ფილმში "თოჯინები იციანიან" მელიტონ ბელთაძის ერთადერთმა ვაჟმა რეზიკომ, რომელსაც ოპერის მომღერლობის არც ნიჭი ჰქონდა და არც სურვილი, მაგრამ ბებიისა და დედის ხათრით კონსერვატორიაში აბარებდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მცდელობა მარცხით დაასრულა, გამოცდაზე ჩაიჭრა. მამამ შვილი, დროებით სამუშაოდ, ოჯახისგან მალულად, სათამაშოების ფაბრიკაში მიიყვანა. იქ კი მისი ნამდვილი ნიჭი გამოვლინდა. რეზიკოს გაკეთებულმა თოჯინებმა სწრაფად მიიქცია ყურადღება. ამასთან, ფაბრიკაში პირველი სიყვარულიც იპოვა. გოგონა სახელად ლალი...
ლალის როლს მეგი კეჟერაძე ასრულებს, გოგონა, რომელიც სულაც არ არის მსახიობი. მანამდე ის ფილმში "ყვავილი თოვლზე" გადაიღეს. შემდეგ იყო "უყაიმო თამაში".
რეჟისორებს ყოველთვის მისი გარეგნობა მოსწონდათ და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, როლზე უპრობლემოდ ამტკიცებდნენ. ამ ფილმებიდან მაყურებელმა გამორჩეულად შეიყვარა მისი სახე ფილმიდან "თოჯინები იცინიან".
ქალბატონ მეგის პრესასთან ურთიერთობა და მის ფურცლებზე გამოჩენა თავიდანვე არ უყვარდა. ჟურნალისტებს ინტერვიუზე იშვიათად თანხმდებოდა და მასზე ამიტომაც არის მწირი ინფორმაცია. მოკლედ, ბევრი ცდის შემდეგ, გამიმართლა და მასთან საუბრის შანსი გასულ კვირას მომეცა.
ვინ არის მეგი კეჟერაძე პროფესიით, როგორ ცხოვრობს დღეს, რაზე წუხს და რა უხარია, ამაზე ახლა მოგიყვებით.
მეგი კეჟერაძე:
- ყოველთვის ვერიდებოდი და ვერიდები პრესასთან ურთიერთობას, რადგანაც საქმეებით სულ დატვირთული ვიყავი და ვარ. ჯერ ერთი, რომ ამისთვის დროც არ მაქვს, მერე საკუთარ თავზე ლაპარაკიც არ მიყვარს. ორი შვილიშვილი მყავს, მიყვარს მათთვის რაღაცების წაკითხვა, მოყოლა... პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი ჯერ ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლი. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვემსახურები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სტუდენტებთან მუშაობა, ურთიერთობა. ამას ყველაფერს სხვა ენერგია და ემოცია მოაქვს... თუმცა ბოლო დროს ყველას ძალიან რთული პერიოდში გვიწევს ცხოვრება. დღეს ამდენი ნეგატივის ფონზე, არც მგონია, ვინმე თავს კარგად გრძნობდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ერთნაირად ვართ. მართლა რთულია მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა, ფსიქიკაზე ისახება. მერე თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, კიდევ მეტად მოქმედებს. რამდენი ადამიანისგან, ჩემი ამხანაგისგან მსმენია, უთქვამთ - იცი, წუხელ მთელი ღამე არ მეძინა ამ და ამ გადაცემას ვუყურეო... ამის მერე რაღაცნაირად, შენგან დამოუკიდებლად გინდა, ეს უარყოფითი ემოციები აირიდო, რომ ისედაც გადაღლილი ფსიქიკა კიდევ არ დატვირთო... ხანდახან ისეა, ვიღაც გელაპარაკება და არ გესმის, გონებას აღარ უნდა მიღება, ადამიანი შინაგანად დაღლილია...
- ცოტა ხანს წარსულს დავუბრუნდეთ - "თოჯინები იცინიან" - ის ქართული კომედიაა, რომელიც მაყურებელს გამორჩეულად უყვარს და რომელი ფილმის საშუალებითაც მასობრივად გახდით ცნობილი... გავიხსენოთ ის პერიოდი... თან, იქ როგორი ლამაზი ხართ...
- სულაც არ ვფიქრობ, რომ ლამაზი ვარ, კარგად ვიცი ჩემი გარეგნობა, თან იმ პერიოდში ჩემი მისამართით უფრო სხვა შეფასებებს ვისმენდი... მეტად ჩემი ადამიანებთან დამოკიდებულების მიხედვით მქონდა შეფასება და დაფასებაც. ამ ფილმში 1962 წელს კი ასე მოხვდი: ერთ დღესაც, ქუჩაში მოვდიოდი და ერთმა ქალბატონმა გამაჩერა, რეჟისორის ასისტენტად გამეცნო, მითხრა, რომ კინოსტუდიაში მუშაობდა. იქნებ, თქვენი ტელეფონის ნომერი მომცეთო? მივეცი ნომერი, დამირეკეს. სტუდიაში რომ მივედი და სინჯები გადამიღეს, იქ მარტო არ ვყოფილვარ, სხვა გოგონებიც ჰყავდათ ჩემსავით მოყვანილი. ისე მოხდა, რომ რეჟისორს მეტად მე მოვეწონე და ამ როლზე მე ამარჩიეს.
- ალბათ ბევრი კარგი გოგო იყო, მაგრამ ფილმს თქვენი სახე მართლა მოუხდა...
