ავტორი:

"პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - როგორია მამის მიერ დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - როგორია მამის მიერ დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები, - ამის შესახებ გორში მომხდარი ოჯახური კონფლიქტისას, მამის მიერ დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა "გორმედის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ტატო ქაჯაიას ინფორმაციით, მოსალოდნელია უამრავი გართულება, რის გამოც ხდება მათი პრევენცია.

"დაზიანებები იყო მრავალგვარი და ბევრი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო დაზიანებული, ეს არის მარჯვენა ფილტვი და პლევრა. ასევე, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გაჭრილი წვრილი ნაწლავი, შესაბამისად, გაკეთდა დიდი მოცულობის, ე.წ. ფართო მასშტაბის ოპერაცია. აღდგენილ იქნა ფილტვის ქსოვილის მთლიანობა და პლევრა დრენირებულია. კუჭი გაიკერა ორივე ადგილზე, პანკრეასი გაკერილია, სამწუხაროდ, მოხდა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ნაწლავის ამოღება, რადგან დაზიანებები იყო იმდენ ადგილზე, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

მთლიანობაში, პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. შოკიდან პაციენტი ჯერჯერობით არ გამოსულა, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ. მოსალოდნელია უამრავი გართულება, ხდება ამ გართულებების პრევენცია, მაგრამ გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება, არ არის. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს, გორში მოხდა, 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა.

უთანხმოების მოტივი უცნობია, მეზობლების ვერსიით, დანით შეიარაღებული 82 წლის მამა 47 წლის შვილს სავარაუდოდ მძინარეს დაესხა თავს.

შსს-ს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.