ავტორი:

"იმათ გასაგონად, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსია..." - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე და ვის უწოდებს ზნედაცემულებს?

"იმათ გასაგონად, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსია..." - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე და ვის უწოდებს ზნედაცემულებს?

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია,​ პირბადეების გამოყენება დაბალია, იმართება პერმანენტული ხალმხრავალი შეხვედრები და აქციები, რამაც ახალი შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ცერცვაძის განმარტებით, სწორედ აღნიშნული იგულისხმება ფრაზაში - „პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“.

თენგიც ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას - „ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსი იყოს “ აქვეყნებს და საქართველოში პანდემიის მართვის თაობაზე საუბრობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ბოლო დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნეთ რამოდენიმე მოკლე პოსტი, სადაც შევეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად და მიუკერძოებლად გადმოგვეცა, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა COVID პანდემიას და ომიკრონით განპირობებულ მძიმე გამოწვევებს. ჩვენმა პოსტებმა ანგაჟირებული ექსპერტების, ჩასაფრებული ადამიანების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ დიდი გაღიზიანება, ღვარძლი და ბოღმა გამოიწვია.

იმათ გასაგონად, ვისაც ჯიუტად სჯერა, ან უფრო ზუსტად ძალიან უნდა, რომ სჯეროდეს, ან გამოიგონოს მაინც, რომ ქვეყანაში COVID აპოკალიფსია, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, ხოლო ქვეყნის მთავრობა და ექიმები ძირითადად იმით არიან დაკავებული, რომ ჯანმრთელი ადამიანები COVID-ის სახელით მოკლან?!?! ხოლო 15,060 COVID გარდაცვლილი მთლიანად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის სინდისზეა და ამიტომ პასუხი უნდა აგონ?! კიდევ ერთხელ მოკლედ შევახსენებ:

ის ადამიანები (ვინც არ უნდა იყონ), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და კონკრეტული ექიმები გამიზნულად წირავენ ავადმყოფებს COVID-ით გარდაცვალებისთვის?!?! არამარტო უკიდურესად ზნედაცემულები არიან, არამედ მათი ფსიქიკური მდგომარეობაც სერიოზულად შესამოწმებელია.

ვისაც საქართველოს COVID სტატისტიკის ამერიკის, ევროპის და სხვა ქვეყნების COVID სტატისტიკასთან შედარება მასხარაობა ჰგონია და გაგონება არ უნდა?! ვურჩევ ნახონ მონაცემები შემდეგ ვებსაიტზე: https://www.worldometers.info/coronavirus/country/us/, სადაც თავის თვალით ნახავენ, რომ მსოფლიოს უძლიერეს და უძლიერესი ჯანდაცვის მქონე აშშ-ში:

ა.წ. 20 იანვარს COVID-გან გარდაიცვალა 3,245 ავადმყოფი,

ა.წ. 25 იანვარს - 3,089 ავადმყოფი,

ა.წ. 26 იანვარს - 3,434 ავადმყოფი,

ა.წ. 27 იანვარს - 3,161 ავადმყოფი,

ა.წ. 28 იანვარს - 2,832 ავადმყოფი,

ანუ აშშ-ში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღეში COVID-ით გარდაიცვალა 15,761 ავადმყოფი - უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე. დიახ, რამდენადაც ძნელად დასაჯერებელი არ უნდა იყოს, ამერიკაში მხოლოდ ა.წ. იანვრის ბოლო 5 დღის მანძილზე (ვიმეორებ მხოლოდ ბოლო 5 დღეში) COVID-ით უფტო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საქართველოში 2 წლის მანძილზე. გასაგებია, რომ ამერიკა მოსახლეობით ჩვენზე 85-ჯერ მეტია, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია.

მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელში, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 9,2 მილიონია, ა.წ. 1 თებერვალს COVID-ის 65,875 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 121 ავადმყოფი გარდაიცვალა (საქრთველოში ა.წ. 1 თებერვალს COVID-ით 36 ავადმყოფი გარდაიცვალა). ანუ, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში გარდაიცვალა 9 ავადმყოფი, ხოლო ისრაელში - 13 ავადმყოფი. კომენტარები ზედმეტია.

აშშ-სთან შედარება ავიღეთ არა იმიტომ, რომ გვინდა დავაკნინოთ ამერიკის შესაძლებლობები ან მისი ჯანდაცვა, არამედ პირიქით - იმიტომ ავიღეთ, რომ ამერიკა არის მსოფლიოში უძლიერესი სახელმწიფო უძლიერესი ჯანდაცვის სისტემით და თან საქართველოსგან განსხვავებით სრულად ვაქცინირებული, რაც 10-ჯერ მაინც ამცირებს სიკვდილობას და მანაც კი ვერ აიცილა თავიდან COVID-ით გამოწვეული ძალიან სერიოზული დანაკარგები და რატომ თვლით, რომ საქართველოს შეეძლო აეცილებინა და რატომ ითხოვთ შეუძლებელს საქართველოს ხელმძღვანელობისგან და მისი ჯანდაცვის სისტემისგან, რომელიც ცალსახად აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს და უფრო მეტსაც იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული, არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩეს ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე, რათა 21-ე საუკუნის უმძიმესი გამოწვევიდან - COVID-ის პანდემიიდან ქვეყანა გამოვიდეს მინიმალური დანაკარგებით. საქართველოს კლინიკებში ჰოსპტალიზებულ პაციენტებში საშუალო სიკვდილობა უფრო დაბალია, ვიდრე ევროპისა და მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაში და ა.შ.

რაც შეეხება ფრაზას, რომ „პანდემიის სადავეები ხელიდან გაგვექცა“, არაერთგზის გვაქვს აღნიშნული, რომ იგულისხმება შემდეგი:

საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის დონე დაბალია პირბადეების გამოყენება ძალიან დაბალია - მხოლოდ 30%, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი 90%-ია. ბოლო 4 თვის მანძილზე ქვეყანაში იმართება პერმანენტული ხალმხრავალი შეხვედრები და აქციები. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო ახალი შემთხვევების ზრდას და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევების გარდაუვალ მატებას, მაგრამ ამ პირობებშიც კი სიტუაცია ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში და რომ ჯანდაცვის სისტემის და ექიმების გმირობა, გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტი იქნებოდა.

მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად გაბოროტებული ადამიანების, ე.წ. ექსპერტების და ერთი მუჭა „ჰეითერების“ სიძულვილის ენით გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვის და პანიკის გამსოავწვეად. იყავით მშვიდად, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე, აიცერით, აიცერით, აიცერით, რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.