ავტორი:

"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?

"რაც ეს წელი დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ძვლები მტკივა" - რა თქვა შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის მამაკაცმა პროცესზე?

გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 82 წლის კარლო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

როგორც პროცესზე ბრალდებულმა მამაკაცმა განაცხადა, შვილი მასზე მუდმივად ძალადობდა. მან მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებები უჩვენა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული დაზიანებები შვილმა რამდენიმე კვირის წინ მიაყენა.

"რაც დაიწყო ეს წელი სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ეს (დაზიანება თავზე) სულ ორი კვირის არის. ასე მიმაჯახა კარადას, ძვლები სულ მტკივა" - აღნიშნა მამაკაცმა პროცესზე.

ბრალდებულის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არასაპატიმრო პირობები შეფარდებოდა და გამოძიების დასრულებამდე, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, თუმცა, მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც თავად აცხადებს, წლების განმავლობაში იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მის მიმართ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა, როდესაც ძალადობას ვამბობ, ვგულისხმობ ფიზიკურსაც. ამის დასტურად ბრალდებულმა მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებებიც აჩვენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანებების ხარისხის შესაფასებლად დაინიშნა ექსპერტიზაც. დავაყენე შუამდგომლობა, რომ მომხდარიყო არასაპატიმრო პირობების შეფარდება, ამის მოტივად რამდენიმე მყარი არგუმენტიც დავასახელე, თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მან ეს დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა, უნდოდა, რომ მისთვის მხოლოდ ტკივილი მიეყენებინა, აფექტის გამო ვერ გაიაზრა, რა სახის დაზიანებები შეიძლებოდა მიეღო დაზარალებულს“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

ცნობისთვის, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

შეგახსენებთ, შემთხვევა 30 იანვარს, საღამო საათებში გორში მოხდა.

47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 82 წლის მამა მალევე დააკავა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19 -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.