ავტორი:

სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან

სანაიას საქმე: განახლებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ ხურცილავა, ჭიჭიაშვილი, თამაზაშვილი და ბაკურაძეც - ექსკლუზიური ინტერვიუ პროკურორ ამირან გულუაშვილთან

კოტე ციხისთავის მიერ ჯერ კიდევ 2018 წელს "რუსთავი-2“-ის ეთერში გახმოვანებული განცხადებებისა და ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, იმავე წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება დაიწყო. ambebi.ge დაინტერესდა, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასობაში და აქვს თუ არა პროკურატურას იმ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას შეუწყობს ხელს.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს ამირან გულუაშვილთან:

- უნდა აღინიშნოს, რომ 28 იანვარს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი ნამდვილად არ არის ახალი საქართველოს პროკურატურისთვის. ამგვარი შინაარსის განცხადებები მას გაკეთებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2018 წლის 18 თებერვალს, ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიის ეთერში. იმხანად ის ჯერ კიდევ საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამ განცხადებზე მოხდა მყისიერი რეაგირება და შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2018 წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განახლდა გამოძიება ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიების განახლების პირველ ეტაპზე მოხდა იმ სს საქმის გამოთხოვა და დეტალური შესწავლა, რომელიც 2001 წელს სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ განახლებული გამოძიების პირველად ეტაპზე მოხდა სანაიას ოჯახის წევრების, მისი ძმის - ვახტანგ სანაიას და გიორგის მეუღლის - ხათუნა ჩხაიძის გამოკითხვა. განახლებული გამოძიება, ფაქტობრივად, სრულად მათი ჩართულობით წარიმართა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ გამოძიების შედეგებს, სს საქმის მასალებს და, რაც ყველაზე მთავარია, მათი მოსაზრებების საფუძველზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება.

- განახლებული გამოძიების მსვლელობისას, რამდენად სარწმუნო გამოდგა კონსტანტინე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადებები, რა დადასტურდა და რა - არა?

- ციხისთავის ჩვენება და ის ინფორმაცია, რომელიც მან 2018 წელს და შემდგომ მედიასაშუალებებით საჯაროდ გაავრცელა, პირობითად შეიძლება დავყოთ 2 ნაწილად:

პირველი, რომელიც უკავშირდება გიორგი სანაიას მკვლელობის ვერსიას. ლაპარაკია ვიდეოკასეტაზე, რომელზეც თითქოსდა აღბეჭდილი უნდა ყოფილიყო მაღალჩინოსნების კავშირი ნარკოდანაშაულთან. ციხისთავის განმარტებით, სწორედ ამ ვიდეოკასეტის ფლობის გამო მოკლეს გიორგი სანაია. მეორე ნაწილი, სადაც დასახელებულნი არიან კონკრეტული პირები, რომლებიც, ციხისთავის განმარტებით, მკვლელობის მომზადებაში და მის განხორციელებაში პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილეობდნენ. განახლებული გამოძიების ფარგლებში, პირველ რიგში, გამოიკითხა გიორგი სანაიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებული გრიგოლ ხურცილავა, რომელმაც დაადასტურა და ფაქტობრივად გაიმეორა მისი აღიარებითი ჩვენება გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით. მან კატეგორიულად გამორიცხა, რომ მისი მხრიდან ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული შეიძლება ყოფილიყო რაიმე ვიდეოკასეტის გადაცემის გარემოებებთან. ასევე კასეტის თაობაზე, გამოიკითხა პანკისის ხეობაში ელენე თევდორაძის ყოფნის დროს, მასთან ერთად მყოფი ორი ჟურნალისტი და ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ სოფელ დუისში, ისევე, როგორც პანკისის ხეობაში, ელენე თევდორაძის ყოფნის დროს ისინი მუდმივად თან ახლდნენ და ერთად გადაადგილდებოდა. მათ კატეგორიულად გამორიცხეს რომელიმე სხვა პირის მხრიდან რაიმე ვიდეო კასეტის გადაცემის ფაქტი.

- მინდა საზოგადოებას განუმარტოთ, ბოლოს და ბოლოს, არსებობს თუ არა ხსენებული ვიდეოკასეტა? კოტე ციხისთავი ირწმუნება, რომ კასეტა სასამართლოს არქივში ინახება...

