ავტორი:

"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

"ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო“ - ემა ტუხიაშვილის ყველაზე რთული ინტერვიუ და დანგრეული ოჯახი

ემა ტუხიაშვილი ის ჟურნალისტია, რომელსაც ხან ნამდვილ ქოცად მოიხსენიებენ და ხანაც ნაცად. ეს კი მისთვის ობიექტურობის მთავარი ნიშანია. როგორც თავად ემა აღნიშნავს, საზოგადოებაში, რომელშიც ობიექტურობა გასაკვირია, მაყურებელს ვერ გაურკვევია, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია და სწორედ ეს განსაზღვრავს მისთვის ობიექტურობას.

ემა ჟურნალისტობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და მიზანს მიაღწია კიდეც, თუმცა არ თვლის, რომ უნდა გაჩერდეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, აცხადებს, რომ ის არის ჯერ დედა და მხოლოდ შემდეგ - ჟურნალისტი. კარიერასა და პირადზე, ახლახან დანგრეულ ოჯახსა და მიზნებზე, რომლებსაც მიაღწია და რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია, თავად ემა ტუხიაშვილი გვესაუბრება.

- როგორი იყო პატარა ემა? რაზე ოცნებობდა, რა იყო მისი ყველაზე დიდი მიზანი?

- მოგონებები ძალიან ღრმა ბავშვობიდან მაქვს. მშობლების მონათხრობიც მეხმარება ბავშვობის დეტალების აღდგენაში. პატარა ემა ძალიან მატრაკვეცა იყო და ზედმეტსახელად „მიყიდე“ ერქვა. ითხოვდა ყველაფრის ყიდვას. შეიძლება მოსწონებოდა 40 ზომა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ყიდვასაც ჯიუტად მოითხოვდა.

პატარა ემა ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და მამას ჰქონდა ერთი ჟესტური ნიშანი, რომლითაც მეუბნებოდა, რომ უნდა გავჩუმებულიყავი. მითხრა, ყველგან შენიშვნას ვერ მოგცემო და რომ განიშნებ, ესე იგი ბევრს ლაპარაკობ და უნდა გაჩუმდეო.

მეც და ჩემი ძმაც ყაზახეთში დავიბადეთ და იქ რუსულ ბაღში დავდიოდით, თუმცა სახლში სულ ქართულად ვლაპარაკობდით და ამიტომ 7 წლის ასაკში, როდესაც საქართველოში დავბრუნდით, ქართულადაც და რუსულადაც გამართულად ვსაუბრობდით. მანამდე კი მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი ხოლმე საქართველოში, ბებიასთან მუხრანში. მთელი ბავშვობა მუხრანბატონის სასახლის ეზოში მაქვს გატარებული. ალბათ, ესეც იყო ჩემი შთაგონების წყარო. წარმოვიდგენდი, რომ პრინცესა ვიყავი და მეზობლებისთვის კონცერტებს ვაწყობდი. ძალიან არტისტული ბავშვი ვიყავი. ამავდროულად, მეოცნებე და იდეალისტი ვიყავი, რაც დღემდე შემომრჩა. სულ მგონია, რომ რაღაც შეუძლებელი უნდა მოხდეს. ყველაფრის იმედი მაქვს, სულ რომ არარეალისტურად მეჩვენებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, დღეს ისეთი ხართ, როგორზეც პატარა ემა ოცნებობდა?

ნაწილობრივ კი. ბავშვობის ოცნება იყო, რომ ტელეწამყვანი გავმხდარიყავი. თუმცა იმ გადასახედიდან ეს ოცნება ძალიან არარეალისტურად ჟღერდა. ყაზახეთიდან დაბრუნებულები დედაქალაქში არ ვცხოვრობდით. ჩემს ბავშვობაში კი ერთადერთი ტელევიზია თბილისში არსებობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, წამყვანობაზე მეოცნება. მაგიდის ფეხით მიკროფონი გავაკეთე და მისი დახმარებით გადაცემებს ვდგამდი ხოლმე. დღეს მართლაც ამიხდა ეს ოცნება, რაც იმის დამსახურებაა, რომ ძალიან მომთხოვნი და ჯიუტი ვარ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. თუმცა არ ვჩერდები და უფრო და უფრო მეტი მინდა. სულ ახალი ოცნებები და მიზნები მაქვს. ამიტომაც არის ცხოვრება საინტერესო.

- ვინ არის დღეს ემა ტუხიაშვილი?

ემა პირველ რიგში არის დედა და ძალიან ბევრ მოვალეობასა და საქმეს ასრულებს ამ კუთხით. დედის შემდეგ არის ადამიანი. ადამიანობის გამო ძალიან ბევრ რამეზე დამიხუჭავს თვალი და გამიტარებია. სამწუხაროდ, ემა აღარ არის შვილი, რადგან არც ერთი მშობელი აღარ ჰყავს ცოცხალი.

