საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი ნინო წილოსანი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედის საჩუქარი შვილებია, თუმცა კარიერასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბობს, რომ დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ცდილობს სამ შვილთან მეტი დრო გაატაროს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი მეუღლეს, ბიზნესმენ ვლადიმერ აბულაძეს დაშორდა და ამჟამად შვილებთან ერთად მარტო ცხოვრობს.
სახლი თანამედროვე სტილშია მოწყობილი და როგორც დეპუტატი ჰყვება, რემონტსა და თითოეული დეკორაციის შექმნაში თავად იღებდა მონაწილეობას.
"ამ სახლში დაიბადა მარიამი. შესაბამისად, 11 წლის წინ დავიწყეთ რემონტი და ძალიან მიყვარს, რადგან თითოეული დეკორაცია ჩემი ჩართულობით არის გაკეთებული.
სახლი უფრო თანამედროვე სტილში მაქვს მოწყობილი. ანტიკვარები და ასე შემდეგ, არ მიყვარს, მაგრამ კარადებში არის დედაჩემის ნაჩუქარი ჭურჭელი. ეს ჭურჭელი არ არის საგვარეულო. პერიოდულად მიგროვებს ხოლმე ან თავისას მაძლევს.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევს საინფორმაციო გამოშვებების ყურება, თუმცა ეს ტელევიზორში არ ხდება, რადგან მინდა შვილები დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს მოვაშორო. ამიტომ ტელევიზორში ვუყურებთ ფილმებს, რომელსაც ერთად შევარჩევთ.
აქ მაქვს ფორტეპიანოც, რომელიც ჩემი შვილისთვის არის. თემოს ძალიან უყვარს დაკვრა, თვითნასწავლი პიანისტია.
თემო არის 19 წლის, სწავლობს ბრიტანეთში. ნიკოლოზი არის 15 წლის, არის კალათბურთელი, თამაშობს ბასკონიის გუნდში და მარიამი არის 10 წლის. ერთი გოგო გვყავს სახლში და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ.
ჩემს შვილებს ალბათ ექნებათ სათქმელად, რომ დედა ძალიან ცოტა დროს ატარებს მათთან, თუმცა რასაც ვატარებ, ვატარებ ხარისხიანად და ბოლომდე მათ ვუთმობ.
სამზარეულოში ვატარებთ ყველაზე დიდ დროს. თუ სახლში ვარ სწორედ აქ ვმუშაობ. აქ მუდმივად ჩემი საბუთებია მიმოფანტული. ცოცხალი სივრცეა ეს. სამზარეულო ყველაზე მეტად დილის საათებშია დატვირთული. ვარჯიშზე წასვლამდე აუცილებლად ვსაუზმობ.
ვეგეტარიანელი ვარ, არ ვჭამ საერთოდ ხორცს, მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს. ასევე მიყვარს რძის პროდუქტები. ჩემი ოცნებაა, რომ რაღაც ასაკში საკუთარი ბაღი გავაშენო და ჩემი ხელით მოვუარო" - ამბობს წილოსანი გადაცემა "პოსტალიონში" საუბრისას.