ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს: "ეს უტიფრობაა" - მიაჩნიათ მმართველ პარტიაში

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს: "ეს უტიფრობაა" -  მიაჩნიათ მმართველ პარტიაში

მოგეხსენებათ, პარლამენტში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ბოიკოტი შეწყვიტა და გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობს. ფრაქციის თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანია, პარლამენტში პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ფრაქცია აპირებს ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.

"კომისიამ უნდა დაადგინოს, რა იყო ღირსებაშემლახავი და არადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ყველამ იხილა კადრები და ეს ჩემი მოგონილი არ არის. ყველაფერი რუტინულად არის შესასწავლი და ამაში არაფერია პოპულისტური. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" პროცედურულ ომს გამოუცხადებს საგამოძიებო კომისიას და გადაწყვეტს, რომ მათ შორის კომისიის შემადგენლობაზე ზეწოლა მოახდინოს, მაშინ ჩავთვლით, რომ კომისიის შექმნა და სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გასაჯაროვება არ უნდა "ქართულ ოცნებას" და ამიტომ ეწინააღმდეგება", - განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, 50 ხმა რაც კომისიის შესაქმენლად არის საჭირო, გროვდება.

რაც შეეხება „გირჩის“ წინაპირობებს, დეკანოიძის თქმით, ისინი მზად არიან "გირჩთან" თანამშრომლობისთვის.

"პირადად მე, არასოდეს ჩამითვლია, რომ იაგო ან სხვა "გირჩიდან" "ქართულ ოცნებასთან" ღიად ან დაფარულად თანამშრომლობს. ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერც მექნებოდა და არც მაქვს. ყოველთვის იარლიყების მიწებების წინააღმდეგი ვარ. თუ მათ ჩვენი თანამშრომლობა დასჭირდებათ, მათთან ვითანამშრომლებ", - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსნებეთ, "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ კომისიის საჭიროებაზე, კოლეგებისთვის მიცემულ პირობას შეასრულებენ და მხარს დაუჭერენ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას იმის სანაცვლოდ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მომავალში, "ნაციონალური მოძრაობაც" მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიაზე მათ ინიციატივას და "მათ არ დააბრალებენ, რომ "ქოცები" არიან".

"ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ", - ამის შესახებ კი "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ასევე ვერ ხედავს პრობლემას, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.

"მე მხარს ვუჭერ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ვფიქრობ, არსებობს შესაბამისი დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ეს დაადგინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და მისი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა ომბუდსმენმა. ჩემთვის ამ ორი უწყების მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია, რომ თანხმობა განვაცხადო კომისიაზე. როგორც წარიმართება კომისიის მუშაობა და რა როლი ექნება „სტრატეგია აღმაშენებელს“, ამაზე გვჭირდება მეტი ინფორმაცია საკითხის ინიციატორისგან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მოწვევასთან დაკავშირებითაც,"- განაცხადა მანჯგალაძე.

  • რას პასუხობს მმართველი პარტია ამ ინიციატივას?

პრინციპული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ უტიფრობის მიმართ, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა.

"პროცედურული ომი, რაზეც "ნაცმოძრაობა" ლაპარაკობს, არის ძალიან მცირე დოზა იმ დამოკიდებულებისა, რაც შეიძლება გააჩნდეს საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს პოლიტიკურ ძალას ამ უსამართლო სათაურის მიმართ (მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა) და ზოგადად, იმ შინაარსის მიმართ, რასაც ოპონენტები გვთავაზობენ, როცა დღის წესრიგში უნდა იდგეს საკითხი სათაურით - სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები ხალხის მიმართ. არის საკითხები, რომელიც ეხება ეროვნული უსაფრთხოების თემას, საზოგადოებაში დაპირისპირების პრევენციის თემას, რასაც საგანგებო ყურადღებას ვაქცევთ და გაცილებით უფრო გლობალურია დაპირისპირების პერსპექტივა, რასაც ოპონენტები გვიქადიან ამ კომისიის შექმნით", - განაცხადა ვოლსკიმ.