ავტორი:

"2021 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა როგორც ფართო რეგიონის, ასევე ევროპის მასშტაბით" - ვახტანგ ცინცაძე

"2021 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა როგორც ფართო რეგიონის, ასევე ევროპის მასშტაბით" - ვახტანგ ცინცაძე

"2021 წელს ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მრეწველობისა და მომსახურების სექტორებმა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა როგორც ფართო რეგიონის, ასევე ევროპის მასშტაბით", - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.6 პროცენტი შეადგინა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენციებში განსაკუთრებით აღსანიშნავია როგორც საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციების, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე მაღალი ტემპით აღდგენისა და ფულადი გზავნილების მაღალი ზრდის წვლილი.

ცინცაძე აცხადებს, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღდგენა დეკემბერშიც დაფიქსირდა და წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდა 9.6 პროცენტია.

მისი შეფასებით, 2021 წელს საქართველომ სრულად შეძლო 2020 წელს პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის განეიტრალება და მეტიც - 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკის 3.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც, ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია ფართო რეგიონის მასშტაბით.

"2021 წელს, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით არაერთი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, გამოვყოფდი როგორც ადგილობრივი ექსპორტის, ასევე მთლიანად საქონლის ექსპორტის მიმართულებებს - კერძოდ საქონლის ექსპორტი, დაახლოებით, 27 პროცენტით გაიზარდა და 4,2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რომელმაც 3.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის ივლისიდან ასევე ფიქსირდება ტურიზმის აღდგენის მაღალი ტემპი, კერძოდ, ივლისი-დეკემბრის პერიოდში ტურიზმის აღდგენის დონემ დაახლოებით 52 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე პოზიტიური შედეგია და აღნიშნულმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ასევე პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა ფულადი გზავნილების მიმართულებით - მათი მოცულობა, 2021 წელს გაიზარდა დაახლოებით 15 პროცენტით და 2.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.