"ეს სიმღერა ქართველ კაცს ამოუხსნელ სიამაყეს უღვიძებდა, ამ სიმღერას დღესაც მღერიან, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის 60-იან წლებში, სტუდენტი გოგონას, თამარ ერისთავის მიერ ნათარგმნი, შოტლანდიური პოეზიის მოტივებიდანაა... ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს, არ დავუთმობ არავის, რქებს ვერავინ ვერ დამადგამს, არც დავადგამ არავის. ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი, არ ვუმადლი არავის, არა მაქვს რა გასაცემი, არც სესხსა ვთხოვ არავის. მე არავის ვემონები, არც ვბატონობ არავის, მტერს შიშველი ხმლით ვხვდები, ქედს არ ვუხრი არავის. გავიხარებ, გავლაღდები, არ ვიდარდებ არავის, თუ არავის ვენაღვლები, არც მე ვნაღვლობ არავის. რობერტ ბერნსი" - სოციალურ ქსელში ეს პოსტი გიგი ბიწაძემ გამოაქვეყნა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და 24 საათში 170 ათასი ნახვა ჰქონდა...
გიგი ბიწაძე ლექსის და თარგმანის შესახებ თავად გვესაუბრება..
- პოეზია ბავშვობიდან მიყვარს, ბოლო რამდენიმე წელი კი სისტემატურად ვკითხულობ და ვეცნობი ქართველ პოეტთა შემოქმედებას... განსაკუთრებით დავინტერესდი ქართველი მთარგმნელებით, მათ შორის ქალბატონი თამარ ერისთავის თარგმანებით. სამწუხაროდ, წიგნებზე ნაკლებად მიმიწვდება ხელი, თუმცა საბედნიეროდ შესაძლებლობა მაქვს სხვა და სხვა ლიტერატურულ საიტებზე მოვიძიო და წავიკითხო, ის რაც ჩემთვის საინტერესოა..
სწორედ ლიტერატურულ საიტზე "litklubi" წავიკითხე ქალბატონი თამარის ლექსის თარგმანზე, რომელზედაც მანამდეც მქონდა ინფორმაცია რომ შოტლანდიურ პოეტს - რობერტ ბერნსის ეკუთვნოდა. ეს ავტორი ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, რადგან სწორედ მისი თარგმანის საფუძველზე შექმნილა ყველასათვის საყვარელი სიმღერა, რომელსაც ასრულებდა ანსამბლი "ორერა" და არა მარტო. სხვადასხვა მომღერლებმაც შესარულეს სხვადასხვა დროს... აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამარ ერისთავის შემდეგ, 1969 წელს ეს ლექსი თარგმნა მურმან ლებანიძემაც... თამარ ერისთავის ხსენებული თარგმანი შექმნილია 1959-1964 წლებში.
- თამარ ერისთავის ბიოგრაფია რომ გაგვაცნოთ...
- თამარ ერისთავი, ქართველი პოეტი და მთარგმნელი დაბადებულია 1932 წლის 30 აპრილს... 1974 წლიდან მოყოლებული 1993 წლამდე მწერალთა სახლის, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას ხელმძღვანელობდა. თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია, რომელიც გამოსცა 1979 წელს, თუმცა მანამდე ნათარგმნი აქვს რობერტ ბერნსის ლექსები 1959 და 1964 წელს.
ქალბატონ თამარს ამ ლექსის შესახებაც აქვს დაწერილი. იგი ძალიან ამგვანებდა შოტლანდიელებს და ქართველებს ხასიათითაც და ისტორიითაც... მათაც სულ ბრძოლები უწევდათ და ერთნაირი ხასიათი გვაქვს ჩამოყალიბებულიო...
თამარ ერისთავის შესახებ მისი უახლოესი მეგობარი მაგდა დაურჯიშვილიც გვესაუბრა...
- ამ ლექსზე მასთან გისაუბრიათ?
