ავტორი:

ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"

ზურა ზვიადაურმა ქალიშვილს აწ გარდაცვლილი ძმის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა - "ესეც, პატარა მართა ზვიადაური"

ზურაბ ზვიადაური გოგონას მამა გახდა. 17 - წლიანი ლოდინის შემდეგ, ქართველ ძიუდოისტსა და ოლიმპიურ ჩემპიონს გოგონა შეეძინა, რომელსაც მართა დაარქვეს. როგორც ოჯახის ახლობელი დავით ავალიშვილი "ფეისბუქში" წერს, პატარს აწ გარდაცვლილი ბიძის ზვიად ზვიადაურის შერჩეული სახელი დაარქვეს.

ზურაბ ზვიადაური და ხათუნა ჭინჭარაული მას შემდეგ დაოჯახდნენ, რაც წლების წინ სპორტსმენი ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდა.

ჭინჭარაულმა ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ცოტა ხნის წინ კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ემოციური ფოტო, სადაც ზვიადაურის ქალიშვილთან შეხვედრის კადრებია ასახული.

"უდიდესი სიხარული 17 წლიანი მოლოდინის შემდეგ! ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვადაური მამა გახდა! იხილეთ პატარა მართას ექსკლუზიური ფოტოები დედიკოსთან, მამიკოსთან, სოფო ექიმთან და მის პირველ მეგობრებთან ერთად ღუდუშაურის კლინიკიდან" - წერია ფოტოს კომენტირებისას.

2021 წლის აგვისტოში ზვიადაურების ოჯახს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს. 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

29 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.