ემა არის ჟურნალისტი და ეს ნიშნავს, რომ მისი მაყურებლების დიდი გულშემატკივარი და მეგობარია. თითოეულ გადაცემას დიდი პასუხისმგებლობით ვამზადებ და ამას ყოველდღიურად 5-6 საათს ვუთმობ. ჩემი მიზანია, რომ მაყურებელი ეკრანს მიღმა იმედგაცრუებული არ დავტოვო.

ამ ყველაფრის შემდეგ ემა არის მეგობარი. სამწუხაროდ, დღეს ყველაზე ნაკლები დრო მეგობრებისთვის მრჩება.

22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დღეს აღარ ვარ მეუღლე და ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

- გზაზე, რომელიც აქამდე მოსასვლელად გამოიარეთ, რა იყო ყველაზე რთული?

- მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო. ყველაზე რთულია, დაელოდო დროს, როდესაც შენი შრომა დაფასდება. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით, თუმცა ჯერ კიდევ ველოდები იმას, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

რთული იყო პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში გადასვლა. ეკონომიკა ძალიან დამეხმარა გადაცემების მომზადებაში, წაყვანაში, სტუმართან ოპონირებასა და თემის გახსნაში. თუმცა პოლიტიკა იყო სრულიად სხვა სამყარო. ამას შევადარებდი ღრმა წყალს, სადაც ჩემით უნდა გამეცურა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც რჩევებს მაძლევდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე ჩემით უნდა გამეკვალა გზა.

- პოლიტიკასთან ერთად თქვენთვის სიახლე იყო ტელევიზია და პირდაპირი ეთერიც. გაგიჭირდათ კამერასთან ურთიერთობა?

- კამერასთან ურთიერთობა არ გამიჭირდა. ესეც ჩემი ბავშვობის დამსახურებაა. მე-11 კლასში „მანსანკანის“ სცენაზე შემამჩნიეს და რეგიონულ საყმაწვილო გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. ჩემი რეალური ურთიერთობა კამერასთან მაშინ დაიწყო.

ტელევიზიაში გადასვლის მომენტში კამერის კომპლექსი არ მქონდა. ერთადერთი, რასაც შეიძლებოდა დავეკომპლექსებინე, არცოდნა იყო. ამიტომ მუდმივად ვვარჯიშობ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე ასეთი თავისუფალი არ ვიყავი. მაგრამ არავინ თქვას, რომ დროსთან ერთად კომპლექსები ქრება. კომპლექსი გეხსნება მას შემდეგ, რაც თავდაჯერებული ხდები. თავდაჯერებული კი მაშინ ხარ, როცა თემა კარგად იცი.

- ემა არის ჟურნალისტი, რომელსაც არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარე არ უჭირავს. ობიექტურობის შენარჩუნება რთულია? ეს გეხმარება სტუმრების გადაცემაში მოყვანაში?

ობიექტურობის აღიარებასაც დრო სჭირდება. დღეს ჩემი გადაცემების კომენტარებში ხან პირწავარდნილ ქოცს მიწოდებენ, ხან - ნამდვილ ნაცს. მათი რაოდენობა იმდენად დაბალანსებულია, რომ ვხვდები, სწორედ ესაა ჩემი ობიექტურობის ნიშანი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მხარის წარმომადგენლები ერთნაირად კეთილგანწყობილები არიან, ხშირად თვითონაც გამოთქვამენ ჩემს გადაცემაში მონაწილეობის სურვილს. ჩემი სიმართლე არის ობიექტურობის გარანტი. მე კი არაფერი გამაჩნია ქვეყანაზე გარდა ჩემი შვილებისა და ჩემი სიმართლისა.

- პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ძნელია?

- ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მათთან ურთიერთობა. კადრს მიღმა ძალიან საინტერესო ადამიანები არიან. ვცდილობთ, ეთერამდე არსებული წუთები სხვადასხვა თემაზე საუბარს, იუმორს დავუთმოთ. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების დიდ ნაწილს გახსნის კომპლექსი აქვს და მათ მაყურებელი არ იცნობს ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან. ალბათ მოვა დრო, როდესაც მიხვდებიან, რომ ჩარჩოებიდან უნდა გამოვიდნენ და რეალურები იყვნენ. მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა აჩვენონ საზოგადოებას, რომ ისინიც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც მათი ამომრჩეველი.

- რომელი იყო ყველაზე რთული ინტერვიუ თქვენი კარიერის განმავლობაში?

