საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ - ასე ეწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომლის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - გიორგი ხელაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, გივი მიქანაძე და თამარ ტალიაშვილი.
რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არც ერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არც ერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
“ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული რეზოლუცია ასეთი შინაარსისაა:
“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს უკრაინაში ომის არდაშვებაში თავისი წვლილის შეტანა“.