ავტორი:

"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

"ეს მიწა ბაბუამ გვაჩუქა... როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ" - თბილისიდან ბოლნისში გადასახლებული ახალგაზრდა მეურნეების ოჯახი

სანამ ახალგაზრდა წყვილი ქეთევან ისიანი და რომიკო ბოქოლიშვილი ბოლნისში საქმიანობას წამოიწყებდნენ, თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ უკვე მესამე წელია, რაც დროის უმეტეს ნაწილს ბოლნისში, თავიანთ ბაღებში ატარებენ და ორ შვილსაც იქ ზრდიან...

"ჩემთვის აქაურობა არ არის უცხო და ამიტომ ადვილად გადმოვსახლდით. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წელიწადი სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი, შემდეგ სოცმედიამ გამიტაცა და ბოლოს, სრულიად მოულოდნელად, აგროსფეროში აღმოვჩნდი", - ამბობს ქეთევან ისიანი ჩვენთან საუბარში.

- ჩემი მეუღლე ყოველთვის იყო დაინტერესებული ამ სფეროთი. 2018 წელს ბაბუამ რამდენიმე ჰექტარი მიწა გვაჩუქა და უკვე სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი, რომელი კულტურა გაგვეშენებინა. შემდეგ ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომპანია დავაარსეთ. ამ ეტაპზე 80 ჰექტრამდე მიწაზე ნუში და კაკალი გვაქვს გაშენებული.

- ბოლნისი უმეტესად ბოსტნეული კულტურებით არის ცნობილი. თქვენ კი კაკლის და ნუშის ბაღები გააშენეთ.

- გავითვალისწინეთ ნიადაგი და კლიმატი, ბევრი ინფორმაციაც მოვიძიეთ. კაკალი და ნუში არ არის მალფუჭებადი პროდუქტი, ამიტომ არასტაბილური გარემოდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. სეტყვის შემთხვევაშიც ნაკლებად ზიანდება. გარდა ამისა, მსოფლიოს ბაზარს ვერ აკმაყოფილებს ის რაოდენობა, რაც დღეს არის. ამ კულტურების გაშენება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ.

- და იდეის განსახორციელებლად თქვენი კუთხე ხელსაყრელი აღმოჩნდა...

- საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის დიდი შესაძლებლობებია. მიწა ნაყოფიერია და ამით ქვემო ქართლიც გამოირჩევა. აქ, ძირითადად, ერთწლიან კულტურებს ანიჭებდნენ უპირატესობას. მრავალწლიანი ბაღების გაშენება კი სულ რამდენიმე წელიწადია დაიწყო და წარმატებით გრძელდება. 2019 წელს ბოლნისმა მიკროზონის სტატუსი მიიღო, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა ადგილწარმოშობის დასახელების მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოონ. თავიდან, როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ბევრ პრობლემას შევეჯახეთ. ეს პრაქტიკული ცოდნის არარსებობამ განაპირობა.

- აღნიშნავთ, რომ თავიდან არაერთი სირთულე შეგხვდათ მუშაობისას. რა იყო ეს სირთულეები?

- როდესაც დავიწყეთ ბაღის გაშენება, არ გვქონდა პრაქტიკული გამოცდილება, აქედან გამომდინარე დავუშვით გარკვეული შეცდომები კერძოდ, ნერგის შერჩევა, ნიადაგის დამუშავების მეთოდი, ნიადაგის განოყიერება და ა.შ. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა.

- სახელმწიფო რაში დაგეხმარათ?

- ბევრი ჩანაფიქრი განვახორციელეთ პროექტით "დანერგე მომავალი". ეს გულისხმობს ნერგების 50%-ის და სარწყავი სისტემის 70%-ის თანადაფინანსებას. სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვცა შანსი და სტიმული, გაგვეკეთებინა პროექტი, რომელიც შეცვლიდა უამრავი ადამიანის ცხოვრებას. ვფიქრობ, ასეთი მხარში ამოდგომა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია. საქართველოში 2015 წლიდან ბევრი ბაღი გაშენდა, განსაკუთრებით - ნუშის. ვფიქრობ, ჩვენ 2024 წლისთვის გვექნება იმდენი მოსავალი, რომ მსოფლიო ბაზარზეც შევძლებთ გატანას.

- ნუში ექსპორტით პირდაპირ უნდა გაიტანოთ, გადაამუშაოთ თუ სხვას ჩააბაროთ გადასამუშავებლად?

- ამ ეტაპზე გვაქვს სანერგე მეურნეობა, გამოგვყავს იტალიური ჯიშის, სუპერნოვას გვიან მოყვავილე ნუშის ნერგები. ეს სხვა ფერმერებს საშუალებასა და შესაძლებლობას მისცემს, აქვე შეიძინონ ხარისხიანი ნერგები. სამომავლოდ ვაპირებთ ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს აშენებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისთვის, ამით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

- დღეს უკვე ახალგაზრდა წარმატებული მეურნეები ხართ. თავიდან ბაბუისგან რომ არ გადმოგცემოდათ მიწის ფართობი მემკვიდრეობით, მიაღწევდით თუ არა ამ შედეგებს?

- ეს ყველაფერი რაც დღეს შევქმენით რა თქმა უნდა, ბაბუის დიდი დამსახურებაა, თუმცა მონდომებით და ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევძელით ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, დღესდღეობით კი უკვე საკმაოდ დიდი კომპანია გვაქვს "აგრო ბალავარი", დასაქმებული გვყავს უამრავი ადამიანი, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს საქმიანობა თქვენთვის?

- როდესაც ვუყურებთ შედეგს, უდიდესი სიამაყის გრძნობა გვეუფლება, ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ მიწის ნაკვეთი, მთელ გულს ვდებთ და უზომოდ გვიყვარს აქაურობა, ყველას გისურვებთ ასევე გიყვარდეთ თქვენი საქმე როგორც ჩვენ.

- ამ ყველაფრის ფონზე გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო?

- ეს საქმიანობა ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ფუნქციები გადანაწილებული გვაქვს, მაგრამ დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება, თუმცა იმდენად ბედნიერები ვართ, რასაც ვაკეთებთ, ეს დაღლაც კი სასიამოვნოა.

- რას ურჩევდით, ვინც მეურნეობის წამოწყებას აპირებს - თუ ღირს საქმის დაწყება და ამისთვის რა უნდა გაითვალისწინონ?

- ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში საქმიანობას, მათ ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ, სიღრმისეულად შეისწავლონ ესა თუ ის კულტურა და შემდგომ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა ინვესტიციის დაბანდება. სახელმწიფო პროგრამებიც მაქსიმალურად გამოიყენონ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნის მიწის რესურსის სწორად ათვისება და გამოყენება, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ ყველა ფერმერს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახლა იწყებს.