- ამ ლექსზე როცა ვკითხე, რომ რატომ იყო რამდენიმე ტაეპი შეცვლილი, მიპასუხა, რომ როცა გოგი ცაბაძეს წაუკითხავს და მოსწონებია, მელოდიურად ვერ ჯდებოდა და მასთან შეთანხმებით შეუცვლია...ზოგადად თავის შემოქმედებაზე საუბარი არ უყვარდა, ძალიან თავმდაბალი ქალბატონი გახლდათ. საკუთარი ლექსების რამდენიმე კრებული აქვს და ასევე დაწერა წიგნი "დეიდა მზია", რომელიც მამიდას მიუძღვნა...
როგორც ვიცი, ეს ლექსი მოგვიანებით თარგმნა მურმან ლებანიძემაც, მაგრამ ეს სასიმღერო ვერსია ნამდვილად თამარისაა... ერთხელ, სუფრაზე, ფიზიკოსმა - ვახო ტუსკიამ, თამარის სადღეგრძელოს შესმისას თქვა, ეს ის გოგოა, რესტორანში ფულებს რომ გვაყრევინებსო... მე ძალიან გამიკვირდა და იქვე ახსნა, მისი "კაცი ვარ და ქუდი მხურავს" ვიგულისხმეო.
ამ თარგმანზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქალბატონი თამარი ითვლება შოტლანდიური პოეზიის და კერძოდ ბერნსის საუკეთესო მთარგმნელად. ეს ვიცი როგორც ოჯახის ახლობელმა, ფაქტიურად მის ხელში გავიზარდე ...
იგი მეტად გამორჩეული ოჯახიდან იყო... ქალბატონი თამარის დედა გახლდათ ნუნუ მაყაშვილი, შვილიშვილი ეკატერინე გაბაშვილის, პოეტ კოტე მაყაშვილის ქალიშვილი და მარო მაყაშვილის და... მამა ლევან ერისთავი გახლდათ ენერგეტიკოსი და როგორც მახსოვს, მახუნცეთჰესი მისი თაოსნობითაა აგებული, მაგრამ როგორც იმ ავბედით, 1937 წელს ხდებოდა, ხალხის მტრად შერაცხული სიკვდილით დასაჯეს..
ბაბუა ალექსანდრე ერისთავი, მას ყველა საშა ბაბუს ეძახდა, ვანის რაიონ, სოფელ სალომინაოში ცხოვრობდა, მისი მეუღლე გახლდათ ასევე დიდგვაროვანი ქალბატონი, როსკან ნიჟარაძე. საშა ერისთავს ეკუთვნოდა საირმის ტყეები, სადაც ხშირად მცირე ლაშქრობებში დაჰყავდა ხოლმე შვილები, შვილიშვილები და ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას აღმოაჩინა საირმის სამკურნალო წყლები. ეს ისტორიულადაც დადასტურებულია..
ხოლო რაც შეეხება თამარ ერისთავის მამიდას, ქალბატონ მზია ერისთავს, მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ძმიშვილებს და ზოგადად ახალგაზრდა თაობას...იგი ითვლება ბავშვთა ტურიზმის დამაარსებლად საქართველოში. ომის შემდგომ პერიოდში სალაშქროდ დაყავდა რეპრესირებულთა ოჯახის შვილები და ასე უმსუბუქებდა, ულამაზებდა მათ ბავშვობას.
ვფიქრობ, თუ კი რამე არსებობს ჩემში თბილი და ტკბილი, ის რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან მიყვარს (პედაგოგი ვარ 20 წელია) დეიდა მზიას და დეიდა თამრიკო დამსახურებაა. მე მქონდა მათთან ყოფნის ბედნიერება ბავშვობაში და სტუდენტობის წლებშიც თითქმის ყოველდღიური. შემდეგ უკვე ჩემს უფროს ქალიშვილსაც. ძალიან ბედნიერი ვიყავი ყოველ 30 აპრილს, თამრიკო დეიდას დაბადების დღეს მის არაჩვეულებრივ სამეგობროსთან ერთად მეც რომ ვზეიმობდი.