ავტორი:

"თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, 99%-ით შეიძლება დავუშვათ, რომ პარალელურად ის საქართველოშიც შემოვა" - როგორ ცდილობს პუტინი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაშლას

"თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს, 99%-ით შეიძლება დავუშვათ, რომ პარალელურად ის საქართველოშიც შემოვა" - როგორ ცდილობს პუტინი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის დაშლას

ვითარება უკრაინაში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იარაღის ჟღარუნით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.

პრემიერის თქმით, კრიზისი "უკრაინაზე უფრო დიდს ეხება".

ამ ვითარებაში კიდევ უფრო გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ხსენებაც კი ვერ გაბედა. ამავდროულად, NDI -ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია 83%-ისთვის, ივლისის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 7%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ასევე ნატოში გაწევრიანების მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელიც. თუ გასული წლის ივლისში ამ აზრის მომხრე იყო 74%, დეკემბერში 77%-მდე გაიზარდა. საგარეო პოლიტიკური კურსის მხრივ, ხელისუფლების ბოლოდროინდელი საეჭვო ქმედებების ფონზე, როგორ შეიძლება ამ მაჩვენებლების შეფასება? - ამ კითხვას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ უპასუხა:

- მე ვიტყოდი, უფრო ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე, იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ინერციით გრძელდება - კვლავ ლაპარაკობენ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობენ რუსეთთან ნეიტრალური პოლიტიკა აწარმოონ. თუ საგარეო კურსზე ვილაპარაკებთ, ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ აცდენილი ვიყავით რეალობას - მას ან ვუსწრებდით, ან ჩამოვრჩებოდით. გამსახურდიას დროიდან, როდესაც გვითხრეს, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, დღემდე ასე გრძელდება. აქ პრორუსობაზე არ არის ლაპარაკი, ჩემი აზრით, ეს გამოკითხვაც კარგად აჩვენებს საზოგადოების განწყობას, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოუწევს ნებისმიერ ხელისუფლებას. სხვათა შორის, ჩვენი საზოგადოების რუსეთისადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოაჩინა ე.წ. გავრილოვის ღამემ. ის, რაც წლების განმავლობაში ვერ შეძლო ოპოზიციამ და ვერ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ეს შეძლო გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომამ, როდესაც ათასობით მოქალაქე საპროტესტოდ სპონტანურად გავიდა ქუჩაში.

ხელისუფლებას შეუძლია მანევრირება, არ იყოს აქტიური, არ მოირგოს რუსეთთან პირველი მებრძოლის მანტია, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეესატყვისებოდეს რეალობას. შარშან "ქართული ოცნების" ეს პოლიტიკა გასაგებიც იყო და მეტ-ნაკლებად ადეკვატურიც, თანაც ეს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არაფერს ვნებდა იმჟამად, მაგრამ დღეს ვითარება კატასტროფულად არის შეცვლილი. ვგულისხმობ, უკრაინასთან დაკავშირებულ ძალიან მწვავე პროცესებს.

