ავტორი:

რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება

რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერას ითვალისწინებს? - ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე განმარტავს, რატომ არ ეყარა კომიტეტის სხდომაზე კენჭი ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ჩაწერას ითვალისწინებს.

როგორც სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმისთვის, რომ ალტერნატიულ წინადადებას კენჭი ეყაროს, ის კომიტეტის სხდომამდე უნდა დარეგისტრირდეს. სამხარაძის თქმით, ოპოზიციის წინადადების შემთხვევაში ასე არ ყოფილა და შესაბამისად, სხდომაზე კენჭისყრის ვალდებულება არ იდგა.

"ალტერნატიული წინადადების დარეგისტრირებას თავისი ფორმა, წესი და პროცედურა აქვს, რომელიც რეგლამენტითაა გაწერილი. ალტერნატიული წინადადება კომიტეტის სხდომის დაწყებამდე უნდა იყოს დარეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს კომიტეტის ყველა წევრს. ეს ასე არ მომხდარა, შესაბამისად, ალტერნატიული წინადადების კენჭისყრის ვალდებულება კომიტეტის სხდომაზე არ იდგა. ამიტომ ვთხოვ ჩვენს ოპონენტებს, რომ ან რეგლამენტს გაეცნონ კარგად, რაც მათ ძლიერი მხარე არაა, რამდენჯერმე ამაში დახმარება შევთავაზე, ან საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვეს, კენჭისყრაზე დაეყენებინა მათი ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ეს არ გაიზიარა, რასაც კომიტეტის სხდომის ბოლოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.