დღეს, დილიდან ე.წ. ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, პოლიცია და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული და იქ არსებულ ნაგებობებს ანგრევდნენ, რომლებიც, მათი თქმით, უკანონოდ იყო აშენებული. ამ ნაგებობების პატრონების განცხადებით კი, მათ ღამის გასათევი სხვაგან არ აქვთ, ამიტომაც ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას.
ერთ-ერთი მოქალაქე კახა ილურიძე, რომლის სახლიც დაინგრა, ამბობს, რომ, დაახლოებით, 14 ნაგებობის დემონტაჟი მოხდა, მათი ნაწილი მშენებარე იყო.
კახაბერ ილურიძე:
"ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ ვცხოვრობ ამ დასახლებაში, 2013 წლის შემდეგ. ვაკეში, ბანკი "ქართუს“ უკან მქონდა სახლი, ხევში, რომელიც წყალმა წაიღო. მეტროდან რომ ამოჰყვეთ, ასეთი 700 ოჯახია დასახლებული ამ ტერიტორიაზე. სახლი არ მქონდა გაფორმებული. კომპენსაცია მომცეს და არ ვკიდებდი ხელს, 135 ათასი მომცეს. ვაკეში 135 000 ღირს 1000 კვადრატი? არ ვაწერდი ხელს და სიტყვიერად მითხრეს, სადაც გინდა, იქ აიღე ნაკვეთი, სახლი ააშენე, ხელს არ შეგიშლითო. ამ დილას მოაყენეს ბულდოზერები და სახლი დამინგრიეს. მარტო სახურავი 5000 ლარი დამიჯდა. აქ მარტო ვცხოვრობდი. არ ვამბობ, რომ ბინა არ მაქვს, 2 ბინა მაქვს მაქვს ვაკეში, მაგრამ ყველაფერი ბანკში მაქვს ჩადებული. იმიტომ, რომ თვითონ მთავრობამ მითხრა, - ნაკვეთი მონახე, ბინა ბანკში ჩადე და ამ ფულით ააშენე სახლიო. მერე გადამიკეტეს მისასვლელი გზა, ტელეფონიც გამითიშეს, აღარავინ მეკონტაქტებოდა.
თავიდან მითხრეს, რადგან ორი შვილი გყავს, ტერიტორიას მოგცემთ და ააშენე ბინაო. აღარ მომცეს ნაკვეთი, მოგვატყუეს. მერე მითხრეს, შენ მოძებნე ნაკვეთი, სადაც გინდა და იქ აიშენე, ჩვენ მოგეხმარებით, პრობლემა არ შეგექმნებაო. ახლა თქვენც ხედავთ, რაც ხდება. მაგათ შემიყვანეს შეცდომაში, თორემ რა ვიცოდი, რა იყო და სად იყო ვარკეთილის მეურნეობა?!
მოვითხოვ, კალაძეს შემახვედრონ და მე თუ ვარ მტყუანი, ყველა ტელევიზიით ბოდიშს მოვუხდი ამ მთავრობას.... ჯერ კაციშვილი არ მოსულა. აქვე ზემოთ ხის ქოხებიც კი დაუნგრიეს ხალხს, 14-მდე სახლი დაანგრიეს.
მე 60 კვადრატული მქონდა. მარტო ჩონჩხი რომ ყოფილიყო, გული არ დამწყდებოდა. მართალია, ევრორემონტი არ მქონია, მაგრამ მაინც გაკეთებული მქონდა.
ახლა გარეთ ვარ, ქუჩაში, გარეთ ვჭამ და ვსვამ. კაციშვილი არ მოსულა, რომ დამლაპარაკებოდა".