- ამ კასეტის არსებობის თაობაზე გარკვეული ვერსიები, მათ შორის მედიასაშუალებებში, ჯერ კიდევ 2001 წელს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ვრცელდებოდა, თუმცა რაიმე მტკიცებულებითი მნიშვნელობის ინფორმაცია, რაც გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი გახდებოდა, ეს ვერსია სარწმუნოდ რომ მიეჩნია, მოპოვებული არ არის. უფრო მეტიც, მისი შესაძლო გადმოცემის გარემოებებიც კი არ დასტურდება.

- მეორე ნაწილს რაც შეეხება, მასში ციხისთავი კონკრეტულ პირებზე, მკვლელობის დამგეგმავ-შემსრულებლებზე საუბრობს, ყველა მათგანი გამოკითხულია?

- განახლებული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ვინც მის მიერ იყო და არის ნახსენები. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დისტანციურად გამოიკითხა მევლუდ (შოთა ჭიჭიაშვილი), რომელმაც ასევე კატეგორიულად გამორიცხა და უარყო რაიმე სახის შემხებლობა გიორგი სანაიას მკვლელობასთან, ან მისი მონაწილეობა მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გამართულ რაიმე შეხვედრაზე.

- არც სხვა რაიმე მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ? თავად ჭიჭიაშვილს თუ ჰქონდა რაიმე ვერსია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით? მისი ვერსიით თუ დაინტერესდა პროკურატურა?

- ჭიჭიაშვილი გამოიკითხა უშუალოდ მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ დოზით, რა დოზითაც ციხისთავი აცხადებდა, რომ მას ჰქონდა შემხებლობა. ჭიჭიაშვილის ჩვენებით, ეს არ დასტურდება, ის ჩვენებაში კატეგორიულად უარყოფს მკვლელობის მომზადების, თუ განხორციელების ეტაპზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენას. ამ ადამიანის მონაწილეობის თაობაზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე საქმეში არც სხვა რაიმე მიმანიშნებელი არსებობს, გარდა კოტე ციხისთავის ჩვენებისა. ასევე, გამოიკითხა შსს-ს კახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსი თამაზ თამაზაშვილი. როგორც ციხისთავმა საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში ისაუბრა, მკვლელობის მომზადების მიზნით გაიმართა შეხვედრა. თამაზ თამაზაშვილმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის ამგვარი შეხვედრის გამართვის ფაქტი, მით უფრო, რაიმე ფორმით მისი მონაწილეობა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. დაიკითხა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა ბაკურაძე, რომელმაც ასევე არ დაადასტურა ციხისთავის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია და უარყო ყოველგვარი შესაძლო მონაწილეობა ამ დანაშაულებრივ ქმედებაში. ასევე გამოიკითხა ციხისთავის ნათესავი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ზურაბ ზარდიაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სანაიას მკვლელობის გარემოებებთან დაკავშირებით მასთან არასდროს უსაუბრია და ციხისთავს მისთვის არასდროს მიუწოდებია რაიმე ტიპის ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ასევე გამოიკითხა იმ პერიოდში შსს-ს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იოსებ ალავიძე, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც სანაიას მკვლელობას გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. მან გამოკითხვაში განმარტა, რომ ეს არის მისი პოზიცია, მოსაზრება იმ მოვლენებზე, რაც იმ პერიოდში ვითარდებოდა და მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია თავისი ვერსიის სამტკიცებლად.

- ალავიძის მსგავსად, დღემდე ბევრი ფიქრობს, რომ გიორგის მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისი ძმის, ვახო სანაიას თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას პროკურატურა ოჯახს 1-2-ჯერ დაუკავშირდა და მას შემდეგ არაფერი იციან, არც ის, რა შედეგი მოიტანა ამ განახლებულმა გამოძიებამ.

- განახლებული გამოძიება გრძელდება. ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, როდესაც ოჯახთან კომუნიკაცია გვქონდა, ჩვენ მათ მივეცით სრული შესაძლებლობა, გასცნობოდნენ სს საქმის მასალებს დათავად გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ეტაპზე მზად ვიყავით და მზად ვართ ოჯახის წევრებთან ძალიან ახლო თანამშრომლობისთვის და ამ კუთხით პროკურატურის მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა ხარვეზი, ან შეფერხება. საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული მოსაზრებები, რომლებიც გათვალისწინებულ იქნა. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გამოვთქვამთ ამგვარი თანამშრომლობის მზადყოფნას. საქმეში ჩართულობის თვალსაზრისით, ალბათ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და მისი გარკვეული შედეგების შესახებ არაერთხელ მოხდა სახალხო დამცველის ინფორმირება, კვლავ იგეგმება გარკვეული რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის და ამ საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდგომ, ბუნებრივია, გიორგი სანაიას ოჯახის წევრების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გავლის პირობებში,მიღებულ იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ამ ეტაპისთვის გამოძიება გრძელდება.

