ავტორი:

"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე

"რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას... სამწუხაროდ, იქ არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია" - დეკანოიძე

მივმართავ ჩემს უკრაინელ მეგობრებს, მიუხედავად უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი სამარცხვინო ტექსტისა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკრაინელი მოქალაქეების გვერდით ვდგავართ, მხარს ვუჭერთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დიახ, რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი. Слава Україні! Героям слава!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობისას განაცხადა.

მან მისი პარტიის პოზიციაც გააჟღერა და განმარტა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობისა მიეღოთ მრავალპარტიული რეზოლუცია, „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები არ არის, მხარს ვერ დაუჭერს.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ დღეს, ამ პარლამენტის დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრული ლუსტრაცია მოხდა. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი რაიმე სახის სიფრთხილისგან გამომდინარეობდა. ყველაფერი იყო ძალიან მიზანმიმართული და ამ მიზანმიმართულ მიმდინარეობას აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელი - რუსეთის მიმართ განსაკუთრებული მაამებლური და კეკლუცი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მხრიდან. მე მოვიტანე ორი დროშა და გულწრფელად გითხრათ, ამაყი ვარ, რომ ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მომიწია, რომ ორივე დროშას ვემსახურებოდი და ვემსახურები, ეს იყო უკრაინაში და ეს არის საქართველოში. ამიტომ მე დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად დამცირებული ვარ საქართველოს პარლამენტის პოზიციით, უმრავლესობის პოზიციით.

უკრაინელებს აქვთ ერთი გამოთქმა - „Ганьба“ და ამ სიტყვას უკრაინელები ხშირ შემთხვევაში უწოდებენ ხოლმე იმ მოქმედებებს, რომლებიც არის ყველაზე მეტად უღირსი და ამ „Ганьба“-ს მე თქვენ გიწოდებთ ყველას უმრავლესობიდან. ნამდვილად სირცხვილია რეზოლუციის ტექსტში ამ უმძიმეს მდგომარეობაში უკრაინისთვის, ჩვენ არ ჩავწეროთ რუსეთის ფედერაცია და მით უმეტეს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის შეკავებაზე საუბრობს. მე სურათი მაქვს უკრაინის რადაში გადაღებული, პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ მთელი უკრაინის დეპუტაცია გამოვიდა ტრიბუნასთან, გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა გაშლილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყოს უკრაინისთვის. „Ганьба“, მეგობრებო, როდესაც თქვენ აქ ვერ ბედავთ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია როგორც აგრესორი ჩაწერილი იყოს რეზოლუციაში, მით უმეტეს, როდესაც მთელი ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ მოდით, ერთობლივი რეზოლუცია მივიღოთ, მოდით, ერთად წავიდეთ უკრაინაში, მოდით, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ ის საფრთხეები, რომლებიც იყო აუცილებელი და მართლაც ტექსტი, რომელიც წარმოდგენილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან შეიცვალა, იმიტომ, რომ ვიღაცამ დარეკა და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ეს ვიღაც ვინ არის. „Ганьба“, მეგობრებო, იმიტომ, რომ დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრიდან, ყველა უნდა ვიყოთ დარაზმული, უმრავლესობის წარმომადგენლები, უკრაინის მეგობართა ჯგუფი, რომ ჩავიდეთ უკრაინაში, განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ აქ საქართველოს პარლამენტიდან ვერ ვახერხებთ ვუთხრათ რუსეთს აგრესორი,“- განაცხადა დეკანოიძემ.