მე მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინაამღდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მან უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
"დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.
დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.
ასე რომ, მინდა იმედის გამოთქმა დღეს, რომ ეს ყველაფერი გადავა იმაში, რაშიც უნდა გადავიდეს, ანუ დიალოგის ფორმატში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.