ავტორი:

"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ

"პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის" - რას ამბობენ ექსპერტები  საქართველოში ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს იმუნური ფენა.

"ბოლო წერტილამდე არ მივსულვართ, მაგრამ დაახლოებითი მოდელირება, რაც გვაქვს, დღეს ეს 80%-ზე მაღალია, მაგრამ ბოლო ციფრი არ მინდა შემეშალოს. გიდასტურებთ, რომ 80%-ზე მაღალია იმუნური ფენა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფექციონისტები და ჯანდაცვის საკითხის ექსპერტები პანდემიის დასაწყისიდანვე ამბობდნენ, რომ პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მექანიზმი ე.წ. კოლექტიური, ანუ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება იყო. კოლექტიური იმუნიტეტის შესაქმნელად კი, მათივე ინფორმაციით, საჭიროა, მოსახლეობაში 60-70 %-იანი იმუნური ფენა გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა ამირან გამყრელიძის ზემოთ აღნიშნული განცხადება იმას, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პოპულაციური იმუნიტეტი და პანდემია დასასრულს მიუახლოვდა? - ამ კითხვით მივმართეთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას.

მისი შეფასებით, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ საქართველოში, ამ ეტაპზე, მოსახლეობის 80%-ს აქვს იმუნური ფენა. ამ ნიშნულის მიღწევა, გოგინავას თქმით, შესაძლებელია, დაახლოებით, ერთ თვეში და ეს იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონით" ინფიცირების არსებული დინამიკა შენარჩუნდება.

"ეს შეიძლება ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ დავაჯამებთ კოვიდგადატანილებს, ვაქცინირებულებსა და "ომიკრონით“ ინფიცირებულებს. აი, ასე შეიძლება ამ ციფრის გამოყვანა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ე.წ. ჯოგური იმუნიტეტისთვის. როგორც იცით, "ომიკრონით" რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია. იმ ადამიანებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ "დელტა" შტამი ან ვაქცინირებულები არიან, შეიძლება დაემართოთ "ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდი, ამიტომ, ჩემი აზრით, ასე პირდაპირ მათემატიკური ჯამით იმუნური ფენის 80%-იანი მაჩვენებლის გამოყვანა, სწორი არ არის. ასეთი იმუნური ფენა შეიძლება საქართველოში შეიქმნას მაშინ, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიტანს "ომიკრონს", აიცრება ბუსტერით და ეს ჯამური რიცხვი მიაღწევს 60-70 %-ს, ამასთანავე, არ გაჩნდება კიდევ ახალი შტამი. ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ პანდემიის დასრულებაზე.

თუ იმ ტემპით შენარჩუნდება "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები, როგორიც ახლაა, მაშინ პანდემიის დასრულებაზე დაახლოებით ერთ თვეში შეგვიძლია ვილაპარაკოთ" - განუცხადა AMBEBI.GE -ს ინფექციონისტმა.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის უახლოეს მომავალში დასრულების მოლოდინი საკმაოდ რეალურია. თუმცა, მისი თქმით, პანდემია მხოლოდ ვაქცინირებულთათვის დასრულდება, ხოლო არავაქცინირებულები ავადობას მომავალშიც განაგრძობენ.

"ეს ტენდენცია მართლაც მიუთითებს პანდემიის დასასრულის დასაწყისზე. ვირუსის ევოლუცია იძლევა ამის თქმის საშუალებას. "ომიკრონის“ რეპროდუქცია "წითელას“ მაჩვენებელს მიუახლოვდა. თუ აქამდე ერთიდან ორ ადამიანს გადაეცემოდა, ახლა მინიმუმ ხუთ ადამიანს გადაეცემა "ომიკრონი“. ამიტომ ძალიან სწრაფად ხდება პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება. ალბათობა იმისა, რომ მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლებელია ბევრ ადამიანს "ომიკრონის“ გადატანის შედეგად ჩამოუყალიბდეს იმუნიტეტი, მაღალია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ერთი მთავარი "მაგრამ" - საინტერესოა რამდენად დაგვიცავს ეს იმუნიტეტი, მაგალითად, 6 თვის შედეგ, ამ ან ცოტათი სახეცვლილი შტამისგან? ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია ახლა, ამიტომ საჭიროა ფრთხილი ოპტიმიზმი. ნუ მივეცემით საყოველთაო ზეიმს, რომ პანდემია სრულდება. პანდემია დასრულდება, მაგრამ დასრულდება მხოლოდ ვაქცინირებულთათვის, არავაქცინირებულები კვლავ იავადებენ. ვაქცინაცია რჩება უმნიშვნელოვანეს მექანიზმად პანდემიის დასრულებაში", - ამბობს აკაკი ზოიძე.