"ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს" - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, გრიპთან შედარებით მაინც სახიფათოა.
"არსებობს მოსაზრება, რომ "ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არ იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე "დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის.
"ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ყველას კგაკონტროლების“ შესაძლებლობა აღარ იყო.
"როდესაც ჩვენთან პანდემიამ გადალახა რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე აღემატებოდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური რესურსის შესაძლებლობას, რომ ყველა გაეკონტროლებინათ, აი, მერე წავიდა უკონტროლო მატება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პანდემიის მართვის სადავეები გაიქცა, ცერცვაძემ უპასუხა: " გაგვექცა, ყველას გაექცა“.
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო სექტორი კარგად მართავს სიტუაციას და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს არ განიცდის.
"მიუხედავად ჩვენი ოპონენტების შენიშვნებისა, რომ სამედიცინო სექტორი "ომიკრონს“ მოუმზადებელი შეხვდა, რომ კოლაფსი აქვს ჯანდაცვის სისტემას, სად არის კოლაფსი? კოლაფსის შორეული ნიშნებიც კი არ შეინიშნება ჩვენს ჯანდაცვაში, პაციენტების ნაკადებს კარგად უმკლავდებიან“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, არსად იმდენი ტესტი არ კეთდება 1 მილიონ მოსახლეზე, როგორც საქართველოში.
"ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.