო... ორივემ ერთად დავამთავრეთ მაგისტრატურა - სპა და ველნესის მენეჯმენტი. პროფესიით თერაპისტია და უძრავი ქონების ბიზნესი აქვს იტალიაში. ჩემი და მისი ცხოვრების წესი ძალიან კარგად შეერწყა ერთმანეთს და ამის გამოა, რომ უკვე 7 წელია ცხოვრების ყველაზე გამომწვევ პერიოდებს ერთად გავდივართ, მათ შორის ექსტრემალური მოგზაურობაა.

ვმოგზაურობთ ზურგჩანთით, ვყიდულობთ ერთი გზის ბილეთს და 3-4 თვის განმავლობაში არჩეულ კონტინენტზე ხმელეთით გადავადგილდებით, არ ვიყენებთ შიდა ფრენებს. თავგადასავლების ძიებაში, ხმელეთით ისეთი ქვეყნების საზღვრები გადავკვეთეთ როგორიც არის - ნიკარაგუა, ელ-სალვადორი, ჰონდურასი, გვატემალა, მექსიკა, ბელიზე, კოსტარიკა. ვიმოგზაურეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ხმელეთით გადაკვეთეთ მიანმარის, ტაილანდის, ლაოსის, კამბოჯას და ვიეტნამის საზღვრები. ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობთ...

მოგზაურობის დროს ვცდილობთ ძალიან ცოტა დრო დავუთმოთ ტურისტული ადგილების მონახულებას და უფრო მეტი დრო ადგილობრივებთან ურთიერთობაში გავატაროთ. ამიტომ არის, რომ ძირითადად ავტოსტოპით და ადგილობრივი ტრანსპორტებით გადავადგილდებით, რათა რაც შეიძლება ღრმად შევიგრძნოთ ადგილობრივი კულტურა. მოგზაურობის დროს გეგმებს არ ვაწყობ, არც წინასწარ ვჯავშნი ჰოსტელებს და სასტუმროებს, ჩემთვის ყველაზე დიდი ადრენალინია, როდესაც რომელიმე ქვეყნის საზღვარს გადავკვეთ და წარმოდგენა არ მაქვს, საით უნდა წავიდე, ან ინტუიციას მივყვები ან ადგილობრივების რჩევებს. არც ბლოგების კითხვა არ მიყვარს და არც ადგილობრივი სიმბარათისა და ინტერნეტის გამოყენება. ამის გამო ხშირად შემქმნია დაბრკოლებები, რომელიც ჩემთვის თავგადასავალი უფროა, ვიდრე დაბრკოლება...

დღესდღეობით იმდენად ადვილია აიღო ფრენის ბილეთი და მოხვდე დანიშნულების ადგილზე, რომ თითქმის მოსაწყენიც კი გახდა ჩვენთვის ასე მოგზაურობა. მსოფლიოს გარშემო, ზურგჩანთით 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს უკეთესი გზა ადგილობრივების გასაცნობად, ვიდრე ავტოსტოპი... მოგზაურობაში ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ვტოვებ კომფორტის ზონას, როგორ ვლახავ დაბრკოლებებს, როგორ ვიზრდები ყოველი ქვეყნის ნახვის შემდეგ, როგორ ვიძენ მეგობრებს ყველა ქვეყანაში, როგორ ვსწავლობ მათ წეს-ჩვეულებებს, ამ ყველაფერი მიღება მე ყველაზე კარგად ავტოსტოპით შემიძლია. არასოდეს ვიცი სად წამიყვანს ცხოვრება, მაგრამ ვენდობი გზას.

- ავტოსტოპით ბოლო მოგზაურობის შესახებ რომ გვიამბოთ...

- ავტოსტოპით მოგზაურობის დროს ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ხშირად ყოფილა, რომ შუა ტრასაზე კოკისპირულ წვიმაში მოვხვედრილვართ, პატაგონიაში ერთ მომენტში ისეთი ქარი ამოვარდა მაგისტრალურ გზაზე, კინაღამ წაგვიღო. ყოფილა შემთხვევები, როცა მანქანას ისეთ სოფელში დავუტოვებივართ, სადაც ღამის გასათევი ვერ გვიპოვია და ადგილობრივებს შევუკედლებივართ ან საკმაოდ არასასიამოვნო პირობებში დაგვიძინია. თუმცა ეს ხდება ძალიან იშვიათად, ძირითადად გვაქვს პოზიტიური თავგადასავლები.

ამჯერად პატაგონიაში ორი სატვირთო და ერთი მსუბუქი მანქანის გამოცვლის შემდეგ შევხვდით ბრუნოს, რომელმაც უკაცრიელ ადგილას გაგვიჩერა მანქანა და წაგვიყვანა მსოფლიოს დასასრულში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. უშუაიაში მოხვედრა, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია, ჩვენს თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა, თუმცა ბრუნოსთან შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა. ბრუნომ შემოგვთავაზა, რომ უშუაიადან 300 კილომეტრის დაშორებით, რიო გრანდემდე მიგვიყვანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მასთან ერთად 1200 კილომეტრი და 4 საზღვარი უნდა გაგვევლო. გეგმების გარეშე მოგზაურობის დროს ყველაზე კარგი არჩევანის თავისუფლების ქონაა.

არაფერი ჯობია, როცა შეგიძლია სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, არ ხარ შეზღუდული დროში და შეგიძლია რადიკალურად შეიცვალო შენი გზა. უშუაიაში ჩასასვლელად შესაფერისი ტანსაცმელიც კი არ გვქონდა, ანტარქტიდასთან სულ რაღაც 1000 კილომეტრით არის დაშორებული. თან რაფაელს სიცივე არ უყვარს. თუმცა, ბრუნოსთან შეხვედრა ნამდვილად ნიშანი იყო, რომ ცეცხლოვან მიწაზე უნდა მოვხვედრილიყავით და ფეხი დაგვედგა მსოფლიოს ყველაზე სამხრეთ წერტილში.

