ოჯახის ინფორმაციით, რუსთავის კლინიკაში მიცვალებულები აერიათ და ბებიის ნაცვლად სხვისი ცხედარი გამოატანეს. მომხდარის შესახებ AMBEBI.GE-ს თეა წიკლაურმა მოუყვა, რომლის ბებია, 89 წლის ეთერ ოდიკაძე-წიკლაური კლინიკაში 20 დეკემბერს გარდაიცვალა.
მისი თქმით, კლინიკიდან დღემდე არავინ შეხმიანებია და ოჯახისთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ.
თეა წიკლაური:
- საყვარელი ბებია დამეღუპა. ბებო მთაში, სოფელ ჭერემში ცხოვრობდა. ახალი წლის პერიოდში ჩამოვიყვანეთ, კონსულტაციის ჩასატარებლად. ერთ დღეს იქაურმა მეზობელმა მოუყვა, რომ მის ეზოში საქონელი შეუშვეს და რაღაცები გაუფუჭდა. ისე ინერვიულა, რომ სამი დღის მანძილზე ვერ ვცნობდით. იდარდა და მეტყველება წაერთვა. ბებია საბოლოოდ რუსთავის კლინიკაში გადავიყვანეთ, ყველაზე ახლოს ეს იყო. 7 დეკემბერს შევიყვანეთ და 20 დეკემბერს დაიღუპა.
- რა ხდებოდა ამ ორი კვირის მანძილზე, როგორი ურთიერთობა გქონდათ კლინიკასთან?
- ძალიან კარგი მორიგე ექიმი შეგვხვდა, ცოდვას ვერ ვიტყვი. 20 დეკემბერს 11 საათისკენ დამირეკა და მითხრა, რომ ბებიას სიტუაცია დამძიმდა... მივხვდი, რომ შემამზადეს. ოთხ საათზე დამირეკეს, რომ დაიღუპა. ადგილზე მე და ჩემი ძმა ჩავედით, სადაც ერთი მამაკაცი და რამდენიმე ქალი დაგვხვდა, რომელიც ჩხუბობდნენ, გაგვატანეთ ჩვენი მიცვალებული, ამდენი ხანია გელოდებითო. როდესაც ესენი აიყვანეს და მიცვალებული გაატანეს, აღმოჩნდა, რომ შეცდომით ბებიაჩემის ცხედარი გაუტანებიათ.
ჩვენი კატაფალკა რომ მოვიდა, იქ გავარკვიე, რომ რეანიმაციაში ორი ქალი ეწვათ და ისე მოხდა, რომ ორივე იმ დღეს დაიღუპა. ხელს რომ ვაწერდი გარდაცვალების საბუთს, დავინახე მხოლოდ ჭაღარა თმა. წამიერად მოხდა ყველაფერი... გზაში გვამს რომ ვაკვირდებოდი, გაოცებული ვიყავი, იმდენად გამხდარი და მსუბუქი იყო... ტირილი დავიწყე, ნეტა აჭმევდნენ საჭმელს-მეთქი, რადგან ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად მიგვქონდა საკვები. ვერ ვიჯერებდი, რომ ათ დღეში ასე დაეკლო წონაში.
სახლში რომ მოვედით, ბებიას ცხედართან პათანატომი იყო... აცმევდა და სპეციალურ მაცივარში უნდა ჩაესვენებინათ, როდესაც უკანა მხრიდან დავინახე, რომ მიცვალებულს ფრჩხილზე წითელი ლაქი ესვა და თმა სამ სანტიმეტრზე ჰქონდა შეჭრილი. ბებოს მშრომელი ხელები ჰქონდა, თმაც არ ჰქონდა ამ სიგრძეზე...
მოვტრიალდი და ვიყვირე, სხვისი მკვდარია ჩვენ სახლში-მეთქი. კანკალი დავიწყე, შიში დამეუფლა, შოკში ვიყავი. დავრეკე კლინიკაში და ვიკითხე, ვისი მკვდარი გამომატანეთ-მეთქი. იმის შემდეგ იმ ნომრიდან არავინ დამკავშირებია. მეგონა შეეშალათ და ბებო ცოცხალი იყო... უცებ პათანატომმა თქვა სამი საათის წინ კრწანისის აგარაკებზე კიდევ ერთი მოხუცი მიცვალებული მოვაწესრიგე, კაბას რომ ვაცმევდი აშკარად პატარა ჰქონდაო. აღმოჩნდა, რომ მან გვაპოვნინა ჩვენი მიცვალებული. ასე მივიდა ჩემი და იმ უცხო ოჯახში, სადაც ბებია ესვენა.
- ამდენი ხანი რატომ არ გაახმაურეთ ეს ამბავი?
- მე მათ ვუთხარი, რომ ჯერ ჩემი მიცვალებული მყავდა მისახედი. დღესაც ვტირი ბებიაჩემს. გუშინ ბებიას ორმოცი იყო, აქამდე ველოდებოდი, რომ კლინიკა გამომეხმაურებოდა და ბოდიშს მაინც მომიხდიდნენ. ბებოს არავინ გამიცოცხლებდა და სკანდალის ატეხვას არ ვაპირებდი... ხომ შეიძლებოდა საწოლზე, სადაც იწვნენ სახელი და გვარი მაინც დაეწერათ. ვუთხარი, მომატყუეთ და რამე მითხარით-მეთქი. დღეს მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რადგან პასუხი არ გამცა არავინ.
AMBEBI.GE კომენტარისთვის რუსთავის კლინიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. კლინიკა ,,რუსთავში" აცხადებენ, რომ 20 დეკემბერს, ორი დაახლოებით ერთი ასაკის ქალბატონი გარდაიცვალა.
"როდესაც ერთ-ერთის ოჯახი, გარდაცვლილის გადასასვენებლად მოვიდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ცხედარი შვილს აჩვენეს. შვილმა განაცხადა, რომ ნამდვილად დადამისი იყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი კლინიკიდან სახლში გადასვენება. როგორც ჩანს, ამოცნობის დროს მათ შეეშალათ და შეცდომით 89 წლის ეთერ ოდიკაძე-წიკლაურის ცხედარი გადაასვენეს" - აღნიშნავენ კლინიკაში.