თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს სააკაშვილის წამებასთან, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან ეს სისულელეა - თუ კომისიას შექმნიან, სიმართლის დადგენისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებულ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ „სისულელეში არ შეჰყვება“.
"საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით არის რეგლამენტი. თავის დროზე, ძალიან გაუკვირდათ, რომ რეგლამენტში ჩავწერეთ მათი უფლებამოსილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა ამის გამო არ ეგონოთ, რომ კომისიაში „მარტივი გასეირნება“ მოუწევთ. სიმართლის დადასტურებისა და დადგენის უპირატესი ინტერესისთვის ყველგან, ყველა სიტუაციაში ვიბრძოლებთ.
თუ ისინი ამ კომისიას შექმნიან, ჩვენ სიმართლის დადგენისთვის ამ კომისიაშიც ყველაფერს გავაკეთებთ. ხან მოიგონეს ფარმაკოლოგიური წამება, რაც მსოფლიოს ისტორიაში არცერთ ჟურნალისტს არ გამოუყენებია და საქართველოში იგონებთ ახალ-ახალ სპეკულაციურ ნარატივსა და მესიჯებს. ფარმოკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა უტოპია და სისულელეა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ აქვთ ამის უფლებამოსილება და თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ სიმართლის დადგენას აუცილებლად ვუზრუნველყოფთ, მათ შორის ამ კომისიაშიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.