- ნუ, ასე გადაწყვიტეს... იმ პერიოდში ბალეტზე დავდიოდი, სტუდენტი ვიყავი და კინოზე არც ვფიქრობდი... კინოსტუდიაში არაჩვეულებრივად თბილი და კულტურული საზოგადოება დამხვდა, ნამდვილი ინტელიგენტები. ისეთი ადამიანები და ისეთი ატმოსფერო ახლა არსად აღარც არსებობს. ამ პანდემიამ კიდევ უფრო მოსპო ყველაფერი, რაც აქამდე კიდევ იყო შემორჩენილი. თითქოს ადამიანებში შინაგანად სიცოცხლე ჩაკვდა...
- გადაღების პროცესს როგორ გაიხსენებთ?
- გადასაღებ მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მეუბნებოდნენ. მაგრამ საერთოდ, რაღაცნაირად მორცხვი ვიყავი, თან წლოვანებით ყველაზე უმცროსი - 22 წლის. მოკლედ, არ ვიყავი თამამი და თავისუფალი... მაგრამ მაშინ ზოგადად ასეთები ვიყავით ახალგაზრდები. ჩემი უშუალო პარტნიორი ფილმში მერაბ თავაძეა, გადაღებები ასევე "თოჯინების ფაბრიკაში" მიდიოდა, სადაც ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ცნობილი მსახიობიც და უცნობიც... ამ ფილმამდე გადაღებული ვიყავი სურათში "ყვავილი თოვლზე“. იცით, როგორი ხალისი და სიცოცხლე იყო გადასაღებ მოედანზე?! ის პერიოდიც საოცრად კარგად მახსოვს. ყველა ერთნაირად კარგი იყო, მთელი გადამღები ჯგუფი... ვითამაშე კიდევ "უყაიმო თამაშში"...
- მაგრამ თვენი ახალგაზრდული სახე და მომხიბვლელობა მხოლოდ ქართულ კინოს არ შემოუნახავს. გადაგიღეს ასევე აზერბაიჯანულ ფილმში "ბავშვობის ბოლო ღამე". თურმე ეს ფილმი აზერბაიჯანელებისთვის ძალიან ძვირფასი და ისეთივე საყვარელია, როგორც ჩვენთვის არაერთი ძველი ქართული სურათი. ამის გამო თქვენ მათ მიერ აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავად ხართ აღიარებული... გეძახდნენ მეგი ხანუმს...
- ეს ფილმი, სადაც "ელიას" როლი მაქვს, მეც ძალიან მიყვარს. მასში აზერბაიჯანის ძალიან ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მათ კარგად მიმიღეს. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა შემიყვარა. იქიდან ძალიან კმაყოფილი წამოვედი. გადაღებები 6 თვე გრძელდებოდა. ბაქოში მე და დედა ვიყავით. სასტუმრო გამოგვიყვეს, სადაც ვცხოვრობდით. დიდ სითბოს და ყურადღებას იჩენდნენ. პატივისცემაში ვიყავი. იცით, როგორი კეთილშობილი ხალხია?
ამ ფილმში ასე მოვხვდი - თბილისში ჩამოსული იყო რეჟისორი, ჩემი ფოტოები უნახავს. მოსწონებია და კინოსტუდიაში გამომიძახეს. რეჟისორთან შეხვედრა იმით დასრულდა, რომ როლზე დამამტკიცა. ეს ფილმი მათთვის საყვარელი ფილმია, რადგანაც როგორც გითხარით, ბევრი ცნობილი და კარგი მსახიობი თამაშობს. მათ შორის, ტოფიკ მირზოევი, რომელიც აღიარებული იყო. თაყვანისმცემლები ჰყავდა. ბაქოელებთან დავმეგობრდი, ისინი აქ ჩემთან სტუმრადაც ჩამოდიოდნენ... ფილმი სიყვარულზეა, ცოტა დეტექტიურიც არის. მოკლედ, 1973 წელს გადაიღეს და მას მერე ყველგან დიდი სიხარულით და სითბოთი მხვდებოდნენ.
- ზოგადად კინომ პოპულარობა მოგიტანათ და არ გიფიქრიათ, სამსახიობო კარიერას გაჰყოლოდით და ჩაგებარებინათ "თეატრალურში"?
- პოპულარობა მომიტანა, ყველგან მცნობდნენ, კი მსახიობებსაც მაშინ სხვანაირად აფასებდნენ და უყვარდათ... ფოტოებსაც იღებდნენ, ავტოგრაფებიც იყო... დღეს არც დაფასებაა და კინოც აღარ არის. სხვა ცხოვრებაა... რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, არა, ამაზე არ მიფიქრია. ჩემი პროფესია მქონდა, რომელიც მიყვარდა და მერე ხომ გითხარით, მორცხვი ვიყავი. თან ხმაც არ მქონდა შესაბამისი, არტისტს რომ უნდა ჰქონოდა. უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ჩემმა გარეგნობამ, ტიპაჟმა მიიქცია რეჟისორების ყურადღება და რამდენიმე ფილმში გადამიღეს. ჩემი პროფესიით და საქმიანობით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
- ოჯახიც გაგვაცანით...
- ქალიშვილი მყავს და ორი შვილიშვილი - 10 და 11 წლის. ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან - მეორე ბებიასთან. მათთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვცდილობ, ვესაუბრო, წავუკითხო, მოვუყვე რაღაცებს და მათ განათლებაში გარკვეული როლი შევიტანო...