ავტორი:

"რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ?" - პუტინის პირველი კომენტარი ნატოსა და აშშ-ის პასუხზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

"რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ?" - პუტინის პირველი კომენტარი ნატოსა და აშშ-ის პასუხზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, პირველად გააკეთა კომენტარი აშშ-ისა და ნატოს პასუხზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

მისი თქმით, აშშ-ს და ნატოს წერილობით პასუხებში რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო...

"უკვე ნათელია, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“.

პუტინის თქმით, ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.

​"მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“, - განაცხადა პუტინმა.

"ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში უნდა მიიღონ. უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში წერია, რომ მათ უნდათ ყირიმი სამხედრო გზით დაიბრუნონ. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა, ნატოს წევრი გახდა და იწყებს ოპერაციას ყირიმში (დონბასზე არ ვლაპარაკობ). ეს სუვერენული რუსეთია. რა, ნატოს ბლოკს ვეომოთ? ვინმემ იფიქრა ამაზე? როგორც ჩანს, არა“, - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, 26 იანვარს შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსეთს მის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხები გადასცეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საჯაროდ ისაუბრეს დოკუმენტის ძირითად დებულებებზე და განაცხადეს, რომ დასავლეთი არ წასულა დათმობებზე რუსეთის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეჩერდეს.