"თურქეთის კლინიკებმა უარი გვითხრეს მკურნალობაზე, მხოლოდ ისღა დამრჩენია, ძველებურად გაგრძელდეს მკურნალობა - უფლის წყალობითა და ხალხის შემწეობით", - გვეუბნება შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე, თავის ასევე შშმ შვილზე. ბატონი გოგიტა სხვა დროსაც ყოფილა ჩვენი რესპონდენტი, რომელიც მუდმივად შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.
- ამჯერად ოჯახს იმედი გვქონდა, რომ თურქეთში ყველაფერი ჩემი შვილის სასიკეთოდ, დადებითად გადაწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა...
მქონდა მიმოწერა ანკარის ნეიროქირურგიულ კლინიკასთან და ასევე სტამბოლის "აჯიბადენის“ ცნობილ კლინიკასთან. იქ გამოკვლევებზეც მყავდა. მისი იქ მკურნალობა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გამოკვლევის შემდეგ დღის წესრიგში ოპერაცია დადგა. გარანტია კი ვერ მოგვცეს, რომ ჯაბას სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, დამეთანხმებით, უმძიმესია.
- ე.ი. მკურნალობას ითხოვდით და გითხრეს - საოპერაციოაო?
- კი, მკურნალობის გაგრძელება მინდოდა. იმედი მქონდა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მოხდებოდა იმ კისტის დაშლა, რომელიც მას თავში აქვს (და არა ერთი კისტოზური წარმონაქმნია). მოკლედ, იმის გამო, რომ გარანტია ვერ მოგვცეს, ოპერაციაზე უარი ვთქვით. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ისევ იმ ძველი მეთოდებით მკურნალობის გაგრძელებას უნდა დავჯერდეთ, როგორსაც მანამდე ვუტარებდით.
- ოპერაციის გადატანაში რა უშლიდა ხელს?
- მას 5 ოპერაცია აქვს საერთოდ ჩატარებული და 6 სერიოზული გამოკვლევა - თან ეს ყველაფერი სულ ნარკოზით, მეთორმეტედ ნარკოზის მიღება მისთვის უკვე დაუშვებელია...
გერმანიისა და ისრაელის კლინიკების ფასები ჩვენთვის მიუწვდომელია. წარმოუდგენლად ძვირია, რომ იქ ჩასვლა მოვახერხოთ. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა იძულებულები ვართ, როგორც გითხარით, რა მკურნალობასაც ვუტარებდით, ისევ ის კურსი გავაგრძელოთ.
არადა, თუ კისტის დაშლა შესაბამისი მკურნალობით მოხდებოდა, მისი გონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა.
ახლა უკვე უფალზე ვართ მინდობილი და იმ ხალხზე, რომლებიც ამდენი წელია, გვერდში გვიდგანან.
ჯაბა 29 წლის არის და ამ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მადლობა, რომ ჩვენი რთული მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ...
ახლა მის წამლებს, პრეპარატებს სჭირდება შესაბამისი თანხები. ამასთანავე, ჯაბას ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი, განსხვავებული, მაღალკალორიული კვება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მინდა, ამ იმედით ვიყო და ჯაბამაც ამ იმედით იცოცხლოს. გარდა ამისა, მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე ჩვენ საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრებში მოსალოცად დავდივართ. ვლოცულობთ როგორც ჯაბას ჯანმრთელობისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებას არ გვაკლებს. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ასეთმა კეთილმა და გულისხმიერმა ხალხმა იმრავლოს.
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007