რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ კიევიდან თბილისში ჩამოფრინდა, მაგრამ არ შემოუშვეს.
“თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი აქტივისტებთან შესახვედრად. მაქვს მოწვევა. საზღვარზე მითხრეს, რომ უკან, კიევში გამადეპორტებენ. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, არ შემომიშვას ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შეხვედრა მქონდა დაგეგმილი”, - აცხადებს პოლიტიკოსი მიმართვაში, რომელიც "ფეისბუქზე“ გაავრცელა.
გუდკოვის თქმით, გადახდილი ჰქონდა როგორც სასტუმროს, ისე უკან გასამგზავრებელი ბილეთის საფასური.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც ვიცი, არცთუ დიდი ხნის წინ აქედან ლიუბოვ სობოლიც დაადეპორტეს, არ შემოუშვეს. მეგობრებო, უცნაური რაღაცები ხდება საქართველოში”, - განაცხადა გუდკოვმა.
ამასთან, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება სახელმწიფოს დონეზე მიიღეს.
"სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი კიევში დეპორტაციის შესახებ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს, ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა-განმარტებები არ არის, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ...“- წერს დმიტრი გუდკოვი.