ძალიან მარტივი ანალიზია საჭირო იმის დასანახავად, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატება საქართველოსთვისაც უმძიმეს შედეგებს ნიშნავს და რას ვხედავთ ამ დროს? - საქართველოს ხელისუფლების უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელშიც რუსეთი ნახსენებიც არ არის, არადა, ამგვარი რეზოლუციების მიღებაც კი დაგვიანებულია უკვე, იმიტომ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო შეჭრას გადაწყვეტს, 99%-ით შეიძლება დავუშვათ, რომ პარალელურად ის საქართველოშიც შემოვა. დასავლეთში არსებული განწყობიდან გამომდინარე, კრემლში კარგად ესმით, რომ ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებენ დასავლეთიდან ყველა მიმართულებით, სამხედრო დარტყმის გარდა. აქედან გამომდინარე, თუ წავლენ ვა-ბანკზე, ვითომ რატომ არ გადაწყვეტენ, რომ ბარემ საქართველოს საკითხიც მოაგვარონ?.. ამიტომ დღეს ენის მოჩლექით ლაპარაკი და ნეიტრალური პოზიცია ძალიან მცდარია. დღეს საქართველოს ხელისუფლება უნდა ყვიროდეს და დასავლეთს ელაპარაკებოდეს იმაზე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შევა, საქართველოს არანაკლები საფრთხე დაემუქრება. ამას უნდა განვიხილავდეთ ყოველდღიურად ჩვენს პარტნიორებთან და ვემზადებოდეთ ყველაზე მძიმე სცენარებისთვის. ამის ნაცვლად პოლიტიკური სპექტრი მსჯელობს იმაზე, რუსეთი შეიტანონ თუ არა რეზოლუციაში. ის ტექსტი, რაც ხელისუფლებამ მოამზადა, ტრაფარეტია, რომელიც შეიძლება გამოიყენო ნებისმიერ კონტინენტსა და ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულობის დროს, მაგრამ უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი შემთხვევაა. ამიტომაც ტრაფარეტული რეზოლუცია საკმარისი ვერ იქნება.

- დასავლეთის მხარდამჭერი ნაბიჯების შემდეგ თითქოს კრემლის რიტორიკა მცირედ შერბილდა.

- რუსეთის რიტორიკით იმის განსაზღვრა, რას მოიმოქმედებს ეს ქვეყანა, დიდი გულუბრყვილობა იქნება. რაც თავი მახსოვს, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთი სულ იმას ამბობს, როგორი მშვიდობის მოყვარული ქვეყანაა, თუმცა სრულიად საპირისპიროდ იქცევა. სულ ცოტა, 400 წელიწადია, რაც იმპერიას აშენებენ და ახლაც იმავეს ცდილობენ. გაუთავებლად მისტირიან საბჭოთა კავშირს. მიზეზს ომის წამოსაწყებად ყოველთვის მოძებნიან, თუმცა თუ ეს კრემლმა გააკეთა, რუსეთს ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში შეჭრა მარტივი გასეირნება რუსეთისთვის ვერ იქნება - გარდა იმისა, რომ ეს დიდი ქვეყანაა, რომელსაც ბრძოლის, მათ შორის პარტიზანული ბრძოლის, დიდი გამოცდილება და დასავლური სახელმწიფოების მასშტაბური მხარდაჭერაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ჯერჯერობით თავს იკავებს და საფრანგეთის პოზიციაც არ არის ძალიან მკაფიო, თუ რუსეთი მართლაც შეიჭრა უკრაინაში, ვფიქრობ, მოკავშირეებს ეს ორი ქვეყანაც შეუერთდება. ვნახეთ, დიდმა ბრიტანეთმა რა მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარება გამოუყო უკრაინას, ასევ აშშ-მა. იმის ალბათობა, რომ დასავლეთი სამხედრო ფორმით ჩაერევა კონფლიქტში, თითქმის გამორიცხულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისე რაზმები შეიქმნას დასავლეთში, განსაკუთრებით, პოლონეთში.

ომი მარტივი საქმე არ არის, მას დიდი სახსრები სჭირდება. შესაბამისად, დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს როგორ გაუძლებს რუსეთი, ძნელად სათქმელია. შეიძლება ისე გაიხლართოს მთელ ამ პროცესში, რომ თავი უდიდესი დანაკარგითაც ვეღარ დააღწიოს. ამიტომაც ვფიქრობ, ფართომასშტაბიანი ომის წამოწყებას კრემლი ვერ გაბედავს. უფრო მგონია, აღიარებს დნეპრისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და იქ შეიყვანს ჯარს... ვიმეორებ, ამ ვითარებაში საქართველოს პოზიცია უნდა იყოს გაცილებით მკვეთრი. პანიკის დათესვა საჭირო არ არის, მაგრამ უნდა შევემზადოთ უარესი სცენარისთვის. იხილეთ სრულად