ავტორი:

"სკოლები უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება, სკოლები არის ვირუსის გავრცელების ნომერ პირველი ნიადაგი" - დევი ტაბიძე

"სკოლები უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება,  სკოლები არის ვირუსის გავრცელების ნომერ პირველი ნიადაგი" - დევი ტაბიძე

როდესაც "ომიკრონი“ მომძლავრდა, შევთავაზე ვერსია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადასულიყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვირუსის გავრცელების "პროცესის შეჩერებისთვის საინტერესო იქნებოდა“.

როგორც მან აღნიშნა, "ომიკრონის“ შტამი ყველაზე მარტივად ბავშვებში ვრცელდება.

"ოჯახების უმეტესობა, სადაც დღეს არის "ომიკრონი“, ბავშვებმა მოიტანეს, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან მარტივად გადასდებენ ხოლმე. სკოლები აუცილებლად უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება. სკოლები არის ნომერ პირველი და არაჩვეულებრივი ნიადაგი იმის, რომ ვირუსი გავრცელდეს“, - განაცხადა ტაბიძემ.

გარდა ამისა, მან კოვიდპასპორტის შესახებ ისაუბრა.

"თავიდანვე კოვიდ - პასპორტის საკითხი სწორად არ იყო დაგეგმილი. დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული თუნდაც აპლიკაციაში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და მივედით იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, ვისაც უნდა და ჩათვლის საჭიროდ, იმან მოსთხოვოს მოსახლეობას კოვიდ-პასპორტი - ასეთი განცხადება დღეს გაკეთდა კიდეც.

ასევე სერიოზული პრობლემაა ზეწოლა, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე დღეს მოდის - ვგულისხმობ, ინფიცირებულთა რაოდენობას. საავადმყოფოებში დღეს არის თავისუფალი საწოლები იმის ხარჯზე, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა გადავიდა პირველად ჯანდაცვაზე, რაც დაახლოებით 2500 გადამზადებულ ექიმს გულისხმობს და 100-მდე ონლაინ კლინიკაა. ვხედავთ, რომ მართვაში ცოტა არ იყოს მოვიკოჭლებთ, თუნდაც ის, რომ სატელეფონო ზარები და პასუხი გვიანდება“, - აღნიშნა დევი ტაბიძემ.