31 იანვარს გივი წიქარიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა."მტრობა“ "ჩხიკვთა ქორწილი“, "წუნა და წრუწუნა“, "ყურშა გაყოყოჩდა“, ეს ის ცნობილი მულტფილმებია, რომელზეც თაობები გაიზარდა და რომელთა მთავარი გმირებიც ბატონ გივი წიქარიძის ხმით საუბრობდნენ. პროფესიით ექიმის ცხოვრებაში ანიმაცია მოულოდნელად მოვიდა.
რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსნებდა თუ როგორ დაუკავშირდა მისი ცხოვრება კინოსტუდიას.
გივი წიქარიძე:
"თბილისში რომ ჩამოვედი, ბებიასთან ვცხოვრობდი, კამოს ქუჩაზე. მეზობლად კინოსტუდიის ოპერატორი ცხოვრობდა. მე ხუმრობა, იმიტირება მიყვარს და გამომდის კიდეც. ერთხელ ბავშვის ხმით რომ დაველაპარაკე, შემომთავაზა, არ გინდა კინოსტუდია დაგათვალიერებინოო. მივედით კინოსტუდიაში. ჩემი მასპინძელი სამუშაო ოთახში განმარტოვდა, მე კი ტერიტორიაზე დავბორიალებდი. მომწყურდა. ვიღაც კაცი დავინახე, ვკითხე, სად დავლევ-მეთქი? წამოდი, აგერ, თეატრის უკან არის შადრევანიო. მივედით და წყალს რომ დავეწაფე, ეს კაცი მეუბნება: დალიე, შვილო, ვინც ეგ წყალი დალია, აქედან აღარ წასულაო. მე ბავშვის ხმით ვუპასუხე, რას მელაპარაკებით-მეთქი. გაიმეორეო, გადაირია კაცი. ისევ ბავშვის ხმით დაველაპარაკე. აბა, წამომყევიო. თურმე მულტფილმების წარმოებაში მივყავარ. ოთახში რომ შემიყვანა, იქ ოპერატორი დაგვხვდა. მასაც გავესაუბრე ხან ვისი, ხანაც ვისი ხმით. ბატონო მიხეილ, ეს ვინაა, ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟის ხმით ლაპარაკობსო, - კმაყოფილი ჩანდა ოპერატორი.
დიდი მიხეილ ჭიაურელი აღმოჩნდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე მისი სიტყვები ამიხდა. მართლაც კინოსტუდიაში დავრჩი და დღემდე აქ ვმუშაობ. ბატონი მიხეილის რეკომენდაციით მომისმინეს და ის წრუწუნა გამახმოვანებინეს "ჩხიკვთა ქორწილში", ღვინოს რომ თხილი ურჩევნია. მოგვიანებით წუნაც გავახმოვანე "წუნა და წრუწუნაში..."
მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში გივი წიქარიძეს იხსენებს...
"გივი წიქარიძე გარდაცვლილა. მუსიკოსები ძველი კინო სტუდიის სარეპეტიციოებიდან ვიცნობდით. იქ მუშაობდა, იქვე ცხოვრობდა, დარაჯი იყო.
მახსოვს, შეღამებულზე, ჩამოივლიდა ხოლმე სარეპეტიციოებთან და გვაფრთხილებდა: "10 საათია... 10 საათია... 10 საათია..." ახლაც ჩამესმის მისი ხმა. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ვიდეო ვნახეთ და გავოგნდით. რამდენი რამე არ ვიცით ჩვენ გვერდით მცხოვრები დიდი ადამიანების შესახებ. "ხელოვანი კაცი ხარ და არაფერს აკეთებ, არ ინერვიულებ?" -
მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის... და ბოდიში, რომ გაბრაზებდით, როცა გვიანობამდე ვუკრავდით და არ გაძინებდით...“ - წერს მუსიკოსი.
გივი წიქარიძეს მეუღლე და ერთი ქალიშვილი დარჩა. სიამაყით ამბობდა რომ ორი უფროსი შვილიშვილი ჰყავდა. მუშაობდა კინოსტუდიაში კომენდანტად, მისი საექიმო კარიერა კი მეგობრებისთვისა და კოლეგებისთვის წნევის გაზომვით გაგრძელდა.
ბატონი გივი წარმოშობით სამაჩაბლოს რაიონ სოფელ ბელოთიდან გახლდათ. წლებია რაც მისი სოფელი ოკუპირებულია.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამხელილი მისი ოცნება სამწუხაროდ აუსრულებელი დარჩა:
"ვოცნებობ, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი მშობლიური სამაჩაბლო არ მოვიარო, ჩემი ბელოთის ეზოში ფეხის დადგმას მინდა ვეღირსო..." - ამბობდა გივი წიქარიძე.