ავტორი:

"პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები არის პენსიონერების სამეჯლისო ცეკვები - ქალბატონო სალომე, გინდათ მხარდაჭერა? დადეთ კონკრეტიკა" - გია ხუხაშვილი

"პრეზიდენტის პოლიტიკური ნაბიჯები არის პენსიონერების სამეჯლისო ცეკვები - ქალბატონო სალომე, გინდათ მხარდაჭერა? დადეთ კონკრეტიკა" - გია ხუხაშვილი

"ქალბატონო სალომე, გინდათ მხარდაჭერა? დადეთ კონკრეტიკა და იმ კონკრეტიკის გატანა თქვენ თუ არ იცით, ჩვენ გასწავლით" - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რა დროსაც საქართველოს პრეზიდენტის მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი აქცენტები და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

ექსპერტის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს ეროვნული თანხმობის პროცესში კონკრეტული ხედვები არ წარუდგენია და მან ზურაბიშვილის პოლიტიკური ნაბიჯები პენსიონერების სამეჯლისო ცეკვებს შეადარა.

გია ხუხაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს, როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, ეროვნული შეთანხმების მოდელის წარდგენა, საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და პოლიტიკური პროცესების დაწყება შეუძლია, თუმცა ის ამას არ აკეთებს.

"მას, როგორც პრეზიდენტს შეუძლია დადოს მოდელი, მოიპოვოს ამ მოდელის გარშემო საზოგადოების მხარდაჭერა და გარკვეული პოლიტიკური პროცესი დაიწყოს. მან შეიძლება საკანონმდებლო პაკეტი დადოს და მისი მიღების მექანიზმები არ ჰქონდეს, მაგრამ მას შეუძლია ფართო საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლებაზე ცივილიზებული ზეწოლა განახორციელოს, იმისათვის, რომ ეს პაკეტი, რომელიც გულისხმობს სამართლიანი თამაშის წესებს, იქნას მიღებული. ეს ხომ შეუძლია? ამასაც ხომ არ აკეთებს, მაგაშია საქმე.

მხარდაჭერა ხომ არ არის აბსტრაქცია. მხარდაჭერა სჭირდება კონკრეტიკას. დადოს კონკრეტული ინიციატივა და იქნება დავუჭიროთ მხარი. თუ თვითონ არ ესმის, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პროცესი საზოგადოების მხარდაჭერით, მე ავუხსნი მას და დავეხმარები, რათა ამის ორგანიზება გავაკეთოთ და მასთან ერთად ხელისუფლებაზე იმ ტიპის ზეწოლა განვახორციელოთ, რაც შედეგზე იქნება ორიენტირებული," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით მხოლოდ დასავლეთის კეთილგანწყობას მოიპოვებს და პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

"სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ შედეგს რასაც მიიღებს ისაა, რომ მისი პირადი პოზიციები დასავლეთის თვალში იქნება წონადი. იმიტომ, რომ სულ რაღაცებს ლაპარაკობს, სულ რაღაცებს ფიქრობს. თუ ასე გააგრძელა, ამ ყველაფრისგან მეტი შედეგი არაფერი ექნება. ქალბატონო სალომე, გინდათ მხარდაჭერა? დადეთ კონკრეტიკა და იმ კონკრეტიკის გატანა თქვენ თუ არ იცით, ჩვენ გასწავლით", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, "ხელისუფლებასთან ხიდები არ ჩატეხოს".

"ხელისუფლება საკმაოდ ხისტია და როგორ ჩანს, იქ გარკვეული დაძაბულობა უკვე არსებობს და არ უნდა, იმ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რაც ამ პროცესში დამატებით თავის ტკივილს გააჩენს. მას აქვს ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების კომპლექსი. ამ კომპლექსისგან ის არაა გათავისუფლებული. ამიტომ ვამბობ, რომ მისი პოლიტიკური ნაბიჯები არის პენსიონერების სამეჯლისო ცეკვები. დაახლოებით, რიტუალური ცეკვის ხასიათს ატარებს მისი ქმედებები", - განაცხადა ხუხაშვილმა.