ავტორი:

"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." - ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე

"გიგისთან თავს შერცხვენილად ვგრძნობ..." -  ნარკოტიკები, პატიმრობა და ოჯახური პრობლემები: გუკა რჩეულიშვილი საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდებზე

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა, რეჟისორმა გუკა რჩეულიშვილმა "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ნოესთან", საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდების შესახებ ილაპარაკა. გუკა შეეხო ნარკოტიკების თემასაც და აღნიშნა, რომ მათი მოხმარება 13 წლის ასაკიდან დაიწყო.

"13 წლიდან ვიღებდი ნარკოტიკებს. ეს 90-იანი წლების პერიოდი იყო, მაშინ ქუჩის ბიჭები მოსწონდათ გოგოებს, ქუჩის ბიჭები კი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ, ამიტომ დავიწყე... ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა აკრძალვებით არ ხდება, როგორც კი ლიბერალური იქნება კანონი, ნარკოტიკი დაკარგავს რომანტიკას და ბავშვებისთვის არ იქნება მიმზიდველი. ვიღაც გოგოს თავი რომ მოაწონო, არ დაგჭირდება ნარკოტიკი, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება." - აღნიშნა მან.

გუკას თქმით, ნარკოტიკები მისი ოთხივე ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა.

გუკა ახლა მეოთხე ქორწინებაშია ლელა კილაძესთან, რომელთანაც, გარკვეული პერიოდი, დაშორებული სწორედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო იყო. 2020 წელს ლელა კილაძემ თავად მიმართა სამართალდამცავებს, რის შემდეგაც გუკას ოჯახური ძალადობის დანაშაულის ბრალდებით ციხეში გარკვეული პერიოდის გატარება მოუხდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.

გადაცემაში გუკა რჩეულიშვილმა გაიხსენა ლელა კილაძის გაცნობისა და მასზე დაქორწინების მომენტები. მისი თქმით, როდესაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, ორივე ქორწინებაში იყო. ლელა კილაძე მაშინ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე იყო.

"ლელას ვიცნობდი ბევრი წლის განმავლობაში. მარტო მივედი ერთ-ერთ კლუბში, თვითონ იყო თავის მეგობრებთან ერთად. ჩავეხუტე და ისე სხვანაირად ჩავეხუტე, მივხვდი, რომ ჩემთან იქნებოდა. მაშინ მე ცოლი მყავდა და მას - ქმარი. მორალურ მხარეზე არ მინდა ლაპარაკი. თუმცა არსებობს ასეთი გამონათქვამი: ის სიყვარული და ქორწინება შეიძლება შედგეს ბედნიერად, როდესაც მისი მონაწილეების ერთად ყოფნის წინააღმდეგია საზოგადოებაო. დანარჩენი სხვა სიტუაცია, საზოგადოების შეკვეთაა. ჩემი გადაწყვეტილებები სულ წინააღმდეგობაში იყო საზოგადოებასთან... მე და ლელა პირველი შეხვედრიდან წელიწადნახევარში დავქორწინდით." - თქვა მან.

გუკას თქმით, აღნიშნულ საკითხზე, მას გიგი უგულავასთან მძაფრი საუბარი არ ჰქონია, თუმცა მის წინაშე თავს შერცხვენილად გრძნობს.

"გიგის შევხვედრივარ, თუმცა მასთან მძაფრი საუბარი არ მქონია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გიგი ძალიან ცოტა ადამიანთა სიაში შედის, ვისთანაც შერცხვენილი ვარ. მეგობარი არ იყო, მაგრამ ვიცნობდი და გარკვეული ურთიერთობა გვქონდა." - აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა.

გადაცემაში ილაპარაკა ლელა კილაძემაც. მან ის რთული პერიოდი გაიხსენა, როდესაც მოუწია საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაეწყო.

"გუკა კარგი ბიჭია, საინტერესო, მოგზაური, მოხეტიალე ადამიანი. ძალიან ბევრი რამე გავიარეთ ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად თავიდან დავიწყეთ ყველაფერი.

გუკა თავიდან დავინახე და გავგიჟდი-მეთქი, ასე არ იყო. ვმეგობრობდით. ჩემი მეგობარი ამბობდა: აი, რა კარგი ბიჭია, რა კარგი იუმორი აქვს, გუკასთან სხვანაირადაც გაერთობა ადამიანიო. გართობაში აღმოვაჩინე, რომ შემიყვარდა და ეს არც ისე იოლი იყო. ის ძალიან თავისუფალი, მოხეტიალე ადამიანი იყო. მე გარკვეულ პასუხისმგებლობებს ვერ გავართვი თავი და ამაზე ვწუხვარ.

იყო ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტები, ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მე სამართალდამცავებს მივმართე მის წინააღმდეგ. საფრთხეს გვიქმნიდა მისი მდგომარეობა ჩვენს ოჯახს და ბავშვებს... მაიამ და რუსუდანმა ციხიდან ძალა მომცეს, რადგან მარტო ძალიან გამიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მაშინ მქონდა ბრაზი, თან მინდოდა გადარჩენილიყო, პირველი ამოცანა იყო ის, რომ უბრალოდ ცოცხალი ყოფილიყო. არ ვიცოდი როგორ გამოჯანმრთელდებოდა, ამის იმედი არ მქონდა. არ მჯეროდა, რომ გუკა ყველაფერს შეცვლიდა, მაგრამ სადღაც მინდოდა და ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. და იმაზე ბევრიც მოხდა შემდეგ, ვიდრე წამომედგინა." თქვა ლელა კილაძემ.

გუკა რჩეულიშვილის თქმით, მაშინ მას ციხეში ყოფნა სჭირდებოდა და ამას გრძნობდა. საბოლოოდ, როგორც თავად თქვა, ამ ყველაფერმა საუკეთესო შედეგი გამოიღო და დღეს მას თამამად შეუძლია თქვას, რომ ნარკოტიკებს არ მოიხმარს.