- ოჯახი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ხურცილავას არ მოუკლავს გიორგი სანაია და მან თავზე აიღო დანაშაული... ამასობაში, განახლებული გამოძიების ფარგლებში თუ აღმოაჩინეთ რამე ისეთი ხელჩასაჭიდი, რაც ოჯახის ლეგიტიმურ კითხვებს გასცემს პასუხს...

- რეალურად, განახლებული გამოძიების მიზანია ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ გამოძიებასთან მიმართებით 2001 წლიდან არსებობდა, ყველა იმ ვერსიას, რაც საჯაროდ გავრცელდა, მათ შორის - ოჯახის წევრების პოზიციას, მათ მოსაზრებებს და მათ ეჭვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი. სწორედ იმ მიზნით დაიწყო ხელახალი გამოძიება, რომ გადამოწმებულიყო, ხომ არ არსებობს რაიმე საკითხი, რომელიც გამოძიების მიღმა დარჩა 2001 წელს და მას არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ვერსია - მედიასაშუალებით გავრცელებული, თუ ოჯახის მიერ მოწოდებული, გადავამოწმოთ, ჩავატაროთ აქტიური და ინტენსიური გამოძიება და ყველა ის შესაძლო სამართლებრივი ბერკეტი გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ჩავატაროთ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რისი ჩატარებაც დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლებელია, ვგულისხმობ გასულ საკმაოდ დიდ დროს ამ დანაშაულის ჩადენის შემდგომ.

- არა მარტო ოჯახის, ალბათ უკვე ყველა ხელისუფლების ღირსების საქმედ იქცა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა...

- მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც შემოწმებას საჭიროებდა, მყისიერად მოხდა რეაგირება და რამდენიმე დღეში განახლდა გამოძიება. გამოძიების განახლების შემდგომ, ჩვენ მაქსიმალურად ჩავატარეთ ის შესაძლო საგამოძიებო მოქმედებები, რისი ჩატარების აუცილებლობაც არსებობდა და ამჟამად არსებობს. ჩვენ იმ სამართლებრივი მექანიზმების და ბერკეტების პირობებში გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რაც კანონმდებლობით გვაქვს მონიჭებული და შევეცდებით, ყველა გარემოება, რომელიც მათ შორის ოჯახის მხრიდან დასახელდა, გამოვიკვლიოთ და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი გავცეთ კითხვის ნიშნებს.

- გასაგებია, რომ სამართლებრივი ნება არსებობს, მაგრამ პოლიტიკური ნება ხომ არ იქნება უგულებელყოფილი გამოძიების პროცესში? და სავარაუდოდ, რამდენ ხანში დასრულდება გამოძიება?

- გამოძიების ობიექტურობის დადგენის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ამომწურავად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, იმავე პირთა გამოკითხვის ოქმებში რამდენად სრულყოფილად ხდება საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაძლო შეკითხვის დასმა, რამდენად ხდება ყველა იმ გარემოების გადამოწმება, რაც საქმეში არსებობს და რაც გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს. ყველა პირი, ვინც კონსტანტინე ციხისთავის ჩვენებაში იქნა დასახელებული, გამოძიების მიერ დაბარებულ იქნა და მოხდა მათი ამომწურავი გამოკითხვა. ეს მასალები სრულად ხელმისაწვდომი იყო და არის ოჯახისთვის და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ამ სს საქმის მასალებს. თუ ისინი ჩათვლიან, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იქნება ჩასატარებელი, პროკურატურა მზად იქნება მოისმინოს მათი ეს მოსაზრებები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რისი აუცილებლობაც არსებობს სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება გამოძიების ვადებს, ეს როგორც იცით, ყოველთვის რთული საკითხია და ინდივიდუალურ სს საქმეზეა დამოკიდებული. გვაქვს დაგეგმილი გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ამოწურვის შემდგომ, უკვე ალბათ შესაძლებელი იქნება გამოძიების რაღაც შედეგებზე საუბარი.