დილით ადრე გავიღვიძეთ, ბრუნოსთან ერთად ვისაუზმეთ და გზას დავადექით. ბრუნოს მანქანა კი არ დაყავდა, დაფრინავდა... არგენტინის საზღვარს 4 საათში მივადექით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ იყო. იანვარი არგენტინაში ეს იგივეა, რაც საქართველოში აგვისტო. მთელი ქვეყანა არდადეგებზეა და მოგზაურობს. შესაბამისად, სასტუმროები გადავსებულია, შეუძლებელია იქირაო მანქანა, "ვესტერ უნიონიდან" გაანაღდო თანხა, ბაკნებს არ აქვთ ფული, ავტოსტოპიც რთულდება, რადგან მანქანები გადავსებულია სანათესავოთი, საზღვრებზე კი სრული ქაოსია.

6 საათი რიგში დგომის შემდეგ, როგორც იქნა დავტოვეთ არგენტინის საზღვარი, თუმცა წინ ჩილეში შესასვლელი ორსაათიანი რიგი დაგვხვდა. ისიც გადავიარეთ და როცა გგონია, რომ იქ მორჩება ყველაფერი, შენც არ მომიკვდე, მერე უნდა გაიარო რამდენიმე ასეული კილომეტრი, მოხვდე მაგელანის სრუტესთან, მაგელანის სრუტე გაიარო გემით, მერე ისევ გაიარო ასეული კილომეტრი და მიადგე ისევ ჩილეს საზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგ ქანცგამწყდარი მილასლასდები არგენტინის ბოლო საზღვართან.

სულ 12 საათი მოვუნდით 4 საზღვრის გადაკვეთას და როგორც იქნა მოვხვდით Tierra del Fuego - ზე. ( ცეცხლოვანი ქალაქი). ცეცხლოვან ქალაქს იმიტომ ეძახიან, რომ როდესაც მისიონერები მოადგნენ ამ კუნძულს ზღვიდან დაინახეს მთელი კუნძულის გარშემო ადგილ-ადგილ ენთო ცეცხლი, რომელსაც ინდიელები გასათბობად ანთებდნენ. ამიტომ უწოდეს ცეცხლების ქალაქი.

- პანდემიამ რამეში შეგაფერხათ?

- პანდემიის დროს უფრო სხვა ტიპის მოგზაურობა დავიწყე. 2020-2021 წლებში ვიმოგზაურე დომინიკის რესპუბლიკაში, გერმანიაში, კვიპროსში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ვნახე ქვეყნები... ისეთები, რომელსაც ალბათ ვეღარასოდეს ვნახავ. სრულიად ცარიელი ტურისტებისგან, ვენეციაში ნამდვილ ვენეციელებთან ერთად მარტო დავსეირნობდი ქალაქში, დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო. ხალხისგან ცარიელი ამსტერდამი ნამდვილ ზღაპარს ჰგავდა. მოვიარე მუზეუმები, სადაც ჩვეულებრივ დროს თვეებით ადრე უნდა იყიდო ბილეთები, მერე საათობით რიგში უნდა იდგე რომ შეხვიდე. ცარიელი ვატიკანის მუზეუმის ნახვა წარმოგიდგენიათ? ან და-ვინჩის ფრესკის "საიდუმლო სერობასთან" საათობით მარტო დგომა.

რეგულაციების გამო შეფერხებები რა თქმა უნდა გვქონდა, რამდენიმე კვირის წინ ბოლივიას საზღვარი ფაქტობრივად ცხვირწინ ჩაგვიკეტეს. პანდემიის დროს მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ეგ არის, არასოდეს იცი რომელი ქვეყანა როდის შეცვლის რეგულაციას, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა დაბრკოლება ჩემთვის თავგადასავალია.

პანდემიამ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამეში შემაფერხა. უბრალოდ, სხვა გზით წამიყვანა. უფრო მეტიც, პანდემიამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ივენთების ჩატარება ჯერ ისევ აკრძალული იყო, რადგან არ ვიცოდი ეს როდემდე გაგრძელდებოდა, დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ შემოსავალი გამჩენოდა. მაშინ მომივიდა აზრად რომ თუ ღონისძიებების დაგეგმვა ადგილზე შემიძლია, ახლა ყველაფერი ონლაინ ხდება და ონლაინაც შევძლებ იგივე გავაკეთო-თქო.

შევისწავლე რამდენიმე პროგრამა და ასე ონლაინ დავიწყე კონფერენციების, "თრეიდ შოუების", "ვებინარების", ასევე კონცერტების ორგანიზება. ასე გავხდი ვირტუალური ღონისძიებების ორგანიზატორი და დავიწყე თანამშრომლობა ჯერ კანადურ "ივენთ კომპანიასთან", ახლა კი ჰიბრიდულ ღონისძიებებზე ვმუშაობ.

ასე რომ, პანდემიამ უამრავი შესაძლებლობა გამიხსნა, რადგან ჩემს გონებას საშუალება მიეცა კრეატიულად ეფიქრა და კიდე უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მზად უნდა ვიყო ნებისმიერ მომენტში შეიძლება ისევ ნულიდან მომიწიოს ცხოვრების დაწყება. ამიტომ არის აუცილებელი სხვადასხვა ტიპის გამოცდილების მიღება, ყოველ ჯერზე უფრო მეტად რწმუნდები საკუთარ ძალებში და უფრო მეტად მოქნილი ხდები.