- რაც უფრო ჭკვიანი და ერუდირებულია სტუმარი, მით უფრო მეტად ემზადები გადაცემისთვის და მით უფრო რთულია მასთან ინტერვიუ. თუმცა ემოციურად რთული ინტერვიუები სირთულით ვერც შეედრება ისეთ ინტერვიუს, როდესაც სტუმარი ლავირებას და თავის დაძვრენას ახერხებს. ჩემთვის ასეთი იყო შაქარაშვილის, ბაჩალეიშვილის, მაჩალიკაშვილის, სარალიძის საქმეებზე ჩაწერილი ინტერვიუები. ამ დროს საკუთარ თავს განკიცხავ ადამიანი, რომ როგორ შეგიძლია გააკეთო თოქ-შოუ თემაზე, რომელიც ადამიანისთვის ენით აღუწერელი ტრაგედიაა.

- რომელია ინტერვიუ/გადაცემა, რომლითაც ყველაზე მეტად კმაყოფილი და ამაყი ხართ?

- ასეთი ინტერვიუ ჯერ არ მქონია, თუმცა ის აუცილებლად იქნება. დღემდე მაქვს საკუთარი თავის ყურების კომპლექსი. ბევრი მეუბნება, უნდა ვუყურო, რომ შეცდომები დავინახო და მერე გამოვასწორო. მე ისედაც ვიცი ეს შეცდომები და ვერ ვუყურებ. ყოველი ეთერის მერე რამდენადაც კმაყოფილი, იმდენად უკმაყოფილო ვარ, ყურების შემდეგ კი საკუთარ თავზე მეტად ვბრაზდები, რომ უკეთესად არ გავაკეთე.

- როგორია თქვენი ტაქტიკა, რომ სტუმარი აალაპარაკოთ, გახსნათ, მისგან საჭირო ინფორმაცია მიიღოთ?

- პროდიუსერები ხშირად მეუბნებიან, ტიპური ქართლელი ქალი ხარო. ხშირად მირჩევენ, პირველივე შეკითხვით არ გააღიზიანო სტუმარი, ეცადე, თავიდან გახსნა და მერე წამოიყვანო თემაზე სალაპარაკოდო. მე ეს არ შემიძლია, პირველივე მძაფრი შეკითხვა უნდა ვაჯახო შუბლში. ასეთია ჩემი ხასიათი და, როგორც წესი, ამართლებს, სტუმრებიც მომყვებიან ხოლმე.

- თვლით, რომ ქალისთვის უფრო ძნელია წარმატების მიღწევა, ვიდრე კაცისთვის?

- რა თქმა უნდა და ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები. სამსახურის უამრავი საქმის პარალელურად, ქალი ვერანაირად ვერ აარიდებს თავს იმ საქმეს, რომელიც სახლში აქვს. კაცს უფრო მეტი დრო რჩება საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობისთვის. ქალს ამისთვის მართლა მსხვერპლის გაღება უწევს.

ჩემი ცხოვრების გარკვეული წლები შვილების გაზრდას მივუძღვენი. ვთვლი, რომ შვილი სხვამ არ უნდა გაგიზარდოს. გარკვეული წლები მაქსიმალურად შვილებთან ერთად უნდა გაატარო. კაცი რომ ვყოფილიყავი, იმ დროს საკუთარი თავისთვის გამოვიყენებდი, უფრო მეტს ვისწავლიდი, ცოდნას უფრო მეტი მიმართულებით მივიღებდი, თუმცა არც ახლა არის დაგვიანებული და გაჩერებას არ ვაპირებ.

- 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდით. გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეთ?

- დაშორების შემდეგ მე და ჩემს შვილებს ცალკე, ქირით გადასვლა მოგვიწია. ეს მოხდა სრული ლოქდაუნის, კომენდანტის საათის პერიოდში, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა სახლი, რომელშიც, გარდა იმისა, რომ ამდენი წელი გავატარე, ჩემი ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდე. ასეთ ვითარებაში თავმოყვარეობა წინ წამოიწევს ხოლმე და ბევრ სხვა მოლოდინს თრგუნავს. ამიტომ არც ერთი დღე და არც ერთი წამი არ დამიხევია უკან.

გადაწყვეტილება ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მიიღო და მე და ჩემს შვილებს ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ვფიქრობ, არსებული სირთულეების მიუხედავად, ადამიანებს არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ მათ საერთო შვილები ჰყავთ, თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ მე ბევრად უფრო ძლიერი ვარ.

- როგორ ფიქრობთ, კარიერას მიუძღვის როლი თქვენი ოჯახის დანგრევაში?

- კი და უფრო მეტსაც გეტყვით, ლომის წვლილი. ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ კი განვითარების სხვადასხვა ვექტორი ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დროს ვუთმობდი სამსახურს, ყოველთვის კარგი დედა ვიყავი. არ ვიცი ტიპური ქართული გაგებით, რას ნიშნავს კარგი მეუღლე, მაგრამ ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი.

ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც პოლიტიკური გადაცემა ჯერ არც კი მქონდა, ჩემმა მეუღლემ ჩემს სახელსა და გვარზე რამდენჯერმე ისეთი მძაფრი აქცენტი გააკეთა, რომ მივხვდი, წლების შემდეგ ჩემი საქმე პრობლემა გახდებოდა. მას ჩემს სფეროსთან შეხება არ ჰქონდა და ვერც ხვდებოდა, რამდენად ჩართული ვიყავი, რამდენად მიყვარდა.

- ოჯახის დანგრევის პარალელურად, თქვენს პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეცაა. თქვენი ქალიშვილი დაოჯახდა. მზად ხართ ბებიობისთვის?

- უბედნიერესი ვარ ამ ამბით. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია. ბებიობისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ. უფრო მეტიც, გეტყვით, რომ არა მხოლოდ ბებიობისთვის, არამედ თუ საშუალება მომეცემა, კიდევ ერთხელ დედობისთვისაც კი მზად ვარ. ისე მიყვარს ბავშვები, რომ შემეძლოს, ყველა ბავშვისთვის გავაკეთებდი რამე კარგს.

- სატელევიზიო სახედ ყოფნა, მუდმივად ინფორმაციის ცენტრში ყოფნასთან ერთად, ფორმაში ყოფნასაც მოითხოვს. როგორ იქმნება ემას იმიჯი, ვინ ზრუნავს თქვენს სტილზე?

- ბოლო პერიოდში ბევრი მეუბნება, რომ ძალიან შევიცვალე. სატელევიზიო საქმიანობის საწყის ეტაპზე ვიზუალზე ვერ ვფიქრობდი. იმ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შინაარსობრივად დავმდგარიყავი ფეხზე. შესაბამისად, ვერც ვარცხნილობას ვაქცევდი ყურადღებას, ვერც წონას და ვერც მაკიაჟს. გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც შინაარსით ნაწილობრივ მაინც კმაყოფილი ვიყავი, ვიზუალურ მხარეზე ზრუნვაც დავიწყე. იმ დროს დაემთხვა, რომ საკმაოდ ცუდი დიაგნოზი დამისვეს. აუტოიმუნური დაავადება მქონდა, რომლის სამკურნალო პრეპარატიც სახის დეფორმაციასა და შეშუპებას იწვევდა. გადავწყვიტე ფიზიკურად მევარჯიშა. ეს ხდებოდა სამსახურის მერე, 11 საათზე, რაც საკმაოდ რთული იყო. დღეს ძალიან მოდურია პერსონალური ტრენერი, თუმცა ეს დროსთან ერთად საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსსაც მოითხოვდა. როდესაც მარტოხელა დედა ხარ და ორი შვილი გყავს, თავს ამის უფლებას ვერ მისცემ. ამიტომ გადაწყვიტე ჩემით მევარჯიშა. ამაში ჩემი შვილი მეხმარებოდა, რომელიც სამოდელი სააგენტოში მუშაობდა. დღეს სახლში მაქვს ვარჯიშისთვის საჭირო აქსესუარები და კვირაში რამდენჯერმე სახლში ვვარჯიშობ. ეს საშუალებას მაძლევს, დრო დავზოგო. ასევე ბევრს დავდივარ ფეხით და ესეც მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში.

მაქვს კვების ინდივიდუალური რეჟიმი და ვცდილობ, არ ვჭამო შემწვარი და ცომეული. ვჭამ ყველაფერ დანარჩენს, მათ შორის, ტკბილეულსაც. ეს არის ჯანსაღი ტკბილეული, მაგალითად, თაფლი, ჩირეული. თუმცა საკუთარ თავს ზეიმს ვუწყობ ხოლმე საკმაოდ ხშირად. ეს შეიძლება იყოს კვირაში ერთხელაც და ერთჯერადად ვჭამ იმას, რაც ძალიან მომენატრა.

44 წლის ვარ და არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან. 1-2-ჯერ ბოტოქსი გავიკეთე, მაგრამ მივხვდი, რომ ამით სილამაზეს უბრალოდ ვერ შეუნარჩუნებ. ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებების ყიდვის უფლებას კი თავს ვერასდროს ვაძლევდი, ამიტომ აქაც საინტერესო ხერხს მივაგენი. აფთიაქში ვყიდულობ კოსმეტიკურ ეთერზეთებს და მათი კომბინაციით თავად ვამზადებ შრატებს.

როცა გაქვს სურვილი და ფინანსები ან დრო არ გიწყობს ხელს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარია, ნებისყოფა და მოტივაცია გქონდეს. შედეგის დანახვისას ისეთი კმაყოფილების გრძნობა გეუფლება, რომ ხვდები, ეს ამად ღირდა.