ავტორი:

"სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს... ქირის 300 ლარს მთავრობა უხდიდა" - ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები?

"სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს... ქირის 300 ლარს მთავრობა უხდიდა" - ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები?

გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით შანიძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 32 წლის ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები - 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი.

გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა და გარდაცვლილები ბინაში დღეს ნახეს.

"ამ ოჯახის ახლობელი ვარ. ჩემი ახლობელი წინა კვირას შემხვდა - მითხრა, გლდანში ქირით გადავდივართ, 300 ლარს მთავრობა გვიხდის და 200 ლარი ჩვენ უნდა დავამატოთო. როგორც მითხრა, აქ უკეთესი პირობები ექნებოდა. როგორც გავიგე, უბედური შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

რუსუდან ზაალიშვილი ქალიშვილებთან ერთად

AMBEBI.GE გარდაცვლილი ოჯახის კიდევ ერთ ახლობელს ესაუბრა:

"რუსკა ძალიან საყვარელი გოგო იყო, ბევრი ტანჯვა აქვს გამოვლილი... ის და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდა და სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. მეტს ვერაფერს გეტყვით, შოკირებული ვარ, ისე მატკინეს გული...." - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

მარიანა და დარეჯან შანიძეები და მათი ძმა, დავით ზაალიშვილი

თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

"დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე.

გთხოვთ, არ გარისკოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად. დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.