ფრანგებისა და ქართველების მეგობრობაზე ბევრი რამ გვსმენია და ამ ურთიერთობის ამსახველი მასალა ძველ ქართულ ფილმებშიც გვინახავს, წიგნებში წაგვიკითხავს, მაგრამ ახლა მინდა გაგაცნოთ ახალგზარდა ფრანგი, რომელსაც ქართულმა მუსიკამ და ცეკვამ საქართველო ისე შეაყვარა, რომ მხოლოდ აქ ჩამოსვლის სურვილი კი არ გაუჩნდა, ჩვენი ენაც საკმაოდ კარგად შეისწავლა და დღეს ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა თავის ქვეყანაში... ამ ყველაფრის გვირგვინი კი ის გახლავთ, რომ ცოლად ქართველი ლიკა ვეკუა შეირთო, რომელიც თავის მხრივ, სულ სხვა კუთხით ცდილობს საქართველო გააცნოს უცხოელებს და ამ მიზნით, ძირითადი საქმის პარალელურად, კომპანია შექმნა, რომელიც ქართული ხელნაკეთი ნივთების წარმოჩენასა და რეალიზაციაზე ზრუნავს...
ფაბიენ მოღნე:
- 38 წლის ვარ. ერთ პატარა, ლამაზ ფრანგულ ქალაქში, დასავლეთში, ოკეანესთან ახლოს დავიბადე. პროფესიით მუსიკოსი გახლავართ და როგორც გიტარისტი, ვმუშაობ კინომუსიკაზე, ტელევიზიის ბენდებისთვის, ასევე ვუკრავ სცენაზე. 2010 წელს მქონდა ბედნიერება, საქართველოში ჩამოვსულიყავი, სადაც მეგობარ მომღერალთან ერთად, "არტგენზე" გახლდით მიწვეული. ჩემი მეგობარი, წარმოშობით ქართველი - ნათელა დავრიშაშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა (ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრის, ნოე ხომერიკის შთამომავალი. - ავტ.). მასთან ერთად ნიაზ დიასამიძემ მიმიწვია თქვენს სამშობლოში. ძალიან მომეწონა საქართველო!
- იმდენად მოგეწონათ, რომ ქართული ენის შესწავლა დაიწყეთ და ცოლადაც ქართველი მოიყვანეთ, არა?
- ასეა, ჩემი მეუღლე მეგრელ-იმერელია. ერთმანეთი აქ, პარიზში გავიცანით. ის სასწავლებლად იყო ჩამოსული... რაც შეეხება ენის სწავლას: ჩემს ქართველ მეგობარს გიტარაზე დაკვრა ვასწავლე, ის კი ქართულს მასწავლიდა - ერთგვარად, ბარტერული გაცვლა გამოვიდა (იცინის).
- გასაგებია, რომ ქართული მუსიკა და ცეკვა მოგეწონათ, ბევრს მოსწონს, მაგრამ ენის სწავლას გულს ვერ უდებენ. თქვენი მთავარი მოტივაცი, რომ ენა გესწავლათ, რა იყო? როგორც ამბობენ, არ არის ადვილი ქართულის სწავლა...
- ცოტა რამ ხომ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ჩემმა საქმემაც მოითხოვა, ქართული უკეთ მესწავლა: როგორც ანსამბლ "კავკაზის" დირიჟორმა, ყველა წევრს უნდა გავუგო და ავუხსნა კიდეც, როგორ უნდა დაუკრან ან იცეკვონ. ჩვენმა ქორეოგრაფმა ბექა ნონიაშვილმა სწორად აღნიშნა: რომ იგრძნო, რელურად რა დევს ამა თუ იმ ქართულ მუსიკაში ან ცეკვაში, ქართული კარგად უნდა იცოდეო და მართალიც არის. ამან მიბიძგა, რომ კიდევ უფრო დამეხვეწა ენის ცოდნა. დღემდე ვსწავლობ...
- თქვენი მუსიკალური ჯგუფი "კავკაზ" ძირითადად ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს ასრულებს. ეს თქვენს თანამემამულეებს ცოტა უცნაურად არ ეჩვენებათ?
- რატომ უცნაურად? ფრანგებს უყვართ, როცა რომელიმე ქვეყნის კულტურას ეცნობიან... მოსწონთ ფოლკლორი. ჩვენი ანსამბლი ქართულ და ზოგადად, კავკასიურ სიმღერებს ჩვენებურად ვასრულებთ. სულ 10 ვართ და აქედან 4 ქართველი მოცეკვავეა. ჩვენი მომღერალი ქალი კატალონიელია, დრამერი ირანიდან გახლავთ, კონტრაბასისტი - სომხეთიდან და ა.შ. მოკლედ, საინტერესო მიქსია. გააგრძელეთ კითხვა